• Ƀ/$

იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდა

4 იანვარი 16:47, 2018 წელი | ფინანსები

პირველი იანვრიდან საქართველოში, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში ავტომატურად დაეზღვია. დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონი პარლამენტმა 2017 წლის მარტში დაამტკიცა. 

ცვლილებები შეეხო 4 მილიონზე მეტ დეპოზიტს, რომელთა მოცულობაც ჯამში 1.5 მილიარდ ლარს აჭარბებს.


დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის, ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით მოქალაქეებს არ მოუწევთ დამატებითი ხარჯის გაღება და პროცედურების გავლა. 5000 ლარის ფარგლებში ყველა დეპოზიტი დაზღვეულია და თუ ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა დაუდგა სააგენტო მოქალაქეს 5000 ლარამდე თანხას 20 დღის ვადაში აუნაზღაურებს. მისივე თქმით საქართველოში სულ 4.2 მილიონი ანგარიშია გახსნილი საიდანაც 97%-ზე მეტს ცვლილებები შეეხება.


კომერციულმა ბანკებმა პირველადი ვალდებულება შეასრულეს და თითოეულმა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში 100 ათასი ლარი უკვე გადარიცხა. სააგენტომ კი სახაზინო ობლიგაციებში 1.5 მილიონი ლარის ინვესტირება მოახდინა.


ამ დროისათვის სადაზღვეო ლიმიტი 5000 ლარია, რომელიც შეიძლება გაიზარდოს.


სხვა სიახლეები