• Ƀ/$

კრიპტობაზარი ქალი ინვესტორების გარეშე განწირულია?

6 იანვარი 23:16, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

ბიტკოინის ირგვლივ პირველად არ ისმის ნეგატიური პროგნოზები. რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციამ და ავტორიტეტულმა ინვესტორმა თითქმის ერთდროულად უწოდეს ბიტკოინს საპნის ბუშტი და მისი კრახი იწინასწარმეტყველეს.

კრიპტოვალუტის მომავლის თემას BBC ანალიტიკურ სტატიას უძღვნის.


მაშ ასე, 3 იანვარს კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა 700 მილიარდი დოლარის ზღვარს. ეს უფრო მეტია, ვიდრე Microsoft–ის, Google–ის ან Amazon–ის კაპიტალიზაცია. ამ შემთხვევაში ციფრულის ფულის ნებისმიერი ვარდნა უმწვავესად შეიგრძნობა.


პესიმიზმისთვის მიზეზები სხვადასხვაა: კრიპტოვალუტების ბაზრის არასაკმარისი რეგულირებიდან დაწყებული – ბოლო რამდენიმე თვეში მათი მკვეთრი გაძვირებით დამთავრებული.


მანალითად, ბიტკოინის ღირებულება გასულ წელს 1000%–ით გაიზარდა. ბევრი ექსპერტი ასეთი მყისიერი ზრდის მიღმა სპეკულაციის რისკებს კითხულობს.



ამის მიუხედავად, დიდი განსჯის საგანი ხდება საკითხები, რომლებიც პირდაპირ კავშირში საერთოდ არ არიან ეკონომიკურ თეორიასთან.


კაცების კლუბი


რამდენიმე გამოკითხვით დადასტურდა მოსაზრება, რომ კრიპტოვალუტების ბაზარზე კაცები ჭარბობენ.


Google–ის ანალიტიკოსების აზრით, ამ სახის ინვესტირებით ქალების მხოლოდ 2,5%–ა დაკავებული.


ამასთან, ზოგიერთი შეფასებით, ბიტკოინმა თავისვ ინვესტორებს $85 მლრდ–ის შემოსავალი მოუტანა, მაგრამ ამ თანხიდან სულ რაღაც $5 მლრდ ერგო ქალ ინვესტორებს.


ზოგიერთი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტების ბაზარზე პირობები გათანაბრებულია, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ გენდერული უთანასწორობა ამ სფეროში, შესაძლოა, განგაშის ნიშნად აღვიქვათ.


ვაჭრობა ტესტოსტერონზე


კვლევების თანახმად, ახალგაზრდა და კაცი–ტრეიდერების ქმედებები ხშირად ქმნიან ეკონომიკურ ბუშტებს – ანუ ციკლს, რომელიც აქტივების ღირებულების მკვეთრი ზრდისგან შედგება და ამ პროცესის მიღმა ასევე მკვეთრი ვარდნის რისკები იმალება.


ამ თეორიას ბიოლოგიური საფუძველი ამყარებს. იღბლიანი გარიგებები ორგანიზმში ტესტოსტერონს უმატებს, რაც, თავის მხრივ, ტრეიდერებს რისკიანი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს. სწორედ ამის ხარჯზე ჩნდება ეკონომიკური ბუშტები.


ამ თეორიის ერთ–ერთი მიმდევარია ჯონ კოუტსი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი, რომელიც მანამდე უოლ–სთრითზე ვაჭრობდა.


მისი აზრით, ამ თეორიას დოტკომების ბუშტი ამტკიცებს, რომელიც გასული საუკუნის 90–იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. მ აშინ საფონდო ბირჟები ინტერნეტ–კომპანიებში ინვესტიციების ბუმს განიცდიდნენ.


„მაშინ Deutsche Bank–ის ტრეიდინგის ოფისს ვხელმძღვანელობდი, როდესაც დოტკომის კრიზისი მოხდა. მე მაშინვე აღვნიშნე, რომ ტრეიდერებს ქცევები შეეცვალათ. ისინი ეიფორიაში ვარდებოდნენ, არაადეკვატურად იქცეოდნენ, ძალიან მაგრად რისკავდნენ. მეტიც, ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მაღალ რისკს შესაძლო მოგება ამართლებს“, – აცხადებდა ცოტახნის წინ Forbes–ისთვის მიცემულ ინტერვიუში კანადელი მეცნიერი.



მისივე დაკვივრვებით, ამავე დროს, ეიფორია, რომელმაც თითქმის ყველა კაცი–ტრეიდერი მოიცვა, თითქმის არ შეხებია მათ ქალ კოლეგებს.


2015 წელს ამერიკის ბირჟებზე ქალთა კონტინგენტი ძალიან შეზღუდული იყო. მაშინ ბირჟებზე დასაქმებული 7700 ადამიანიდან მხოლოდ 9,4% იყო ქალი.


უმცირესობა დირექტორთა საბჭოში


ინდუსტრიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვითარება კიდევ უფრო რთულადაა. S&P 500–ში შემავალი კომპანიების (500 კომპანია – კაპიტალიზაციით არანაკლებ 6,1 მილიონი აშშ დოლარისა) ხელმძღვანელებს შორის მხოლოდ 2,1%–ია ქალი.


„საფინანსო და ტექნოლოგიურ სექტორებში, რომლებშიც კაცები ჭარბობენ, რისკები არასათანადოდ ფასდება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სექტორებში მუშაობას მუდმივად ახლავს რისკები, მნიშნველოვანია, იქ მეტი ქალი დასაქმდეს. ისინი ამ რისკების შემცირებას ხელს შეუწყობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხიმგებლობა მთელ გუნდს ეკისრება. და, როდესაც საკმაოდ განჭვრეტადი შედეგები დადგება, დაიწყებენ ლაპარაკს: „ამას როგორ ვიწინასწარმეტყველებდით?“, – განმარტავს ანჟელა ველკი, კრიპტოვალუტების ექსპერტი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.



რაღაც ამდაგვარი ხდება ახლაც, ბიტკოინზე ატეხილი აჟიოტაჟის დროს, – მიიჩნევენ ექსპერტები. მათ შორისაა დუკან სტიუარტიც საკონსალტინგო კომპანია Deloitte-ის კანადის განყოფილების კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი.


თავის ერთ–ერთ სტატიაში მან აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ამ ინდუსტრიაში გენდერული ბალანსის ასეთი რღვევით.


სტატისტიკა იცვლება?


„ის, რომ ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებში ინვესტორთა 95% კაცია, ჩემთვის განგაშის ზარს ნიშნავს. მე ვერ ვიხსენებ ისტორიიდან ვერცერთ ფასიან ქაღალდს, ვალუტას, ან აქტივის სხვა კლასს, რომლებშიც კაცებსა და ქალებს შორის ასეთი მყარი დისბალანსი იქნებოდა“, – წერს სტიუარტი.


1993–დან 2004 წლამდე ის ერთ–ერთ ტექნოლოგიურ ფონდში მუშაობდა.


აღნიშნულ საფრთხეებს ბიტკოინის მომხრეებიც კი იზიარებენ. სპეციალიზებულ პორტალზე Bitcoin.com გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც გენდერულ დისბალანსს ეხებოდა.


სტატიაში დისბალანსი იმით ახსნეს, რომ ეს დარგი ტრადიციულად კაცებისაა, ხოლო კრიპტოვალუტებით ვაჭრობა „ველურ დასავლეთს“ ჰგავს.


დამატებითი ფაქტორია – პროფესიონალური საზოგადოების მხრიდან ქალების მხარდაჭერის არარსებობა.



მეორე მხრიდან თუ შევხედავთ – უნდათ კი ქალებს, ამ საქმით დაკავდნენ? ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კი.


ჟურნალმა Fortune სტატისტიკა გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ ICO–ზე გასულ რამდენ კომპანიას მართავს ქალი. ეს ის კომპანიებია, რომლებიც ინვესტიციებს ტოკენების სანაცვლობ იზიდავენ, რომლებიც შემდეგ კრიპტობირჟებზე ივაჭრება.


ჟურნალის მონაცემებით, 30 უმსხვილესი კომპანიდან ოთხში თანადამფუძნებელი ქალია. ამასთან, ამ 4 კომპანიიდან 2 დღეს მსოფლიოში უმსხვილესია.


„კრიპტოეკონომიკა სპეციალისტებს სხვადასხვა დარგებიდან საჭიროებს: შემმუშავებლებიდან დაწყებული – კრიპტოგრაფებით დამთავრებული, მეწარმეებს. ტრეიდერებს და ეკონომისტებს. უმნიშვნელოვანესია, ქალების რაოდენობა ყველა დარგში გაიზარდოს, და არა მხოლოდ სამეწარმეო სფეროში. ამის წყალობით კრიპტოეკონომიკის ყველა ასპექტისადმი ახალი ხედვა ჩამოგვიყალიბდება“, – დარწმუნებულია ანჟელა ველკი.


სხვა სიახლეები