• Ƀ/$

„შესვამს“ თუ არა რუსეთი „ენერგონარკოტიკზე“ ევროპას?

10 იანვარი 12:49, 2018 წელი | ანალიტიკა

პოლიტიკური ბრძოლები ბალტიის ზღვის მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) გამო დასასრულს უახლოვდება.

ეს გაზრდის ჩრდილოეთ ევროპის დამოკიდებულებას რუსეთზე, მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპა დიდი ხანია მისგან გათავისუფლებას ცდილობს.


„დიდი თამაში“ მიმდინარეობს ამჟამად ევროპაში. ევროპა, გარკვეულწილად, ჭადრაკის დაფასავითაა, რომელიც, პარალელურად, აქტორის როლსაც ირგებს. ეს კი ორმაგად ართულებს საქმის ვითარებას: სურს და შეუძლია თუ არა ევროპას წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ცდას – მეტად დამოკიდებული გახდეს მასზე ბებერი კონტინენტი?


თამაში, რომელიც საბოლოო ფაზაში შედის, ბუნებრივ აირზე ძალაუფლების მოპოვების ახალ ეტაპამდე მივა: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–თან დაკავშირებით გვახსოვს, როგორ ჩაუყარა საფუძველი 2005 წელს გერმანიის კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა ბალტიის ზღვის პირველი მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“–ს (Nord Stream 1) შექმნას, როგორც თავის საბოლოო ოფიციალურ აქტს, რომლითაც მან პირად ანგარიშებზე სოლიდური თანხებიც მიიზიდა და სარფიანი პოზიციაც დაიკავა. ცნობისთვის გასული წლის სექტემბერში გერჰარდ შრედერი „როსნეფტის“ აქციონერთა რიგგარეშე სხდომაზე, პეტერბურგში, რუსული ნავთობგიგანტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ მორიგი ვადით ერთხმად აირჩიეს.


ნაცვლად იმისა, რომ მილსადენი პოლონეთის გავლით გაეტარებინათ, მათ ბევრად უფრო ძვირ გზას მიმართეს: მილსადენის ბალტიის ზღვის ფსკერზე გაიყვანეს. „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ წლებია გამოყენებაშია, თუმცა ის საპროექტო სიმძლავრით არასოდეს დატვირთულა.


მიუხედავად ამისა, 2018 წელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის აშენებით დაიწყება. აქ კი რუსი ჩინოსნები სიმართლეს ფარდას ხდიან: ბალტიის ზღვის მილსადენის სტრატეგიულ მიზანს მესამე სატრანზიტო ქვეყნის, უკრანის თამაშიდან გაყვანა წარმოადგენს.


დივერსიფიცირების საწინააღმდეგოდ


ამასობაში შვედეთში, დანიასა და ფინეთში შეშფოთება იზრდება - ამ ბოლო კვირებში ყველგან მიმდინარეობს უფლებამოსილებაზე პროცედურები. ბრიუსელშიც ცდილობენ,  ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაში გავლენა და კონტროლი მოიპოვონ ზღვის მილსადენებზე.


ჩრდილოეთის ნაკადის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამგვარად ევროპაში გაზის მოხმარება სტაბილური დარჩება (რაც საკამათოა!) და რომ უფრო მეტი მილსადენი უნდა აშენდეს. ენერგორესურსების „დივერსიფიცირება“ - ასე უწოდებენ ამ მოვლენებს ჩრდილოეთის ნაკადის შემქმნელები.


მაგრამ, ბალტიის ზღვის, შავი ზღვის და თურქეთის გავლით, მილსადენები რუსეთს უკავშირდება. „დივერსიფიცირება“ ჩრდილოეთის ნაკადის მთავარი ტყუილია. ბუნებრივი აირის, ნავთობისა და სხვა საწვავების ყველაზე დიდი მიმწოდებელი რუსეთია როგორც გერმანიისათვის, ისე მთელი ევროპისთვის. ამიტომ ჩრდილოეთის ნაკადი დივერსიფიცირების ფენომენთან წინაამდეგობაში მოდის.


მაგრამ, რატომ უნდა ვიყოთ იმის წინააღმდეგი, რომ გერმანიამ და ევროპამ მეტი გაზი მიიღოს რუსეთისგან და ამით რუს სუვერენებზე დამოკიდებული გახდეს? ორი მიზეზის გამო: 1) ევროპის ინტერესები; 2) რუსეთის ინტერესები.


უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ მეორე მიზეზი: გაზისა და ნავთობის ექსპორტი რუსეთის სახელმწიფო შემოსავლების ნახევარს შეადგენს. 2009 წელს, დიმიტრი მედვედევმა, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა და ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა: „გაზითა და ნავთობით ვაჭრობა ჩვენი ნარკოტიკია. ამის მეშვეობით, კარგად გადაიჭრება მნიშვნელოვანი პრობლემები იმგვარად, რომ საჭირო არ გახდება ეკონომიკის რეფორმები“.


ჩრდილოეთის ნაკადი ყველაზე დიდი „ნარკოდილერი“ იქნება. ამის გამო კი, რუსი „მამები“ სწორედ იმას გააკეთებენ, რაც მათ ასე ძალიან უყვართ: გამდიდრდებიან, რეფორმებს უკანა პლანზე გადაწევენ და განამტკიცებენ პოლიციასა და სამხედრო აპარატს.


რაც შეეხება პირველ მიზეზს: ევროპული ინტერესები ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ენერგორესურსები - ისევე როგორც ავტობანები, სატრანსპორტო საშუალებები და საინფორმაციო კაბელები - შეიძლება აგრესიული მიზნებისათვის გამოიყენონ. საბჭოთა თუ პოსტ-საბჭოთა მოსკოვი კი ამგვარი არასწორი გამოყენების ჩემპიონია. 1948-49 წლებში, დასავლეთ ბერლინისთვის ბლოკადის მოწყობა ამის პირველი მაგალითია; 2006 წელს კი ლიტვისათვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტა, რომელიც არ გახმაურებულა, ყველაზე ახალი მაგალითია. ამავე პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე გაურკვეველი მიზეზით მოხდა გაზსადენის აფეთქება, რომლითაც საქართველო მარაგდებოდა რუსეთისგან. თბილისისთვის უჩვეულოდ ცივ თებერვალში დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მოსახლეობა ბნელ 90–იანებში დაბრუნდა. მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრმა საგანგებო მივლინებები მოაწყო აზერბაიჯანსა და ირანში და ენერგოწყაროების რეალური დივერსიფიცირება განახორციელა. მას შემდეგ რუსულ გაზზე საქართველოს დამოკიდებულება მიზერულია, ხოლო 2018 წელს თბილისი საერთოდ არ შეიძენს რუსულ გაზს.


ამასობაში, ჩრდილოეთის ნაკადზე გეგმებიც მომწიფდა. არავის სურს დაჯერება, რომ რუსეთი ბოლო წლებში დიალოგური და მშვიდობიანი გახდა. გერმანია  დამოკიდებული გახდა რუსულ გაზსაცავებზე. როცა რუსეთი და ენერგორესურსებზე დამოკიდებულება უსაფრთხოების რისკებს შეიცავს, მოცემული ვითარებაც სარისკო ხდება.


უკრაინა მთლიანად გამოეთიშა რუსეთიდან გაზის მიწოდებას; პოლონეთი და ბალტიის ზღვის ქვეყნებიც დგამენ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. და რატომ უნდა იყოს ჩრდილოეთ ევროპა დამოკიდებული რუსეთზე, რომლის თავიდან არიდებასაც ცდილობენ აღმოსავლეთ ევროპელები?


„ჩინებული მებრძოლი“


ნოემბერში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა მალე მზად იქნება, გარდაქმნას და ჩაანაცვლოს საომარი პროდუქცია. ეს შესაძლოა საარჩევნო კამპანიის ტრაბახად მივიჩნიოთ (მიუხედავად იმისა, რომ წინა საარჩევნო კამპანიებმა მსგავსი გამონათქვამების გარეშე ჩაიარა).


რუსმა ექსპერტმა, სერგეი კარაგანოვმა საინტერესოდ შენიშნა: „რუსები სუსტი კომერსანტები არიან და სწორედ ამიტომ არიან ისინი „ჩინებული მებრძოლები“.


ისეთ საეჭვო ვითარებაში, როგორიც ახლაა, მილსადენების შენება - უფრო მეტად, ვიდრე უწინ - კარგად უნდა გაანალიზდეს. კომერციულმა ინტერესებმა არ შეიძლება განსაზღვრონ ენერგოპოლიტიკა. გერმანიისთვის და ევროპისთვის უკეთესი იქნება, თუკი ჩრდილოეთის მეორე ნაკადს ევროკავშირის სამართლებრივ საზღვრებში მოაქცევენ ან შეაჩერებენ მის მშენებლობას.


ავტორი: მარიამ ხაზარაძე, M2B-ს მიმომხილველი.


სხვა სიახლეები