სოფლის მეურნეობა
ხორბლის მოსავლიანობა
ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს - თენგიზ ნასარიძე

საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.შეხვედრაზე მხარეებმა ხორბლის და ფქვილის იმპორტზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. USDA-ის სოფლის მეურნეობის ატაშეს განცხადებით, აშშ ყველა მიმართულებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.„ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საქართველოს განვითარებისკენ არის მიმართული. ამერიკა მუდმივად იყო და იქნება საქართველოს პარტნიორი და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველო უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს“, -აღნიშნა რიშან ჩაუდრიმ.სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას USDA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

1713864710

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.

1712222698

მწიფდება და გაძლევს შემოსავალს იმ სეზონზე, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს - ფერმერი

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივ ფერმერს, ტარიელ გურგენიძეს 1 400 ჰექტარზე მოცხარი აქვს გაშენებული, რომლის რეალიზაციას ის როგორც ნაყოფის, ასევე ნერგების სახით ახდენს.„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ჰავისთვის დამახასიათებელი კულტურები, ანუ ციტრუსის გარდა, ყველაფერი მომყავს. ესენია, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურები. კენკროვანებში შედის მოცხარი, როგორც წითელი, ასევე შავი, ხურტკმელი, იოშტა, შავი ველური მოცვი.ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლურჯი მოცვი, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით და სარგებლით გაცილებით უკეთესია შავი მოცვი“, - აცხადებს ფერმერი. მისი თქმით, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მოცხარზე და ერთი ნერგიც კი არ რჩება გასაყიდი.„დღესდღეობით მოცხარი 1 400 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული. საკმაოდ რთულია მისი მოკრეფა და ეს ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მის მოსაყვანად, თუმცა რეალიზაცია უმარტივესია, რადგან მოთხოვნა დიდია და არასოდეს გაუყიდველი არ რჩება. ამასთან, მას ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს - იგი მწიფდება და გაძლევს შემოსავალს მაშინ, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.როგორც ფერმერი ამბობს, მოცხარის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 4 ლარია კილოგრამზე, მაგრამ სეზონის მიწურულს, როდესაც ის კლებულობს, 7-8 ლარიც ხდება. წლიური მოსავალი კი დაახლოებით 3-4 ტონას შეადგენს.„რაც შეეხება ნერგებს, მოთხოვნა აქაც გაზრდილია. თუ აქამდე 200-300 ძირი მოცხარის ნერგი იყიდებოდა, ბოლო ორი წელია, ეს რიცხვი 1000-მდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, რაც ძალიან კარგ, - აცხადებს ფერმერი.ტარიელ გურგენიძემ ბიზნეს-იდეაც გაამხილა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესს დაინტერესებს: „კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება ამ ხილის ე.წ. შოკური გაყინვის მეთოდი, რაც ზამთარში მაღაზიებში გაყინული ხილის შეძენას გულისხმობს. ძალიან დიდი ფუფუნებაა, გაყინულ მდგომარეობაში ჩვენივე წარმოებული პროდუქტი ვიყიდოთ და არა იმპორტირებული“, - ამბობს ის.ფერმერმა ბოლო პერიოდში პოპულარულ კენკრაზე, გოჯი ბერიზე, ე.წ. მგლის კენკრის შესახებაც ისაუბრა:„გოჯი ბერის რამდენიმე ნერგი შემოვიტანე საცდელად. რადგან ახალი კულტურაა, შევხედავ, როგორ იხარებს და შემდეგ გავამრავლებ. ზამთარს გაუძლო, მაგრამ მსხმოიარობა ჯერ არ დაუწყია და ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. რადგან ზამთარს გაუძლო, მგონია, რომ გაამართლებს“, - განაცხადა ტარიელ გურგენიძემ.


სხვა სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სოფელ ჩხორიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ფერმერ გიორგი გაბუნიას თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებიც თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იღებენ სახელმწიფოსგან მიზნობრივ დახმარებას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა მიმდინარე წელსაც მაქსიმალური იქნება; ფერმერებს 50-მდე აგრონომი თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით გაუწევს საჭირო კონსულტაციებს, პროცესში ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციაც.„დღეს ფერმერმა ის რეალობა უნდა გაითვალისწინოს, რაც კლიმატის ცვლილებით შეიქმნა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაღების სწორად მოვლა. ცალკე გამოწვევაა აზიური ფაროსანა. ამ მიმართულებითაც საქართველოს მთავრობა წელსაც მაქსიმალურს გააკეთებს. ინდუსტრიულ ბაღში 2,5-3 ტონაა მოსავლიანობა; მცირე ფერმერებსაც შეუძლიათ, გააორმაგონ მოსავალი, რაც გაცილებით მეტ შემოსავალს მისცემს თითოეულ ოჯახს და საბოლოო ჯამში ქვეყანას. მცირე მეწარმეების მიერ მოსავლიანობის გაზრდის შემთხვევაში, თხილის ექსპორტიორებში მესამე ადგილს დავიკავებთ. სწორი მოვლით ამის მიღწევა შეგვიძლია, სახელმწიფო პროგრამაც სწორად ამას უწყობს ხელს. მთავარია, რომ ყველამ ერთად, უკეთესი შედეგის მისაღწევად, ძალები გავაერთიანოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე ფერმერებმა სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ დახმარებაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ არსებული პროგრამებით ბაღების მოვლის ხარჯები 60-70 პროცენტით შეუმცირდათ. ფერმერებმა ასევე ისაუბრეს თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით სამინისტროს მხრიდან ცოდნის ამაღლებისთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც.„თანამიმდევრული და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები საშუალებას აძლევს ჩვენს ფერმერებს, რომ ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარს მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქცია შესთავაზონ, რაშიც სამინისტრო მაქსიმალურად არის ჩართული. გარდა იმ მხარდაჭერისა, რაც მოიცავს ბრძოლას მავნებლებთან და სუბსიდირებას, ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამები, რაც აუცილებელია ბაღის სწორად მოვლისათვის“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება.პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. დარიცხულია 15 მლნ ლარზე მეტის ეკვივალენტი აგროქულა.

საზოგადოება 1713942382

წყნეთის გზატკეცილი
მერია წყნეთის გზატკეცილის გაფართოებას გეგმავს

მერია წყნეთის გზატკეცილის გაფართოებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ტენდერი უკვე გამოცხადდა.კერძოდ, მერიამ ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის დასაწყისიდან (ვაკის სასაფლაოს შესასვლელიდან) წყნეთის გზატკეცილი N6-მდე გზის გაფართოების და რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 19 აპრილს გამოაცხადა.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 723 633 ლარს შეადგენს.

საზოგადოება 1713942057

კაფე-ბარი
რამდენი რესტორანი და კაფე-ბარი გაიხსნა/დაიხურა საქართველოში

2024 წლის 3 თვეში საქართველოში 31 ახალი რესტორანი და კაფე-ბარი გაიხსნა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსისთვის“ საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.მონაცემების თანახმად, ყველაზე ბევრი რესტორანი და კაფე-ბარი თბილისში გაიხსნა და მათი რაოდენობა 8-ს შეადგენს, დედაქალაქს მოსდევს აჭარა 6 ახალი ობიექტით, იმერეთი (7), ქვემო ქართლი (5), კახეთი (2), ხოლო შიდა ქართლში, გურიასა და სამეგრელო ზემო-სვანეთში თითო-თითო ახალი რესტორანი/კაფე-ბარი გაიხსნა.აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოში 24 რესტორანი და კაფე-ბარი დაიხურა. მათგან 10 აჭარაში, 4-4 თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში, ხოლო კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში 2-2. რაც შეეხება გასულ წელს, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით 992 რესტორანი და კაფე-ბარი გაიხსნა, 67 კი დაიხურა. ახალი ობიექტების უდიდესი ნაწილი - 372 დედაქალაქში მდებარეობდა, 299 აჭარაში, 89 იმერეთში, 48 ქვემო ქართლში, 40 კახეთში, 39 სამცხე-ჯავახეთში, 28 სამეგრელო-ზემო სვანეთში და ასევე, შიდა ქართლში, 19 მცხეთა-მთიანეთში, 17 გურიაში, ხოლო ყველაზე ცოტა - 13 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.ამასთანავე, დახურული ობიექტებიდან გასულ წელს 25 თბილისში მდებარეობდა, აჭარაში 14, ქვემო ქართლში 8, შიდა ქართლში 5, სამცხე-ჯავახეთსა და იმერეთში 4-4, გურიაში 3, კახეთში 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში თითო-თითო.

საზოგადოება 1713941904

ვახტანგ ბეჟიტაშვილი
ქართული ბოსტნეულის საექსპორტო წილის 90% რუსეთში გადის - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

„ვფიქრობ, რომ წელს ხილ-ბოსტნეულის მოსავლის 15-20%-იანი ზრდა უნდა იყოს“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავარ ექსპორტიორ ქვეყნად რუსეთი რჩება და ქართული ხილ-ბოსტნეულის საექსპორტო წილის 90%-ი რუსეთის ბაზარზე მოდის. „კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შარშან შედარებით უმოსავლო წელიწადი იყო, რაც ბოსტნეულის ფასებზე და მოსავლის მოცულობაზე აისახა. ჯერ წვიმები იყო, მერე გვალვა, სეტყვა და ა.შ. ამან ჩვენი პროდუქციის დაზიანება გამოიწვია და ხარისხობრივად და რაოდენობრივად ვერ მიეწოდა საკმარისი პროდუქცია ვერც შიდა ბაზარს და საექსპორტო მოცულობებიც შეზღუდული იყო. რაც შეეხება წლევანდელ წელიწადს, მოლოდინები კარგია, რადგან ჯერჯერობით ამინდი კარგია, საგაზაფხულო ყინვები არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ წელს მოსავლიანობის გარკვეული ზრდა იქნება. ფასები შარშან მაღალი იყო და როცა ფერმერები უყურებენ, რომ ფასი არის მაღალი, მეტი მოსავლის მოყვანის სტიმული უჩნდებათ და ვფიქრობ, რომ 15-20%-იან ზრდა უნდა იყოს“, - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.რაც შეეხება საექსპორტო გეგმებს, „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ბაზარს, შედარებით რთული სპეციფიკა აქვთ, რუსული ბაზარი უფრო „ელასტიურია“, ვიდრე ევროკავშირის და ბოსტნეულის პატარა მოცულობებსაც ითვისებს.„პრობლემა არის პროდუქციის ხარისხი და ფასი. დანარჩენი - ბაზრებთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ არის. სერტიფიცირებას რაც შეეხება, ჩვენი ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატით შესაძლებელია ბოსტნეულის ევროპის ქვეყნებში გატანა. ამის პრაქტიკა გვაქვს, არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ თვითონ პროდუქციის რაოდენობა, მოცულობა უნდა იყოს შესაბამისი, ხარისხი და ფასი. ეს 3 კომპონენტია ხელის შემშლელი. თუ არ არის პროდუქციის რაოდენობა, შესაბამისად ვერც გაუკეთებ კონტრაქტს, ვერც გაუკეთებ კონსოლიდაციას. ბოსტნეულის მცირე რაოდენობები რაც არის, უფრო რუსეთისკენ გადის. იმიტომ, რომ ეს ბაზარი უფრო „ელასტიურია“ და შედარებით პატარა მოცულობებსაც ითვისებს. თან არც ხარისხზე და ფასზე მაინც და მაინც პრეტენზია არ აქვთ. რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, შედარებით რთული სპეციფიკა აქვთ. მათ მეტი სტაბილურობა, მეტი რაოდენობა და მაღალი ხარისხი სჭირდებათ შესაბამის სტაბილურ ფასად და ჩვენთან ეს სტაბილური ფასი არ არის. ჯერ თავიდან ფასი ძალიან მაღალია, მერე ჩამოვარდება ხოლმე და ეს რყევები ევროპული ბაზრისთვის მიუღებელი. რუსული ბაზრისთვის პირიქით - შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში 3-4-ჯერ შეიცვალოს ერთი და იგივე პროდუქციაზე ფასი. ამიტომ, ქართული ბოსტნეულის მთავარი ექსპორტიორი რუსეთია. ჩვენი საექსპორტო წილის 90%-ი რუსეთის ბაზარზე მოდის,“ - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი. 

ეკონომიკა 1713941382

დოლარი
როდის ითვლება კრედიტი ხანდაზმულად და რა უნდა გაითვალისწინოს მსესხებელმა?

როგორია სამართლებრივი გზა, როდესაც გაქვთ სესხი და მის გადახდას ვეღარ ახერხებთ? - ამ თემაზე რადიო „პალიტრას“ გადაცმაში „თქვენი დრო“ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატმა და სამართლის დოქტორანტმა, გიორგი ქათამაძემ ისაუბრა.მისი თქმით, სამართალწარმოება საკრედიტო დავალიანებასთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში მსესხებლების შესაძლებლობებიდან გამომდინარეა გამოწვეული.გიორგი ქათამაძე: „სესხის ხანდაზმულობასთან შესახებ უნდა ვიცოდეთ ის, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას აქვს ხანდაზმულობის ვადა, საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არსებობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სესხის ხანდაზმულობის ვადა არ დგება თავისით და ის სასამართლომ უნდა აღიაროს.სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკში ზედმიწევნით უნდა იყოს გაწერილი, რომელ თვეში რა თანხა უნდა იყოს გადახდილი და ამ თანხიდან რომელი მიდის პროცენტზე, ძირზე და ა.შ“.რაც შეეხება ვადაგადაცილების მოთხოვნის წარმოშობას, გიორგი ქათამაძემ შემდეგ წესზე ისაუბრა:„როდესაც გრაფიკში მითითებულ თანხას კონკრეტულ თარიღში ზედიზედ ორჯერ ვერ გადაიხდით, ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობები დაირღვა, შესაბამისად ამ დროს კრედიტორი მიმართავს მიკროსაფინანსო ან საბანკო დაწესებულებას და მიმართავს მსესხებელს გაფრთხილების წერილით, რომლის მიხედვითაც ორკვირიან ვადაში ის მიმდინარე გრაფიკს უნდა დაეწიოს, ამ შემთხვევაში რჩებით სახელშეკრულებო ჭრილში. მაგრამ თუ მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, ამ ორი თვისა და ორი კვირის გასვლის შემდეგ ხდება მოთხოვნა და სწორედ ამ მომენტიდან უნდა იყოს გასული 3 წელი, რათა სესხი ხანდაზმულად ჩაითვალოს“.ქათამაძის თქმით, როდესაც სესხი ხანდაზმულად იქნება მიჩნეული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვალდებულება აღარ გექნებათ, ეს ნიშნავს, რომ იძულების გზით ვერ მოხდება სესხის გადახდა, თუ თავად კეთილ ნებას არ გამოავლენთ.ადვოკატმა უცხო კომპანიების მხრიდან მსესხებლებისთვის ხანდაზმული სესხის მოთხოვნაზეც ისაუბრა.„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შემდეგ ფაქტთან: როდესაც ბანკი თვლის, რომ მაღალი რისკია იმისა, რომ კრედიტი ვერ იქნება უკან დაბრუნებული, ამ დროს ის მოთხოვნის უფლებას ყიდის. არსებობს კომპანიები, რომლებიც პრობლემური აქტივების მართვას ახდენენ და ხშირია, როდესაც ხანდაზმულ სესხებზე მათ მომხმარებლებთან კომუნიკაცია აქვთ და მათ ამისი სრულებით სამართლებრივი უფლება აქვთ“ - განაცხადა გიორგი ქათამაძემ.  

საზოგადოება 1713941138

ანტარქტიდის ვულკანი
ანტარქტიდის ვულკანი დღეში 6 ათასი დოლარის ოქროს აფრქვევს

პლანეტის სამხრეთპოლარულ კონტინენტ ანტარქტიდის ერთ-ერთი აქტიური ვულკანი, რომლის სიმაღლეც 12,448 ფუტს აღწევს, ატმოსფეროში ყოველდღე 6 ათასი დოლარის ოქროს აფრქვევს. ინფორმაციას The New York Post ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ერებუსის მთა, დესეპშნის კუნძულთან ერთად, ანტარქტიდის 138 აქტიური ვულკანიდან ერთადერთია, რომელიც ყოველდღიურად ატმოსფეროში 80 გრამ კრისტალიზებულ ოქროს შემცველ გაზს გამოყოფს.ძვირად ღირებული მტვრის არსებობა ლავის ამოფრქვევიდან 621 მილის დაშორებით დაფიქსირდა.ცნობისთვის: ერებუსი, სულ მცირე, 1972 წლიდან უწყვეტად იფრქვევა. ის, ასევე, ცნობილია იმით, რომ მის ერთ-ერთ მწვერვალ კრატერში ”ლავის ტბაა,” რომელიც ზედაპირზე გამდნარი მასალისგან წარმოიქმნება. მეცნიერების შეფასებით, ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან მეტად სპეციფიკური პირობები არის საჭირო იმისთვის, რომ ზედაპირი არასდროს გაიყინოს.

სხვადასხვა 1713941029