• Ƀ/$

Salman - ახალი და წარმატებული ქართული ბრენდი ბაზარზე

18 იანვარი 15:03, 2018 წელი | ინტერვიუ

რამდენიმე დღეა, რაც ქართულ ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი – Salman გამოჩნდა. ხმამაღალი ნათქვამი ნამდვილად არ იქნება, რომ ფერადი, კომფორტული და გამორჩეული ფეხსაცმლის შესახებ უკვე ყველამ იცის.

სალომე გოგიაშვილისა და მანო გაბურის მეგობრობა ერთობლივი ბიზნესის წარმოებით გაგრძელდა და რთული მისახვედრი არავისთვის იქნება, რომ ბრენდის სახელწოდებაც მათი სახელების კომბინაციაა. ორი ბიზნესლედი M2B-სთან საქმიანობის საწყის ეტაპსა და სამომავლო გეგმებზე გვიყვება.


სალომე: მოდელი, რომელსაც დღეს Salman-ი აწარმოებს, დაახლოებით 6 წლის წინ ჩემთვის შევიკერე და მილანში ერთ-ერთი მოგზაურობის დროს წავიღე, რომ სიარულის დროს კომფორტულად მეგრძნო თავი. მაღაზიებიდან გამოდიოდნენ და ამ მოდელის შესახებ მეკითხებოდნენ. ყველას ვუხსნიდი, რომ უბრალოდ მოდელი მოვიფიქრე. ფეხსაცმლის წარმოების იდეაც ამ გამოხმაურებას მოჰყვა, რაც სხვადასხვა მიზეზების გამო 6 წლის შემდეგ განვახორციელე. გარდა იმისა, რომ ამ საქმინობას ძალისხმევა სჭირდება, სწორად შერჩეული პარტნიორიც დიდ როლს თამაშობს. მანოს ძალიან კარგი გემოვნება აქვს და შრომისმოყვარეა. ზუსტად ასეთი ადამიანი მჭირდებოდა საქმეში გვერდით.


მანო: რაღაც პერიოდი საქართველოში არ ვცხოვრობდი და როცა დავბრუნდი მივხვდი, რომ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. ვფიქრობდი და ვცდილობდი, თუმცა არაფერი გამომდიოდა. სალომესგან შემოთავაზება მივიღე თუ არა, მაშინვე დავთანხმდი, რადგან ეს ის საქმეა, რომლის გარდაც სხვა არაფერზე მიფიქრია და ზუსტად ვიცოდი, რომ სალომესთან ერთად ყველაფერი გამოვიდოდა.


- რა კრიტერიუმების გათვალისწინებით დაიწყეთ ბიზნეს-საქმიანობა?


სალომე: გვქონდა საშუალება, რომ უცხოეთში წავსულიყავით, შემოგვეტანა ფეხსაცმელი და ბრენდული მაღაზია გაგვეხსნა, თუმცა გვინდოდა ქართული, განსხვავებული პროდუქტი შეგვექმნა. საქმიანობის წამოწყებისთანავე გავარკვიეთ, რომ საღებავიც კი შეიცავს ქიმიკატებს, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნეა. ამიტომ, კურდღლის ბეწვი, რომლისგანაც Salman დამზადდა, ეკოლოგიურად სუფთა საღებავითაა შეღებილი, რომელიც უცხოეთიდან შემოვიტანეთ სხვა მასალებთან ერთად, რადგან ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხარისხიანი მასალა, რომელიც გვჭირდებოდა, ტყავის გარდა ვერ ვიშოვეთ.


მანო: რუსთავის საწარმო ,,ფილი მასკა“ მაღალი ხარისხის ქართულ ტყავს აწარმოებს და მათთან ვთანამშრომლობთ. პირველი ხარისხის ნუბუკს ვიყენებთ. გამომდინარე იქიდან, რომ Salman ნატურალური პროდუქციისგანაა დამზადებული, ქიმწმენდაში უპრობლემოდ იწმინდება. შეიძლება ითქვას, რომ ხელოსნებს თავზე ვადგავართ და ყოველ წამს ვინტერსდებით, რა ეტაპზეა ჩვენი პროდუქტის სამზადისი. ხარისხზე მაქსიმალურად ვართ ორიენტირებულები.


- Salman  რამდენიმე დღეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე დიდი მოწონებაც დაიმსახურა.


სალომე: რამდენიმე დღეა, რაც ბაზარზე შემოვედით და პირველივე დღიდან გვყავს მომხმარებელი. Salman- ის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოჩნდა თუ არა, ერთი ამბავი ატყდა! უამრავი ადამიანი გვწერდა. 1200 შეტყობინებას, რომელიც წამებში გაჩნდა, ფიზიკურად ვერ ვუპასუხებდით. ამიტომ Facebook-ზე live ჩავრთეთ და ამ რეჟიმში ვპასუხობდით ყველას. ძირითადად აინტერესებდათ ფასი და მასალა - თუ რისგან არის დამზადებული Salman-ი. სელებრითები ასეთ სიახლეებზე გამოხმაურებებისგან ძირითადად თავს იკავებენ ხოლმე. არც მე ვარ გამონაკლისი. ცნობილმა სახეებმა Salman-როგორც ბრენდი თავის ინიციატივით გააზიარეს საკუთარ Facebook გვერდზე, მოგვილოცეს და წარმატება გვისურვეს. უმრავლესობამ უკვე შეიძინა კიდეც. ქართველი მომხმარებელი იმდენად ყველაფრის მცოდნე და კრიტიკულია, რთულია ისე ასიამოვნო, რომ მეორე წყვილი ფეხსაცმელი შეიძინოს. თვალით მაინც იტალიურ ფეხსაცმელს ეძებენ და ასეთი ადამიანი ქართული წარმოების მეორე წყვილ ფეხსაცმელს რომ შეიძენს, მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია.


მანო: სურვილი გვქონდა, რომ ცნობილი სახეებისთვის Salman -ის ფეხსაცმელები გვეჩუქებინა, თუმცა ყველამ უარი თქვა - ახლა იწყებთ სქმიანობას და გვინდა, რომ შევიძინოთო. მათგან ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი სტიმულია.


- Salman-ის ფასი 350 ლარს შეადგენს. საწყისი ეტაპისთვის რა რაოდენობით გამოუშვით?


სალომე: არ გვინდა Salman იყოს ფეხსაცმელი, რომელიც ყველას აცვია. მინდა ეს მომხმარებელმა სწორად გაიგოს. საკმაოდ ძვირადღირებული მასალისგან მზადდება და ამიტომაც ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება. საწყისი ეტაპისტვის 100 წყვილი შევკერეთ და შეიძლება მომხმარებელთა თხოვნით შემოდგომაზე კიდევ გავიმეოროთ.


მანო: სოციალურ ქსელში იმასაც გვწერენ, ქართულ პროდუქტს აწარმოებთ და ისეთ ფასს ადებთ, ქართველი მომხმარებელი ვერ ყიდულობსო.


- მეორე ხაზის წარმოებასაც ხომ არ გეგმავთ, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება?


მანო: კი, ასეა. მეორე ხაზის წარმოებასაც ვგეგმავთ, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა ნაკლებ ხარისხიანიც იქნება.


სალომე: გარდა ამისა Salman -თან დაკავშირებით სხვა უამრავი გეგმა გვაქვს. გაზაფხულზე სამოსის წარმოების წამოწყებასაც ვგეგმავთ.


- Salman მხოლოდ საქართველოში გაიყიდება?


სალომე: იტალიაში მცხოვრები ქართველი გამოჩნდა, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის ბაიერია და გამოფენაზე დაგვპატიჟა. საწყის ეტაპზე გეგმაში მქონდა, რომ Salman იტალიაში გამეყიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმიანობა მანოსთან ერთად წამოვიწყე, გადავწყვიტე საქართველოში გაგვეყიდა და შემდეგ გავსულიყავით იტალიაში.


- Salman ახალი ქართული ბრენდია. საწყისი ეტაპისთვის როგორია თქვენი, როგორც მწარმოებლის შეფასება?


სალომე: ჩვენი ნაწარმი იმდენად გვიყვარს, ვინმესგან აუგის თქმას ვერ ავიტანთ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ Salman -მა თავის სათქმელი რამდენიმე დღეში თქვა.


მანო: ძალიან გვიხარია, რომ ქართულ ბაზარზე ხმაურით შემოვედით!


- საქართველოში ბიზნესის წარმოება რა სირთულეებთანაა დაკავშირებული?


სალომე: ბიზნესის კეთებას უამრავი სირთულე ახლავს თან. საუკეთესო მასალა გვჭირდებოდა, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, ფაქტობრივად ვერ მოვიძიეთ საქართველოში.


მანო: სადაც კი მასალის შეძენა შეიძლებოდა, ყველა კარი შეღებული გვაქვს.


ინტერვიუერი: სოფიო ბოჭორიძე.  


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია.


სხვა სიახლეები