• Ƀ/$

ნავთობის გაძვირება, სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკის გამოცოცხლებაზე მუშაობს

20 იანვარი 12:44, 2018 წელი | ანალიტიკა

ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდას, რომელმაც გასულ კვირაში სამწლიანი რეკორდი დაამყარა ბარელზე $70–ით, სინათლის სხივი შეაქვს რუსეთის ერთდროს შავბნელ პერსპექტივაში.

ამ თემაზე ანალიტიკურ სტატიას გაზეთი The New York Times აქვეყნებს.


Goldman Sachs 2018 წელს რუსეთის ეკონომიკის 3,3%–იან ზრდას ვარაუდობს, სამომხმარებლო ხარჯები იზრდება, ინფლაცია 2%–მდე დაეცა – წერს ჟურნალისტი ენდრიუ კრამერი.


რათქმაუნდა, ვერავინ იწინასწარმეტყველებს ნავთობის ბუმის პერიოდის დაბრუნებას, ხოლო ევროკავშირის, აშშ–ისა და სხვა ქვეყნების სანქციები სერიოზულ წინაღობად იქცა რუსეთის უმნიშვნელოვაგნესი სახელმწიფო კომპანიებისთვის. მიუხედავად ამისა, თუ ნავთობის ფასის ზრდა, რასაც წლის პირველ კვირებში აქვს ადგილი, შენარჩუნდება, ეს რუსეთისთვის ეკონომიკური ლანდშაფტის შეცვლას გამოიწვევს და სანქციების ნეგატიურ ეფექტს გადაწონის, – წერს ავტორი.


ჟურნალისტი მკითხველს შეახსენებს, რომ აშშ–ის ფინანსთა სამინისტრომ 29 იანვარს უნდა გამოაქვეყნოს სია, რომელში შემავალ პირებსაც ახალი სანქციები შეეხება. ოთხშაბათს ოთხმა რესპუბლიკელმა სენატორმა ამ სიის გაფართოება და მასში ალიშერ უსმანოვისა და იური ჩაიკას შეყვანაც მოითხოვა.


რუსეთის პრეზიდენტთან არსებული რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის წარმომადგენელმა ალექსანდრე აბრამოვმა The New York Times–თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სანქციების გამო „რუსული კომპანიების უმეტესობას ვეღარ მიუწვდება ხელი იაფ კრედიტებზე. მაგრამ ეს საშუალოვადიანი პრობლემაა. მოკლევადიან პერსპექტივაში ნავთობის გაძვირება ზრდის ფაქტორად გვევლინება“.


The New York Times იმაზეც მიუთითებს, რომ გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა იზრდებოდა, მიუხედავად ოპეკის წევრებთან შეთანხმებისა, რომელიც ნავთობმოპოვების შემცირებას გულისხმობდა. „ეს შეთანხმება ძალაში რჩება, მაგრამ მსოფლიო ფასების ზრდა მისი გაუქმების წინაპირობას ქმნის, რაც კიდევ უფრო წაადგება რუსეთის ეკონომიკას“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.


კრამერის თქმით, „ნავთობზე დაბალი ფასები, ისტორიულად, რუსეთის ბაზარზე ლიბერალური პოლიტიკის თანმდევია. ამავე დროს, მაღალი ფასები იმ პერიოდებში ფიქსირდება, როდესაც რუსეთში პოლიტიკური რეპრესიებია და ქვეყანა გაავებულ საგარეო პოლიტიკას ატარებს“. ამის მაგალითად ავტორი რუსეთის ავღანეთში შეჭრასს, 2008 წელს საქართველოსთან ომს და 2014 წლიდან უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას ასახელებს.


სხვა სიახლეები