• Ƀ/$

ტრამპის 1 წელი, რა შეიცვალა აშშ-სა და მსოფლიოში?

20 იანვარი 15:28, 2018 წელი | ანალიტიკა

20 იანვარს 1 წელი შესრულდა, რაც, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში.

როცა ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა თავისი კანდიდატურა წამოაყენა, ცოტას თუ სჯეროდა მისი პრაიმერში გამარჯვების. ამის შემდეგაც, ვიდრე არჩევნების შედეგები გახდებოდა ცნობილი, პოლიტიკოსების, ექპერტებისა თუ უბრალო ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ პირველად შეერთებული შტატების ისტორიაში პრეზიდენტი ქალი გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. 2016 წლი 8 ნოემბერს დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. კონსერვატული შეხედულებების მქონე და პოლიტიკაში გამოუცდელმა ბიზნესმენმა, ადამიანმა, რომელსაც თითქმის მთელი მედია – ტელევიზიები, პრესა, ინტერნეტ გამოცემები და უფლებადამცველებიც უპირისპირდებოდნენ.



„Make America Great Again” – Google-ს საძიებო სისტემა ამ ფრაზის ჩაწერისას 639 მილიონ შედეგს ეძებს.  „გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული“ – ეს ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო სლოგანი იყო, რომელმაც იმუშავა. ობამას მმართველობის დროს აშშ-ში ეკონომიკური ზრდის ტემპი და ქვეყნის პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. საჭირო იყო ცვლილებები.


წინასაარჩევნო დაპირებები უხვად გაიცა. მათი შესრულება ნელ-ნელა იწყება. მოსაზრება, რომ თითქოს ტრამპს პოსტის დაკავებაში კრემლიდან დაეხმარნენ, მალევე გაქარწყლდა. ამაზე თუნდაც 3 ფაქტი მეტყველებს. აშშ-მა დაფინანსება შეუჩერა ნაურუს, რომელიც არ სცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლინობას. ბუნებრივია, ეს მხოლოდ პოლიტიკური ჟესტია, მაგრამ მნიშვნელოვანი მხარდამჭერი სიგნალი. მალევე ტრამპის ადმინისტრაცია დათანხმდა საქართვლოსათვის და უკრაინისათვის ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინების“ მიწოდება – იმას, რაც ვერ გაბედა მისმა ორმა წინამორბედმა. დაწესებული სანქციები რუსეთს არათუ მოუხსნა, უფრო გაუფართოვა.


უცნაურია, მაგრამ მაგრამ თუ სხვა ქვეყნებში უკმაყოფილებას გამარჯვებული კანდიდატის მიერ დაპირებების შეუსრულებლობა იწვევს, აშშ-ში ეს პირიქითაა. ტრამპმა შეზღუდა ქვეყანაში მიგრანტების შესვლა, რამდენიმე ქვეყნიდან კი საერთოდ აკრძალა. მიგრანტები დაბალ ხელფასზე თანხმდებიან, რაც აიაფებს ამერიკულ პროდუქციას და მსოფლიო ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას ზრდის, მაგრამ კრიმინალისა და ტერორიზმის რისკის გაზრდილი მაჩვენებელი ხარჯებს კიდევ უფრო მეტად ზრდის. ტრამპმა კონგრესს მექსიკის საზღვარზე კედლის ასაგებად 18 მილიარდი დოლარი მოსთხოვა. ესეც ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა ხარჯს თავიდან მექსიკას აკისრებდა. ტრამპი ასევე ე.წ. მწვანე ბარათის გათამაშების წესის გადახედვასაც გეგმავს. პრეზიდენტი, ზოგადად, მიგრანტების წინააღმდეგი არაა, მაგრამ მას მიგრანტები ევროპის და სხვა, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიდან სურს.


ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას და საელჩოს ამ ქალაქში გადატანას გულრსხმობდა. საელჩოს გადატანა 1 წლით გადაიდო, მაგრამ იერუსალიმი დედაქალაქად მაინც გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ეს რეზოლუცია აშშ-ის კონგრესმა 1995 წელს მიიღო და რიგი მიზეზების გამო მის აღსრულებას 3 პრეზიდენტი ერთმანეთის მიყოლებით 6-6 თვით გადაავადებდა.


"ისლამური სახელმწიფოს", როგორც ტერიტორიული წარმონაქმნის განადგურებაც დიდწილად ტრამპის სახელს უკავშირდება, ვაშინგტონმა ტომაჰავკის ტიპის რაკეტებით სირიის აეროპორტიც დაბომბა, მას შემდეგ, რაც ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. ქიმიური იარაღის გამოყენებას წითელ ხაზად მიიჩნევდა ობამაც, მაგრამ რამდენიმე მსგავსმა ფაქტმა მის დროს რეაგირების გარეშე ჩაიარა. ტრამპმა ავღანეთში ე.წ. დედა ბომბიც გამოიყენა, რომლის მუხტის ძალაც 11 ტონა ტროტილის ეკვივალენტს შეადგენდა და რომელიც ყველაზე მძლავრი არაბირთული ბომბია.


ტრამპის ზეწოლის შედეგად რამდენჯერმე ვაშინგტონის, სეულის, ტოკიოს და მთელი მსოფლიოს განადგურების დამქადნებელი ჩრდილოკორეელი დიქტატორი მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა და სამხრეთ კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას დათანხმდა.


აშშ–ის თავდაცვის ბიუჯეტი 2018 წელს 619-დან 692 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. დაპირებების ნაწილის შესრულებაში პრეზიდენტს ხელს სასამართლო და კონგრესი უშლის.


ამ ყველაფრის მიუხედავად, უმთავრეს მიღწევად ეკონომისტები საგადასახადო რეფორმას მიიჩნევენ. კორპორაციული მოგების გადასახადი 35-დან 21 პროცენტამდე შემცირდა. ხოლო იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აშშ-ში დაბრუნდებიან, ეს საგადასახადო წნეხი 15.5%-მდე დავიდა. ეს ყველაზე მასშტაბური შემცირებაა უკანასკნელი 35 წლის მანძილზე. რეიგანის დროს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა ბოლოს 50-იან წლებში დაფიქსირდა, მაშინ როცა ომის შემდეგ ქვეყანა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. საგადასახადო რეფორმა მხოლოდ დიდ კომპანიებს არ ეხებათ, მცირდება ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადიც. ის ისევ პროგრესული იქნება და ზედა ზღვარი 39.6%-ზე შენარჩუნდება, მაგრამ ამ ზომის გადასახადით ის პირები დაიბეგრებიან, რომელთა შემოსავალიც წელიწადში $500 ათასს აღემატება, ნაცვლად აქამდე არსებული $418 ათასისა. ტრამპს რეიგანთან ხშირად აიგივებენ, რესპუბლიკური პარტია, პოლიტიკური გამოუცდელობა, ეკონომიკური ლიბერალიზაცია, კონსერვატიული შეხედულებები, სიხისტე ეს საერთო თვისებებისა და შეხედულების არასრული ჩამონათვალია. თავად სლოგანიც, "გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული", რეიგანისეულია. 


გადასახადების შემცირების პარარელურად, ტრამპი რეგულაციებს, ბიუროკრატიულ ხარჯებსა და სუბსიდიებსაც უტევს. დღეს უკვე წარუმატებლად მიჩნეული „ობამაქეარი“, რომელმაც ჯანდაცვის ისედაც დიდი დანახარჯები მშპ-ს 17-დან 19%-მდე გაზარდა.


მთელი მსოფლიოს კრიტიკის მიუხედავად, ტრამპმა „პარიზის კლიმატის შეთანხმება“ დატოვა. ამ ფონზე „ტესლა“, „ფორდი“, „ჯენერალ მოტორსი“ ელექტრომობილების წარმოებას აფართოებენ. იზრდება მზის და ქარის ელექტროსადგურების რაოდენობაც. აშშ-ის პრეზიდენტი საზღვარგარეთის ქვეყნების დაფინანსების მოცულობას ამცირებს. ნატოს წევრი ქვეყნებისგან კი თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-მდე გაზრდას ითხოვს. 28 წევრიდან ამ პირობას მხოლოდ 3 ქვეყანა ასრულებს, თავად აშშ, საბერძნეთი და პოლონეთი.


ასეთი პოლიტიკა ეკონომიკას ახალისებს. 2017 წლის მესამე კვარტალში აშშ-ის მშპ 3.2%-ით გაიზარდა, 2017 წლის შედეგი ჯერ არ დადებულა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2.5%-ზე უნდა გავიდეს. 2018 წელს, ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, 2.5%, ხოლო ანალიტიკოსების მოსაზრებით, რეალურად 3.5-4 პროცენტიც შესაძლებელია ზრდა. 4%-ზე მაღალი ზრდა ბოლოს 2000 წელს აღინიშნა – 4.09%. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 2000 წლამდე, აშშ-ს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკაზე სწრაფად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 1995 წელი იყო. ამ პერიოდში შესაბამისად აშშ-ს ეკონომიკის წილი და გავლენაც იზრდებოდა. 2000 წლიდან დღემდე კი ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა.



შესაბამისად, თუ 1992 წელს აშშ-ის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 25.7%-ს შეადგენდა, 2000 წლისთვის 30.6%-მდე გაიზარდა. შემდეგ კი 24.6%-მდე შემცირდა. აგვისტოს ომი, ყირიმის ანექსია და დონბასის ოკუპაცია სწორედ ამ პერიოდში მოექცა. საშუალოვადიან პერიოდში მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 3%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, აშშ-ის ეკონომიკაც მინიმუმ ამ მოცულობით უნდა იზრდებოდეს შემცირებული წილის შესანარჩუნებლად და უფრო მეტით გასაზრდელად. საშუალო 1.5%-იანი ზრდის შემთხვევაში აშშ-ის მშპ 2040 წელს მხოლოდ 26.5 ტრილიონი დოლარი იქნება, 3.5%-იანი ზრდის შემთხვევაში კი 42.5 ტრილიონი.



საფონდო ბირჟის ინდექსები ხშირად ეკონომიკის რეალურ სურათს აჩვენებს. Dow jones, Nasdaq-ისა და s&p500-ის ინდექსები ისტორიულ მაქსიმუმზეა.





უმუშევრობა შეერთებულ შტატებში 1 წელიწადში 4.8-დან 4.1%-მდე შემცირდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მსგავსი სიტუაცია მცირე ხნით მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში იყო, უკეთესი კი ადრეულ 70-იანებში.



ტრამპის იმპიჩმენტი, შესაძლოა კიდევ სცადონ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ის პრეზიდენტის პოსტს 2021 წლის იანვრამდე აუცილებლად შეინარჩუნებს და მეორე ვადით არჩევაც სავსებით რეალურია. გამოკითხვების შედეგები 2016 წელსაც განსხვავებულ სურათს აჩვენებდა, მაგრამ რეალობა სხვა აღმოჩნდა. დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების ან უფრო მეტად გაზრდის შემთხვევაში კი აშშ-ს პოლიტიკური გავლენა ეკონომიკის პროპორციულად გაიზრდება. 


ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს მიმომხილველი.


მსგავს თემაზე


ლონდონში, აშშ-ის საელჩოს ახალი შენობის გახსნას, ტრამპი არ დაესწრო


ტრამპმა კონგრესს კედლის ასაშენებლად $18 მლრდ მოსთხოვა


ტრამპის განცხადებით, მისმა არჩევამ ბირჟებზე დადებითად იმოქმედა


ტრამპის საგადასახდო რეფორმას კონგრესმა მხარი დაუჭირა


APPLE $38 მლრდ-ით დაიბეგრება


სხვა სიახლეები