• Ƀ/$

ზამთრის ოლიმპიადა საქართველოში?

22 იანვარი 22:52, 2018 წელი | ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან თომას ბახთან დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოში სამთო კურორტების განვითარების პერსპექტივა განიხილა.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან თომას ბახთან. განვიხილეთ ზამთრის სპორტის სახეობებისა და სამთო კურორტების განვითარების პერსპექტივა საქართველოში. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად განიხილავს განვითარების პერსპექტივებს. საბოლოო მიზანია, რომ საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ.


მისივე თქმით, „ამისთვის გვჭირდება სტრატეგია, განვითარების გეგმა და ამ გეგმის შესაქმნელად ჩამოვა სწორედ ეს ჯგუფი საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო საქმეს დავუდეთ სათავე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ექსპერტების ჯგუფთან ერთად გავაკეთებთ ძალიან ამბიციურ გეგმას და უკვე გვექნება ყოველწლიური სამოქმედო გეგმა”.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში შეხვდა.  როგორც თომას ბახმა შეხვედრაზე აღნიშნა, მისთვის შთამბეჭდავია პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში სპორტის განვითარების კუთხით მიაღწია.


დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლის.


სხვა სიახლეები