• Ƀ/$

გვამური დონაციის შემაფერხებელი ფაქტორები და პაციენტები დონორის მოლოდინში

ექსკლუზივი
9 თებერვალი 17:26, 2018 წელი | ანალიტიკა

თანამედროვე მსოფლიოში ორგანოთა ტრანსპლანტაცია  მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი დარგია. ამ ქირურგიული მანიპულაციით უამრავ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე.

რა მდგომარეობაა ორგანოების გადანერგვის მხრივ საქართველოში?! როდის გახდება ლეგალური ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა?! არის თუ არა დაგეგმილი გვამთა დონაციის განვითარება და მონაწილეობს თუ არა საქართველო ორგანოების ე.წ. შავ ბაზარში?!


ამ ყველაფრის გასარკვევად M2B სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებსა და ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს გია თომაძეს ესაუბრა.


თომაძის განცხადებით, საქართველოში ტრანსპლანტაციის დროს გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან. ერთ-ერთი მთავარი წინაღობა გვამური დონაციის არ არსებობაა.



„ამ ეტაპზე საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ ღვიძლის და თირკმლის გადანერგვა. მსოფლიოში სულ 6 ორგანო ინერგება. ეს არის გული, ღვიძლი, თირკმელი, ფილტვი, პანკრეასი და წვრილი ნაწლავი. საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა მხოლოდ თირკმლის გადანერგვა და სამი წელია, რაც ღვიძლის ტრანსპლანტაციაც. საქართველოში არ არის გვამური დონაცია, მხოლოდ ცოცხალი ადამიანი შეიძლება იყოს დონორი. კანონის თანახმად, გვამური დონაცია აკრძალული არ არის, მაგრამ პრაქტიკაში არ გამოიყენება ეს მეთოდი. ვერ ხდება გარდაცვლილი ადამიანის ოჯახისგან თანხმობის მიღება. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რასაც ვაწყდებით ტრანსპლანტაციის საკითხში“, - განაცხადა ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გია თომაძემ.


გია თომაძე M2B–სთან საუბარში აცხადებს, რომ დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დარეგისტრირდება ტრანსპლანტაციის ეროვნულ ცენტრში და მიიღებს დონორის სპეციალურ ბარათს, რაც ნიშნავს იმას, რომ გარდაცვალების შემდეგ მის ორგანოებს გამოიყენებენ გადასანერგად. რაც შეეხება ცოცხალ ადამიანებს, გადანერგვა მიღებულია მხოლოდ გენეტიკური ნათესავისგან. უცნობი უცნობს ვერ მისცემს ორგანოს კეთილი ნებით. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ არ მოხდეს ორგანოებით ვაჭრობა, იგივე ორგანოების ტრეფიკინგი.


მისივე თქმით,  მსოფლიოში არის საუბარი იმაზე, რომ შეიქმნას ორგანოების კონსოლიდირებული ბაზარი, სადაც ორგანოების გაყიდვა არ ჩაითვლება კრიმინალად, თუმცა ეს მოსაზრება არ არის მხარდაჭერილი საერთაშორისო და პროფესიული ორგანიზაციების მიერ.


გია თომაძის თქმით, საქართველოში ორგანოების ლეგალიზება არ განიხილება და არც უნდა განიხილებოდეს.


„საქართველოში, რა თქმა უნდა, არ განიხილება ორგანოების ლეგანიზების საკითხი და ჩემი აზრით, არც უნდა დადგეს დღის წესრიგში, რადგან ეს ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის ადამიანებს. მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი არის მოვალე და ბევრიც მევალე და ვალის ანაზღაურება ერთმანეთს, შეიძლება, ორგანოების გაყიდვით მოსთხოვონ“, - განაცხადა თომაძემ.


მთელს მსოფლიოში მომძლავრებულია ორგანოთა ე.წ. შავი ბაზარი, რომელიც არის ინტერნაციონალური და სხვადასხვა ქვეყნები არიან ჩართული, თუმცა, როგორც გია თომაძე აცხადებს, საქართველოს მონაწილეობა ამ კრიმინალურ ქსელში დადასტურებული არ არის. 


როგორც ცნობილია, საქართველოში დონორობის მსურველი ბევრი არ არის, რასაც  ტრანსპანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი საზოგადოებაში არსებულ ფსიქოლოგიურ და რელიგიურ ბარიერს უკავშრებს.


საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ M2B–სთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული კანონმდებლობა ორგანოების გაყიდვის შესახებ, შესაძლოა, უფრო გამკაცრდეს და დღესდღეობის მსჯელობა გვამური დონაციის განვითარების კუთხით მიდის.


„ორგანოების გაყიდვა ყოველთვის ჩაითვლება დანაშაულად. მსჯელობა მიდის გარკვეულ საკითხებზე. საუბარია გვამური დონაციის გამარტივებაზე. ჩვენთან, ძირითადად, თირკმლის და ღვიძლის გადანერგვაა შესაძლებელი და ამიტომ შეზღუდულები ვართ ამ საკითხში. მიდის მუშაობა და მსჯელობა გარკვეულ საკითებზე, რათა მომავალში ევროპის ერთიან ქსელში ჩავერთოთ. ამისთვის ძალიან ბევრია სამუშაო“, - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. 


საქართველოში დონორობა უფასოა, ორგანოს გაყიდვა ითვლება კრიმინალად და მოქმედი კანონმდებლობით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8–დან 15 წლამდე.


დონაციის პრობლემატიკასთან დაკავშირებით M2B–ს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, რომ ასეთი მკაცრი მიდგომა სადაო გახდა რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ ინსტანციამ შეაჩერა სადაო ნორმის მოქმედება, რათა პაციენტს შესაბამისი ორგანოს გადანერგვის შესაძლებლობა ჰქონოდა.


უწყები ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო მიზნად ორგანოებით უკანონო ვაჭრობის აკრძალვას ისახავს.


სახალხო დამცველის აპარატისთვის დღეს არ არის ცნობილი ამ კანონში არსებული ხარვეზები და ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს.


მსოფლიოში ყოველწლიურად 100 000-მდე ტრანსპლანტაცია კეთდება, მათგან 80% გვამური დონაციით. ყველაზე ხშირად თირკმლის გადანერგვა ხდება. შემდეგ ღვიძლის, გულის, პანკრეასისა და ნაწლავის ტრანსპლანტაცია.


საქართველოში პირველად 1977 წელს გადაუნერგეს ადამიანს თირკმელი. 18–წლიანი პაუზის შემდეგ, 1995 წელს, უროლოგიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ორგანოთა გადანერგვა განახლდა.  ღვიძლის ტრანსპლანტაცია საქართველოში 2014 წლის დეკემბრში დაინერგა.


ავტორი: ანუკი მუმლაძე, ჟურნალისტი


სხვა სიახლეები