• Ƀ/$

ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს, მთავარი კითხვაა - როდის?

10 თებერვალი 02:41, 2018 წელი | ანალიტიკა

IV ინდუსტრიული რევოლუცია და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები კაცობრიობას რევოლუციურ ცვლილებებს პირდება, თუმცა არსებობს დროებითი ჩავარდნის საფრთხე, ეს საფრთხე კი ტექნოლოგიების გაუმართაობას სულაც არ უკავშირდება. 

პროგრესს ყოველთვის ჰყავდა გულანთებული მომხრეები, რომლებიც სიცოცხლესაც კი დასთმობდნენ მისთვის და ასევ მოწინააღმდეგეები, რომლებიც საღ აზრს ცეცხლითა და მახვილით ებრძოდნენ. ვინც შეწინააღმდეგებას გაბედავდა წვავდნენ.


მართალია ცოდნამ ინკვიზიციაზე გაიმარჯვა. მაგრამ გამარჯვებას ხშირად მარცხიც თან სდევდა. ლეონარდო და ვინჩის მიერ შემუშავებული მრავალი კონსტრუქციის ნახაზის აწყობა მხოლოდ XX საუკუნეში მოხერხდა. უმეტესმა მათგანმა, მათ შორის მფრინავმა მოწყობილობამაც კი იმუშავა. XV საუკუნეში თვითმფრინავი ვერ აეწყობოდა, მას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნდა, ვერც პასკალის გამომთვლელი მანქანა იმუშავებდა XVII საუკუნეში, მაგრამ თუ რამდნიმე ასეთმა გამოგონებამ დროს გაუსწრო და მისი რეალიზაცია ამის გამო ვერ მოხერხდა, იყო ისეთებიც, რომლებიც უყურადღებობის გამო ან განზრახ შეაჩერეს.



1878 წელს, 1 წლით ადრე ვიდრე ედისონი ვავრვარების ნათურას დააპატენტებდა, პარიზში მსოფლიო ტექნოლოგიურ გამოფენაზე, ოგუსტინ მუშომ მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატურა წარადგინა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. მსგავსი გამოგონება 1913 წელს ეგვიპტეში ფრენკ შუმანმაც წარადგინა. ორივე უარყვეს. დღესაც კი, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ელექტროენერგიის წარმოებაში მზის ენერგიის წილი მხოლოდ 1%-ს აღწევს, ეს მაშინ, როცა, 1 საათში დედამიწამდე მოღწეული მზის ენერგია, 7.5 მილიარდი ადამიანის მიერ ყველა სახის ენერგიის მთელი წლის მოხმარებას აღემატება. დედამიწამდე კი მზის ენერგიის მემილიარდდზე ნაკლები აღწევს.



ავტომობილი და ელექტრომობილი ერთი ასაკის არიან. პირველი ავტომობილი რომელმაც 100 კმ/სთ-ს გადააჭარბა ელექტრო იყო. საფრანგეთში გამართულ რბოლაზე, La Jamais Contente-მა 105.8 კმ/სთ განავითარა. პირველ მსოფლიო ომამდე მისი წილი 1/3-ს შეადგენდა დღეს კი 0.3%-ზე ნაკლებს.



XIX საუკუნის ბოლოს, ნიკოლა ტესლამ მიაგნო ელექტროენერგიის უასადენოდ გადაცემის ტექნოლოგიას. XXI საუკუნეში მასზე ჯერ ისევ ექსპერიმენტები ტარდება, მათ შორის საქართველოშიც.


ისტორიის მსსვლელობის ალტერნატიულ განვითარებაში ელექტროენერგია მზისგან მიიღება. ქუჩებში ელექტრომობილები გადაადგილდებიან, რომლებიც ენერგიას მზისგან იღებენ და თუ სადმე კლიმატის გამო პროცესი შეფერხდა, რომელიმე სხვა წაყრო ენერგიას დისტანციურად აწვდის. წელიწადში 6 მილიონი ადამიანი დაბინძურებული ჰაერით და წყლით აღარ იღუპება, ომების რიცხვიც შემცირებულია, რადგამ მზე ყველგან ანათებს, არათანაბარი ინტენსიობით მაგრამ მაინც. ის გონებრივი და ფულადი რესურსი, რაც ტრადიციული ენერგიის მისაღებად იხარჯება ხმარდება ცერნზე უფრო ძლიერ ლაბაორატორიას და კოსმოსურ კვლევებს.


დღეს გადატრიალებას ცხოვრების არაერთ სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგია გვთავაზობს. რა არის და რა უპირატესობა გააჩნია მას?


ბლოკჩეინი ესაა კრიპტოგრაფიულად დაცული ჩანაწერების ჯაჭვი. მონაცემების შეცვლა ან წაშლა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამისთვის საჭიროა ბლოკჩეინ ქსელში ჩართული ყველა კომპიუტერში შეღწევა, რაც ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. 1 ან რამდენიმე კომპიუტერზე თავდასხმა შესაძლებელია, მაგრამ ინფორმაციის ასლები ინახება სხვაგან და ამ ასლებს ზუსტად ისეთივე იურიდიული ძალა აქვს როგორც სხვა დანარჩენს. რაც უფრო დიდია ქსელი მით მეტად რთულდება მისი განადგურების ალბათობა.


გამოყენების სფეროები


1)      უძრავი ქონების რეგისტრაცია. საკუთრებაზე უფლების მოპოვება მთელ რიგ ქვეყნებში საკმაოდ ძნელია,  ან სულაც შეუძლებელი. ისტორიული დავები მცირე მიწის ნაკვეთზე ან ნაგებობაზე ათწლეულები გრძელდება. ეს ფაქტი ბიზნესის განვითარებას ამუხრუჭებს. ქვეყანა ინვესტორთა მხრიდან შეუმჩნეველი რჩება, ვერ ვითარდება ვერც ადგილობრივი წარმოება. ბლოკჩეინში ჩაწერილი საკუთრების უფლების დარღვევა კი უკვე შეუძლებელი გახდება.


2)      კრიპტოვალუტები. სახელმწიფოთა უმრავლესობას საკუთარი ვალუტა გააჩნია. მის მასას თავის შეხედულებისამებრ განაგებს. ძლიერი სახელმწიფოები ცდილობენ საკუთარი ვალუტის საერთაშორისო ვალუტად ქცევას. ინფლაცია ეკონომიკის თანამდევ პროცესადაა ქცეული. სხვადასხვა დროს ჰიპერინფლაცია მოხდა გერმანიაში, საქართველოში, ვენესუელაში. ქაღალდის ფულის საბარათე ფულით ჩანაცვლებამ სისწარაფე და უსაფრთხოება გაზარდა, მაგრამ საჭირო გახდა შუამავალიც. ადგილობრივი ბანკები, VISA, MASTERCARD, SWIFT… საერთაშორისო გადარიცხვების საკომისიო საკმაოდ მაღალია და მის დადასტურებას მინიმუმ 3 დღე სჭირდება. ამის საპირისპიროდ საიმედო კრიპტოვალუტის რაოდენობა ცნობილია და მისი გაზრდა შეუძლებელი.გადარიცხვები სწრაფი და იაფი, მას შეიძლება „ელექტრონული ქეშიც“ კი ვუწოდოთ.


3)      დაფინანსების მოპოვების გამარტივება. უტყუარი ინფორმაცია კერძო პირზე და კომპანიაზე სურვილის შემთხვევაში ყველასათვის ხელმისაწვდომია. მისი ისტორიის, გამოცდილების, რეპუტაციის გაანალიზების შემდეგ თანხის მსესხებლისა და გამსესხებლის მსურველის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება შესაძლებელი. შუამავლის გარეშე კი ხარჯი ბევრად დაბალია. შუამავლისათვის მისაცემი თანხა კი რეინვესტირებას ხმარდება.


4)      სმარტ კონტრაქტები. ანაზღაურება ხდება მხოლოდ მაშინ როცა 1 პიროვნება მეორის მომსახურებით სარგებლობს, უსმენს მის მიერ დაწერილ ან შესრულებულ მუსიკას, ნახულობს მის ფოტოს, კითხულობს მის სტატიას, სარგებლობს მისი უპილოტო ელექტრომობილით როცა თავად სამსახურში ან სახლშია.


5)      ბიუროკრატიის შემცირება. ბიუროკრატია ადამიანებს ართმევს დროსა და ფულს, წარმოსობს კორუფციის რისკს. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, მართვის მოწმობის, დაზღვევის პოლისის, საბანკო ბარათისა თუ კრიპტო საფულის, მაღაზიების, აფთიაქების, სავაჭრო ცენტრების, სპორტდარბაზის ფასდაკლების ბარათების, სხვადასხვა სახის საშვის, თეატრისა თუ თვითმფრინავის ბილეთის 1 საბუთში ბარათში ჩატევა ხდება შესაძლებელი. რომელიც მხოლოდ წამკითხველი იქნება და არა რეალურად ამ ინფორმაციის მატარებელი, რაც მისი დაკარგვის შემთხვევაში აღდგენას ამარტივებს. იმავე ბარათში შესაძლებელია სისხლის ჯგუფის, სამედიცინო ისტორიის, განათლების, სამუშაო გამოცდილების, საკრედიტო ისტორიის, ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის დატევა. ბარათის მფლობელი კი საკუთარი სურვილისამბერ მესამე პირს ინფორმაციის ნაწილს გაუზიარებს.


XIX საუკუნის ბოლოს ტერმინი „გლობალური დათბობა“ არ არსებობდა. ატმოსფეროს დაბინძურების შესახებაც არავის სმენოდა. ნავთობის ინდუსტრია სისწრაფეს კრეფდა, რომელმაც მზის ენერგიის გამოყენება დიდი ხნით დაასამარა. 


დღეს კი ბლოკჩეინში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები საკუთარი გავლენის შემცირების რისკს ხედავენ და მას რეგულაციებით უპირისპირდებიან. ტექნოლოგია ადრე თუ გვიან თავის ადგილს დაიმკვიდრებს მთავარი ინტრიგა ისაა თუ როდის. ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის ფასის მერყეობამ სკეპტიკოსთა რიცხვი გაზარდა, თუმცა ასეთები ყოველთვის იყვნენ. 1996 წელს პრესაში ინტერნეტს კრახს უწინასწარმეტყვლებდნენ.



 


ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს მიმომხილველი.


 


მსგავს თემაზე:

ბლოკჩეინი ბანკებს ანგრევს


IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის


რეგულაციებმა კრიპტობაზარი გაანახევრა


ბლოკჩეინი - სიღარიბის დაძლევის რეცეპტი?



სხვა სიახლეები