• Ƀ/$

რუსეთის მშპ მოლოდინს ჩამორჩა, ინფლაცია ძალას იკრებს, აშშ ნავთობმოპოვებას ზრდის

14 თებერვალი 11:03, 2018 წელი | ანალიტიკა

თავდაცვის ხარჯების შემცირების გამო რუსეთის მშპ 2017–ში 2%–ის ნაცვლად მხოლოდ 1,5%–ით გაიზარდა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კრემლის ეკონომიკის სამინისტრო ინფლაციის ზრდასაც ელის.

ამ ფონზე აშშ ნავთობმოპოვების მოცულობას რეკორდულად ზრდის და საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონი წლის ბოლოსთვის რუსეთსაც გაუსწრებს და ნავთობმოპოვების მიმართულებით მსოფლიო ლიდერი გახდება.


სააგენტოს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნავთობზე მაღალი ფასი ახალი საბადოების გაჩენას უწყობს ხელს და ყველა პირობას ქმნის ამ დარგში აშშ–ის ლიდერობისთვის.


ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკის მქონე რუსეთი OPEC+ შეთანხმებაზე მიჯაჭვამ აიძულა, 300 000 ბარელამდე შეემცირებინა და ამ დონეზე გაეყინა წარმოება.


ამ ფონზე ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნის მოლოდინის განეიტრალება რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა „პროცესების კომპლექსურ ხედვაში“ აღმოაჩინა და სამშაბათს შეეცადა ჟურნალისტები დაერწმუნებინა, რომ აშშ–ში ტორფის ნავთობის მოპოვების ზრდა ვერ დაფარავს ამ ნედლეულზე მოთხოვნის მოცულობის ზრდას. გუშინვე გავრცელდა მსოფლიო მედიაში ინფორმაცია, რომ აშშ „შავი ოქროთი“ ჩინეთის მომარაგებასაც გეგმავს.


რისკებს ხედავენ რუსეთის საბანკო სისტემაშიც, რომლის მთლიანი წილის 70% სახელმწიფოს ხელშია. რუსული ფინანსური ინსტიტუტების სარეიტინგო კომპანიის ხელმძღვანელი კირილ ლუკაშუკი აცხადებს, რომ რუსეთის 5 უმსხვილესი ბანკიდან არც ერთი არ არის კერძო. ხოლო ათეულში მხოლოდ 3 არასახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი შედის. ლუკაშუკის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი კომპლექსური რისკები იკვეთება: სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების არაეფექტიანი მართვა, ზედმეტად ლიბერალური საზედამხედველო პრაქტიკა, დირექტივებით დაკრედიტების პოლიტიკის გატარება და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი დარგების განვითარება.


ლუკაშუკი კიდევ ერთ პრობლემას ხედავს – „სახელმწიფო სახელმწიფოში“ (სახელმწიფო კომპანიები – სახელმწიფო ბანკები) და ხელისუფლების მაღალ ვალდებულებებს საფინანსო სისტემის მხარდაჭერის მიმართულებით. სპეციალისტის მოსაზრებით, საბანკო სისტემისა და ზოგადად ეკონომიკის სახელმწიფოს ხელში გადასვლა პრაქტიკულად ანულებს ზრდის წყაროებს.


დავუბრუნდეთ მშპ–ს – რამდენიმე რუსმა მაღალჩინოსანმა და ანალიტიკოსმა, მედიასთან ურთიერთობის აკრძალვის გამო, ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა სააგენტო როიტერს, რომ ვარდნა თავდაცვაზე გაწეული ხარჯების შემცირებამ გამოიწვია. კერძოდ, სამხედრო მრეწველობაზე გაწეული ხარჯები, რაც მშპ–ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ნოემბერში, წლიურ გამოსახულებაში, 3,6%–ით შემცირდა.



ანონიმური წყაროების ცენობით, 2017 წლის მეორე ნახევარში თავდაცვის დაკვეთები მნიშვნელოვნად შემცირდა. ყველა ხარჯი, რაც ომს უკავშირდება – ავიაციაზე, გემთმშენებლობაზე, დახურულ პროექტებზე – მკვეთრად ვარდებოდა.


„როსობორონექსპორტის“ დაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს.


სხვა სიახლეები