• Ƀ/$

გაზპრომის „თურქული ნაკადი“ ანკარამ შესაძლოა, ზღვიდან ხმელეთზე არ აუშვას

21 თებერვალი 09:37, 2018 წელი | ანალიტიკა

რუსეთის სახელმწიფოს მონაპოვრად აღიარებულ „გაზპრომს“, როგორც აღმოჩნდა, დღემდე არ მიუღია თურქეთის მთავრობის თანხმობა, „თურქული ნაკადის“ მეორე მილსადენის სახმელეთო ნაწილის მშენებლობაზე.

ამის შესახებ სააგენტო როიტერს პროცესებთან დაახლოებულმა სამმა წყაროს უამბო, რომელთა თქმით, ამ შეფერხების გამო რუსული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების მარშრუტის შერჩევის საკითხი ჭიანურდება.


პროექტით, რომლის ღირებულება $8,3 მლრდ-ს შეადგენს, რუსეთი უკრაინის სატრანზიტო მომსახურებისგან გათავისუფლებას ვარაუდობს.


ანკარამ იანვარში თანხმობა დაუდასტურა რუსული გაზის მილსადენებით ექსპორტის მონოპოლიური უფლებამოსილების მქონე კომპანია „გაზპრომს“, თავის საზღვრებამდე, შავი ზღვის ფსკერის გავლით, ორი მილსადენის გაყვანა დაეწყო.


მაგრამ, მიწისზედა ნაწილზე გაზსადენის მშენებლობის ნებართვა ჯერ არ არსებობს, რაც გაზსადენის მეორე ძაფის მშენებლობაზე მოლაპარაკებების პროცესში წინსვლის საშუალებას არ იძლევა. აღსანიშნავია, რომ სწორედ სახმელეთო მონაკვეთის მარშრუტსა და სიგრძეზეა პროექტის ფასი დამოკიდებული, უთხრა როიტერს ერთ–ერთმა წყარომ.



სააგენტო როიტერის კითხვებს გაზპრომმა არ უპასუხა. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტრომ და Botas-მა კომენტარებზე უარი თქვეს.


თურქეთის ენერგოსექტორიდან წყარომ სააგენტო როიტერს აცნობა, რომ Botas-მა და გაზპრომმა დღემდე ვერ შექმნეს ერთობლივი საწარმო, რომელიც გაზსადენის მეორე არხს ააშენებს და სწორედ ამ საწარმომ უნდა გამოითხოვოს გაზსადენის სახმელეთო მონაკვეთის გაყვანის ნებართვა.


შავი ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენის პროექტი ორი მილის გაყვანას ითვალისწინებს, რომელთა გამტარუნარიანობა წელიწადში 15,75 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. პროექტზე მუშაობა 2016 წლის შემოდგომაზე განახლდა. გაზსადენის ერთი მილი თურქი მომხმარებლებისთვისაა გამიზნული, ხოლო მეორე – ევროპის ქვეყნების გაზგამანაწილებელ ქსელს უნდა შეუერთდეს.  პროექტის მიზანს გაზის უკრაინის გავლის ტრანზიტის შემცირება წარმოადგენს. გაზსადენის ამუშავება 2019 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.


„მილსადენის მეორე შტოსთან დაკავშირებით მხარეებს ბევრი საკითხი აქვთ განსახილველი. ვინ დააფინანსებს, ვინ იქნება ოპერატორი და მფლობელი, იქნება თუ არა თურქეთი გაზის გადასახადების საკითხში მონაწილე მხარე და რა მოცულობით, ზუსტი მარშრუტი? – ეს ყველაფერი განხილვის საგანია“, – განუცხადა სააგენტო როიტერს Fitch–ის ბუნებრივი რესურსებისა და ნედლეული პროდუქტების ჯგუფის დირექტორმა დმიტრი მარინჩენკომ.


სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, გაზპრომს მეორე გაზსადენის მშენებლობის გაუქმების უფლება აქვს, რომლის გაშვებაც, თურქული მხარისთვის ხარჯების კომპენსაციის გათვალისწინებით, ცალკე პროტოკოლის ხელმოწერას ითვალისწინებს.


გაზპრომმა თურქული მხარისგან გაზსადენის მეორე მილის მშენებლობაზე ნებართვა მიიღო, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე, თურქეთის სანაპირომდე მიაღწევდა. ამ კვირაში პროექტის ოპერატორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაზსადენის ორივე მილსადენის 884–კილომეტრიანი მონაკვეთია დამონტაჟებული შავი ზღვის ფსკერზე, რაც საზღვაო მონაკვეთის თითქმის ნახევარს შეადგენს.


გაზპრომმა თებერვალში განაცხადა, რომ პროექტის ღირებულება 7 მლრდ ევრომდე გაიზარდა. მანამდე კომპანია გაზსადენს $6 მლრდ–მდე აფასებდა.


გაზპრომი საკუთარი ნედლეულის განაწილებას თურქული ნაკადით ბულგარეთის, საბერძნეთისა და იტალიის გავლით გეგმავს.


ევროპისთვის გაზის მიწოდების ერთ–ერთ მარშრუტად რუსეთი TAP-ის გაზსადენს მოიაზრებდა, რომელიც აზერბაიჯანული გაზის საქართველოს და თურქეთის გავლით, საბერძნეთიდან, ადრიატიკის ზღვის ფსკერის გავლით, იტალიის „ქუსლამდე“ მიწოდებისთვის შენდება.


„ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მოსკოვი ცოტა სკეპტიკურად განეწყო უახლოეს მომავალში გაზსადენის მეორე მილის მშენებლობისადმი. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ და რა პირობების საფუძველზე ააშენებს ევროპაში რუსული გაზის მისაღებ ინფრასტრუქტურას... იმის ალბათობა, რომ მეორე გაზსადენი 2019 წლიდან ცარიელი დარჩება, საკმაოდ მაღალია“, – უთხრა როიტერს მარინჩენკომ.


თურქეთი გაზპრომისგან ბუნებრივ აირს ყიდულობს და დღეს, გერმანიის შემდეგ, რუსული გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. თურქეთი რუსეთიდან ნებლეულს „ცისფერი ნაკადიდან“ იღებს, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 26 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.


მსგავს თემაზე:


EBRD მზად არის, TAP-ის დაფინანსება გაზარდოს


სხვა სიახლეები