• Ƀ/$

ფინანსური ბაზრის მოლოდინები მიმდინარე კვირაში

5 მარტი 17:31, 2018 წელი | ანალიტიკა

მსოფლიო საფინანსო ბაზარი ამ კვირაში ევროპის და იაპონიის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების და შეერთებული შტატების შრომის ბაზრის სტატისტიკის მოლოდინში იქნება.

შესაბამისად, სავალუტო ბაზრებზე მოძრაობებს სწორედ ეს სამი ფაქტორი განსაზღვრავს.


ამ ეტაპზე ამ სამიდან ყველაზე მეტ ინტერესს იაპონიის ბანკის (BOJ) გადაწყვეტილება იწვევს. ინვესტორებს ყველაზე მეტად ახლა ის აინტერესებთ, აპირებს თუ არა იაპონიის ბანკი ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის შეკვეცის დაწყებას.


გარდა ამისა, ინვესტორები კვლავ დიდი ინტერესით დააკვირდებიან აშშ-ის შრომის ბაზრის სტატისტიკას, რომელსაც ფედრეზერვი თავისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას, ყველაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.


1. ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება



შედარებით ნაკლები ინტერესია ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) გადაწყვეტილების (ხუთშაბათი) მიმართ, რომელიც, დიდი ალბათობით, ევროზე საპროცენტო განაკვეთს უცვლელად დატოვებს და არც სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ რიტორიკას შეცვლის.


ყველაზე მეტად საინტერესო, ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის პრეს კონფერენციაა, რომელიც ბანკის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 45 წუთის შემდეგ გაიმართება. ანალიტიკოსები მის ფრაზებს შორის დაიჭერენ მინიშნებას იმაზე, რომ ევროზონაში ინფლაციის მიზნობრივ დონემდე მიღწევა დროში იწელება. გარდა ამისა, საინტერესო იქნება დრაგის პასუხები კითხვებზე, რომლებიც აუცილებლად შეეხება სტიმულირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, უკვე 2.5 ტრილიონი ევროს ხარჯია გაწეული.


შექმნილ სიტუაციაში, მეტისმეტად გამყარებული ევრო, ევროპის ცენტრალური ბანკის თავსატეხს კიდევ უფრო ართულებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დრაგისგან სტიმულირების პროგრამის შეკვეცასთან დაკავშირებული მინიშნებები, ზაფხულის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის. ამ ვერსიას, აღნიშნულ თემაზე მიმდინარე დისკუსიის მცოდნე სამი სხვადასხვა ინკოგნიტო წყარო ადასტურებს.


რა თქმა უნდა, ECB თავის ახალ მაკროეკონომიკურ პროექტებს გამოაქვეყნებს, თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ ეს პროექტები ბაზარს დიდ სიურპრიზებს არ შესთავაზებს, რადგან ეკონომიკის და ინფლაციის ზრდის ტემპების მხრივ არაფერია შეცვლილი.


ცნობისათვის, ოქტომბერში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სტიმულირების პროგრამის ყოველთვიური მოცულობა 60-დან 30 მილიარდ ევრომდე შეამცირა, თუმცა ამ პროგრამის მოქმედების ვადა, 2018 წლის სექტემბრამდე გააგრძელა. იმავდროულად, ევროზონის ეკონომიკა ბოლო ათ წელიწადში ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება. რაც მთავარია, ინფლაციური ზეწოლა კვლავ მაღალია.


2. იაპონიის ბანკის გადაწყვეტილება



იაპონიის ბანკიც, ალბათ, იენზე საპროცენტიო განაკვეთს, რომელიც მინუს 0.1 პროცენტის დონეზეა, არ შეცვლის. მისი სხდომა ორ დღეს გასტანს და საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გამოქვეყნდება. ამის შემდეგ, BOJ-ის მმართველი ჰარუჰიკო კუროდა პრეს–კონფერენციას გამართავს, რომელზეც ბანკის გადაწყვეტილების და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებს.


კუროდას გამოსვლისას, ინვესტორებს აინტერესებთ მისი ხედვა ინფლაციასთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა ბედი ელის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამას. ასევე საინტერესოა კუროდას მისაზრება დლართან წყვილში იენის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით.


არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ცენტრალური ბანკი რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამის (QE) შეკვეცის დასაწყებად საფუძველს ამზადებს. ამ მისაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება და ინფლაციამაც გამოცოცხლება დაიწყო.


იაპონიის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მესამეა (ამერიკის და ჩინეთის შემდეგ). უკვე ზედიზედ რვა კვარტალია, ის განუხრელად იზრდება. ქვეყნის ეკონომიკას ამაზე ხანგრძლივი, 12-კვარტალიანი ზრდა, 1980-იანი წლების ბუმის დროს ჰქონდა.


3. აშშ-ის შრომის ბაზარი



აშშ-ის შრომის დეპარტამენტი დარგობრივ სტატისტიკას, ტრადიციულად, თვის პირველ პარასკევს აქვეყნებს ხოლმე. მაგრამ დღენაკლული თებრვლის გამო, ამჯერად ეს ტრადიცია დაირღვა და შრომის ბაზრის სტატისტიკა მეორე პარასკევს ქვეყნდება.


უმუშევრობის რეკორდულად დაბალი (4.1%) დონის პირობებში, ინვესტორებისა და ანალიტიკოსებისთვის ყველაზე საინტერესო, ანაზღაურების ზრდის ტემპი და, რა თქმა უნდა, არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა (NFP) რაოდენობა იქნება.


პროგნოზის შესაბამისად, თებერვალში ახალდასაქმებულთა რაოდენობა 204 ათასით უნდა გაზრდილიყო, უმუშევრობის დონე კი შესაძლოა 4.0 პროცენტამდე შემცირდეს. რაც შეეხება საათობრივ ანაზღაურებას, ბაზარი ელის, რომ ის 0.3 პროცენტით იქნება გაზრდილი. ანაზღაურების საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 2.9 პროცენტს მიაღწევს, რაც ბოლო რვანახევარ წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


ხელფასების ზრდა ის ფაქტორია, რომელიც ინფლაციის მიზნობრივ (2%) დონემდე მიყვანის საქმეში, გადამწყვეტ როლს შეასრულებს. და შესაბამისად, შრომის ბაზრის სტატისტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ხელფასების მონაცემები იქნება.


სხვა სიახლეები