• Ƀ/$

მშვიდობის უვერტიურა: ავღანეთის პრეზიდენტი მზადაა, თალიბანი ლეგიტიმურ პოლიტიკურ ჯგუფად აღიაროს

6 მარტი 15:06, 2018 წელი | ანალიტიკა

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, 16-წლიანი ომის დასრულების მიზნით, ტერორისტულ დაჯგუფება „თალიბანს“ პოლიტიკური აღიარება შესთავაზა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უძღოდა ავღანეთში მომხდარი ერთ–ერთი ყველაზე სისხლიანი ტერაქტი – 27 იანვარს, ქაბულის ცენტრში, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სასწრაფოს ავტომობილი ხალხით გადატვირთულ ქუჩაში შევარდა, რასაც 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 158-მდე კი დაშავდა.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, წინა წელს, ავღანეთში, ამგვარ ტერორისტულ ქმედებებს, 10,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.


ამ დროისთვის ტერორისტები მთავრობასთან დიალოგზე არ მიდიან.


ვღანეთის პრეზიდენტმა ავღანეთში ჩატარებულ სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელზეც რადიკალი ისლამისტები მიწვეული არ ყოფილან, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოთქვა მოსაზრებები და თალიბანს ლეგიტიმურ პოლიტიკურ ჯგუფად აღიარება შესთავაზა. მან მოწინააღმდეგეებს პასპორტები, ბიურო, დაკავებულთა განთავისუფლება და სანქციების შეწყვეტა დაპირდა.  


თუმცა, სანაცვლოდ, პრეზიდენტმა არჩევნების ჩატარების გარანტია მოითხოვა და დაამატა, რომ თალიბანმა მთავრობა და კანონები უნდა აღიაროს.


ღანი „მშვიდობის მომხრეა“


ღანი თალიბანს ყოველთვის არალეგიტიმურ, ტერორისტულ დაჯგუფებად მოიხსენიებდა. ქაბულში მომხდარმა შეტაკებამ კი მთელი ავღანეთი ფეხზე დააყენა. შეტაკებას დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა - განსაკუთრებით, ბევრი ქალი და ბავშვი დაიღუპა.


თალიბანმა უარი განაცხადა მთავრობასთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე, რომელსაც ისინი „მარიონეტულ რეჟიმად“ მოიხსენიებენ და სწორედ ამიტომ, მათ სურთ ამერიკასთან პირდაპირი მოლაპარაკების წარმოება. თალიბანის განცხადების თანახმად, ამერიკა მიმდინარე კონფლიქტის ყველაზე დიდი ხელშემწყობია.


ოფიციალური მონაცემების თანახმად, თალიბანი ქვეყნის 13%-ს აკონტროლებს, ხოლო დანარჩენ 30%-ზე ცხარე დავა მიდის.


სამშვიდობო კონფერენციაზე ავღანეთის პრეზიდენტმა პაკისტანსაც - რომელსაც ამერიკა და ავღანეთი მუდმივად საყვედურობდნენ ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერას - ახალი ურთიერთობების დაწყება შესთავაზა, ხოლო თალიბანის წევრებს კი მიმართა, რომ გადაწყვეტილება ახლა მათ ხელშია, და რომ, თავის მხრივ, ის მზადაა ქვეყნის ერთად აღმშენებლობის საქმეში ჩაერთოს.



„ქაბულის პროცესთან“ დაკავშირებული კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც 26 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო, გერმანია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. მათ განიხილეს, თუ როგორ შეიძლება, ავღანეთის მთავრობამ თალიბანთან მშვიდობიანი ურთიერთობები დაამყაროს. „ქაბულის პროცესი“ 2017 წლის 6 ივნისს დაიწყო, რათა, საერთაშორისო ძალისხმევით, ავღანეთში დროულად დამყარდეს მშვიდობიანი პოლიტიკური ვითარება.


გერმანია მხარს უჭერს თალიბანთან მოლაპარაკებებს


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების წამოწყებას. ამასთან, ოფიციალურმა ბერლინმა განაცხადა, რომ „გერმანია ორივე პოლიტიკური აქტორისგან პასუხისმგებლობასა და კომპრომისისთვის მზადყოფნას მოელის“. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მშვიდობიანი პროცესის დაწყების ხელშეწყობისთვის, რასაც თალიბანი აქამდე უარყოფდა.


„ბრძოლა გადარჩენისთვის"


მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული პოლიტიკური ვითარების განეიტრალების შანსები ძალიან დაბალია, ავღანეთის მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებას უჩვენებს, რომ იგი მზადაა დიალოგისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ზეწოლის ზრდასთან ერთად, ავღანეთის ხელისუფლება იძულებულია პოლიტიკური პროცესები წაახალისოს.


დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, ომის დამთავრებისთვის მთავარი სტრატეგია მოიცავდა საჰაერო შეტაკებების კამპანიას და ზეწოლის გაძლიერებას პაკისტანზე, რათა ეს უკანასკნელი ეიძულებინა, თალიბანი ავღანეთთან დიალოგზე წასულიყო.


ავღანეთის პრეზიდენტის მიერ დიალოგისკენ მოწოდება, შესაძლოა, ქაბულსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოების დასაწყისზე მიანიშნებდეს. წინა თვეში, ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი არ იყო მზად თალიბანთან მოლაპარაკებების წარმოებისათვის და ტერორისტული დაჯგუფების ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებდა.


თალიბანი ავღანეთთან ომს იმ მიზნით აწარმოებდა, რომ გაეკონტროლებინა ქვეყნის მთლიანი ტერიტორია და მკაცრად გაეტარებინა ისლამური კანონი.  ეს დაჯგუფება ავღანეთს 2001 წლამდე აკონტროლებდა, მანამ, სანამ იგი ამერიკის მიერ მართული კოალიციის მიერ იქნებოდა დამხობილი 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდგომ. ამ დროისთვის კვლავ გაურკვეველი რჩება შეცვლის თუ არა თალიბანი საკუთარ პოზიციას.


მიუხედავად ამისა, ღანიმ, რომელმაც საბოლოო საფეხურზე მიიყვანა თურქმენეთიდან ავღანეთში გაზის მილსადენის შეყვანა, განაცხადა, რომ აუცილებელია ავღანეთში სიტუაციის დასტაბილურება მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებისთვის. 



კრახისთვის განწირული ინიციატივა?


ომის დასასრულებლად, ავღანეთის დასაყრდენ პუნქტს თალიბანის პოლიტიკურ პროცესში ჩართვა წარმოადგენს.


რით შეიძლება იყოს გამოწვეული თალიბანის დაჯგუფებასთან მოლაპარაკების ინიციატივა ავღანეთის მხრიდან? პასუხი ალბათ მარტივია: ავღანეთის დასუსტებული მდგომარეობა თალიბანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ზრდის გამო.


ავღანეთის სამხედრო და უსაფრთხოების ძალების დანაკარგი საკმაოდ შემაშფოთებელია. რეგულარულად იბომბება ქაბულის დაცული ტერიტორიები. სწორედ ამიტომ, არც ერთი ეს ფაქტი არ მიუთითებს იმაზე, რომ ავღანეთის თალიბანის ტერორისტულ დაჯგუფებასთან ომი წარმატებით მიმდინარეობს.


სავარაუდოდ, ავღანეთის პრეზიდენტს სჭირდება გარკვეული ტიპის ქმედება, რომელიც ერთგვარ მიღწევად წარმოჩინდება იმ ომში, რომელშიც მზარდი დანაკარგი და ადამიანების სიკვდილი ერთადერთი ვალუტაა და რომელიც გაანეიტრალებს ნეგატიურ მოვლენებს. თალიბანთან მოლაპარაკების წამოწყების ინიციატივაც, ომისგან დაღლილი ავღანებელების  კეთილგანწყობის მოპოვების საშუალება იქნება პრეზიდენტისთვის.


თუმცა, თალიბანის პასუხი ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია, მაინც საეჭვოდ რჩება, შეწყდება თუ არა ISIS-ის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თალიბანი დიალოგზე წავა ავღანეთთან. ეს კი, ზრდის ამგვარი მოლაპარაკებების წარუმატებლობის შანსებს.


სხვა სიახლეები