• Ƀ/$

კორეული ინვესტიციები და ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსთან – პერსპექტივები

6 მარტი 17:53, 2018 წელი | ეკონომიკა

საქართველოს ენერგოსექტორში ერთ–ერთი მსხვილი ინვესტორის, სამხრეთ კორეის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსმექტივები განიხილა.

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან, საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც კორეასა და საქართველოს გააჩნიათ ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.


ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს, იყო ის საინვესტიციო ინტერესი, რომელიც კორეულ მხარეს აქვს საქართველოში ენერგეტიკის დარგში, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებისა და  მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით. აღინიშნა, რომ ამ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად კორეული კომპანია K-Water უკვე ახორციელებს, სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე მშენებარე „ნენსკრა ჰესია“, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარია. ქართული მხარის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსადმი ის ინტერესი, რომელიც მსხვილი კორეული კომპანიის “SK E&C”-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს რამდენიმე დღის წინ პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.


ქუმსიშვილმა კორეელ სტუმრებს ის ეკონომიკური რეფორმები გააცნო, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის ხელშეწყობისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყანასთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები, რაც კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს საქართველოს ეკონომიკის სექტორებში  მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიმართ.


კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


სხვა სიახლეები