• Ƀ/$

ბუნებრივი გაზი და სირიის ომი – სასტიკი გეოპოლიტიკური თამაში

21 მარტი 16:01, 2018 წელი | ანალიტიკა

საჰაერო თავდასხმამ სირიაში თხუთმეტი ბავშვის და ორი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც თავს მიწისქვეშა სკოლას აფარებდნენ ამბოხებულთა მიერ დაპყრობილ აღმოსავლეთ გუტას რეგიონში.

გამოცემა BBC-ის ცნობით, დამასკოს გარე ანკლავში მთავრობის ძალების შესვლის შემდეგ, 1.400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო გასულ კვირაში 50 000-მდე ადამიანმა დააღწია თავი ალყას.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანთა უფლებების კომისიის ანგარიშის თანახმად, სირიის სამთავრობო ჯარების ალყა მძიმე საომარ დანაშაულებს მოიცავს - ქიმიური იარაღის გამოყენებას, იძულებით შიმშილს, როგორც ომის წარმოების აუცილებელ ელემენტს, სასიცოცხლო დახმარების უარყოფას სწორედ იმ მომენტში, როცა აქტიურად მიმდინარეობს ათასობით სამოქალაქო პირზე თავდასხმა.


სირიის კონფლიქტმა, რომელიც უკვე შვიდი წელია გრძელდება, 400 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 11 მილიონი კი იძულებული გახადა ლტოლვილი გამხდარიყო. ეს კონფლიქტი 2011 წელს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პროტესტის ჩასახშობად ძალა გამოიყენა, რამაც, თავის მხრივ, ქვეყანა მწვავე სამოქალაქო ომში ჩაითრია.


ვინ არის ჩართული სირიის ომში?


მთავრობის ძირითადი მხარდამჭერები არიან ირანი და რუსეთი, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი და საუდის არაბეთი გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერენ მხარს.


რუსეთმა - რომელსაც უკვე ჰქონდა სამხედრო ბაზები სირიაში - 2015 წელს სამხედრო საჰაერო კამპანია დაიწყო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა მთავრობის ძალების პოზიციების განსამტკიცებლად.


რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ ტერორისტებს ებრძვიან, მაშინ, როცა მრავალი აქტივისტის განცხადებით, ისინი რეგულარულად ხოცავენ აჯანყებულებს და მშვიდობიან მოქალაქეებს.


ირანმა ათასობით დამხმარე სამხედრო პირი შეიყვანა სირიაში და მილიარდობით „დონაცია შესწირა“ ასადის რეჟიმს.


ირანის მხარდამხარ, სირიის მთავრობის სასარგებლოდ, კონფლიქტში ჩაებნენ ერაყი, იემენი და ავღანეთი, ათასობით შეიარაღებულ შიიტ მუსლიმთან ერთად.


აშშ-მ, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა სხვადასხვა ტიპის დახმარება გაუწიეს ე.წ. „ზომიერ“ ამბოხებულებს. გლობალურმა კოალიციამ 2014 წლიდან განახორციელა საჰაერო თავდასხმები ISIS-ის საწინააღმდეგოდ და დაეხმარა ე.წ. სირიის დემოკრატიულ ძალებს (SDF).


საუდის არაბეთი, რომელიც ირანულ გავლენებს უპირისპირდება, ასევე აფინანსებს აჯანყებულ მხარეს.


ისრაელმა, რომელიც საკმაოდ შეშინებული აღმოჩნდა ირანული იარაღის ჰეზბოლაში გადაზიდვით, რამდენიმე საჰაერო შეტევა განახორციელა ამ პროცესის ჩაშლის მიზნით.


თურქეთმაც საკმაო დახმარება გაუწია აჯანყებულებს, თუმცა მისი მთავარი მიზანი იყო, თავიდან მოეშორებინა ქურთების მილიცია, რომლებსაც კავშრები აქვთ სირიის დემოკრატიულ ძალებთან. ისინი ქურთებს თურქეთში აკრძალულ აჯანყებულთა ჯგუფის დამხმარე ძალებად მოიაზრებენ.


ომი გაზსადენებისთვის?


სირიის ომი, ერთი შეხედვით, დიდი პოლიტიკური არეულობის კერაა, მაგრამ მთავარი ფაქტორი, რომელიც არც თუ ისე ხშირადა ჟღერდება, ცხადყოფს ამ ომის მთავარ მიზეზს.


სხვადასხვა ექსპერტები შენიშნავენ, რომ ომში ჩართულ პოლიტიკურ ძალებს შორის ომის დაწყების ერთადერთი მიზეზი არსებობს: 10 მილიარდიანი გაზის მილსადენი.


ბევრჯერ დაისვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაერთო სირიის ომში რუსეთი.


რუსეთი ევროპისთვის გაზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელია. კრემლის მიერ კონტროლირებადი „გაზპრომის“ მიერ წარმოებული პროდუქტის 80% ევროპაში იყიდება, თუმცა ევროპა გაზის ალტერნატიულ წყაროს ეძებს, რათა შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება. ამ კუთხით, ამერიკაც, როგორც გაზის მიმწოდებელი ქვეყანა, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, თუმცა მას ჯერ კიდევ დიდი დრო დაჭირდება, სანამ ზღვისიქითა ნავთობის ტრანსპორტირებას ინტენსიურად დაიწყებს.


ორი ახალი (მეტოქე) მილსადენი


სამოქალაქო ომის დაწყებამდე, ყატარი და ირანი გეგმავდნენ მილსადენების გაყვანას სირიის გავლით, ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად.


ყატარის გეგმა პირველად 2009 წელს ამოქმედდა და მოიცავდა მილსადენის გაყვანას სპარსეთის ყურიდან საუდის არაბეთის გავლით, იორდანიაში, სირიასა და თურქეთში.


სივრცე, რომელიც 3 000 მეტრს მოიცავს, სპარსეთის ყურის ფსკერზე, ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბადოა მსოფლიოში. ყატარი ამ რესურსის ერთ-მესამედს ფლობს, მაგრამ არ შეუძლია მისი სრულად რეალიზება, რადგან იგი დამოკიდებულია ტანკერებზე, რათა გაზი ევროპის ქვეყნებს მიაწოდოს და სწორედ ამიტომ მათი გაზი უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთის.


არსებობდა მოლოდინები, რომ სირიის გავლით, ევროპას გაზის ალტერნატიული წყარო შეექმნებოდა, თუმცა სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა - სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან იძულებით - უარი განაცხადა, რომ მილსადენი თავის ტერიტორიაზე გაეყვანათ. ამ უარით, რუსეთმა თავის ბიზნესს საფრთხეები აარიდა.


ამასობაში ირანმა, რომელიც სპარსეთის ყურის გაზის საბადოების შედარებით მცირე მარაგებს ფლობს, გადაწყვიტა განეხორციელებინა თავისი მეტოქის გეგმა - 10 მილიარდიანი მილსადენის გაყვანა ევროპაში, ერაყის და სირიის, და შემდგომ ხმელთაშუა ზღვის გავლით.


ამან მოწონება დაიმსახურა რუსეთის მხრიდან, სავარუდოდ იმის გამო, რომ იგი შეძლებდა ირანზე გავლენების გავრცელებას, განსხვავებით ყატარისგან, რომელიც ამერიკის სამხედრო საჰაერო ბაზების მასპინძელია.


ასადი დათანხმდა ირანის გეგმას, რომელიც 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა იგი ძალიან დიდხანს შეყოვნდა არაბული გაზაფხულის და სამოქალაქო ომის გამო.


მრავალი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ასადთან დაპირისპირებულ ძალებს, კავშირები აქვთ ხსენებული მილსადენის პროექტთან.


სწორედ ამიტომ, სხვადსხვა ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ყატარმა სამი მილიარდით დააფინანსა ასადთან დაპირისპირებული ძალები. ამ კუთხით, არანაკლები „წვლილი“ შეიტანა საუდის არაბეთმა ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსებაში.


ამერიკული არმიის მაიორის, რობ ტეილორის განცხადებით, „ამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაწიერიდან, სირიის კონფლიქტი არ არის სამოქალაქო კონფლიქტი; ეს კონფლიქტი არის საერთაშორისო მოთამაშეებს შორის დავა, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი გეოპოლიტიკურ რუკაზე, ახალი მილსადენის გახსნის მზაობაში დააფიქსირონ“.


თურქეთის ინტერესები


ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც სხვა დიდ მოთამაშეებს შორის, სერიოზული მიზნები აქვს ასადის თავიდან მოსაშორებლად, თურქეთია, რომლის პრეზიდენტმა ერდოღანმა არაერთხელ მოუწოდა ბაშარ ალ–ასადს, გადამდგარიყო.


ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, მიშელ ორნშტაინის განცხადებით, გარდა იმისა, რომ  თურქეთს ასადის მოშორება უნდა ქურთების მხარდაჭერის გამო, გაზი მაინც ყველაზე მთავარი მიზეზია, სირიის ოპოზიციურ ძალებთან შეკვრისთვის.


თურქეთი, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზეა, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველია. სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსები თურქეთს საუკეთესო ვარიანტად განიხილავენ, ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში გაზის ტრანზიტისთვის. ამით თუქრეთიც მიიღებს ენერგო-რესურსებს.


ამასთანავე, ის, ამერიკის დახმარებით უზრუნვეყოფს, რომ ახლო აღმოსავლეთის ყველა გაზის მიმწოდებელი, თავისულად შეძლებს თავისი პროდუქტის ექსპორტს.


ყატარიც, სწორედ ამიტომ, თავისი გეგმის ცენტრში აყენებს თურქეთს. თურქეთისთვის კი რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ამ გეგმის დამატებითი ბონუსი იქნება.


მაგრამ, არც ერთი ეს გეგმა არ იქნება შესრულებული, თუ მილსადენი თურქეთის გავლით არ იქნება გაყვანილი და თუ ასადი ალტერნატიულ გზას მიმართავს მილსადენის გასაყვანად.


რადგანაც რუსეთი აქტიურად ეხმარება ასადის რეჟიმს - ნავთობის ბაზარზე თავისი დომინაციის შესანარჩუნებლად და ახლო აღმოსავლეთში რუსული გავლენების განსამტკიცებლად - თურქეთი უზარმაზარ დაბრკოლებას აწყდება თავისი მიზნების შესასრულებლად.


დასრულდება თუ არა ომი?


ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ ომის დასასრულს მალე ვიხილავთ, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ საჭიროა პოლიტიკური კონსენსუსი.


გაეროს უშიშროების საბჭომ მოითხოვა 2012 წელს მიღებული ჟენევის კომიტეტის დასკვნის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ორმხრივ თანხმობაზე დაფუძნებული დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას. უშუალოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს კი, ჯერ არანაირი შედეგი არ მოუტანია.


ამ დროისთვის სირიის პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციასთან დიალოგზე წასვლას; ხოლო, აჯანყებულები სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებელ წინაპირობად პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.


ამასობაში კი, დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს პარალელური პოლიტიკური აქტებით სამშვიდობო პროცესების შეყოვნებაში, თუმცა, უშედეგოდ...


ავტორი: მარიამ ხაზარაძე, M2B-ს მიმომხილველი.


სხვა სიახლეები