• Ƀ/$

ბრექსიტი ბრიტანეთის საფინანსო სექტორს 5 000 სამუშაო ადგილს დააკარგვინებს

28 მარტი 17:37, 2018 წელი | ანალიტიკა

ბრექსიტის გამო, ბრიტანეთი საფინანსო სექტორის დაახლოებით 5 000 სამუშაო ადგილს დაკარგავს - ასეთი შედეგი აჩვენა როიტერსის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 119 საერთაშორისო კომპანია იყო ჩართული.

ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია იმ რიცხვზე, რომელიც სექტემბერში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.


იმავე კვლევის შედეგებით, სამუშაოების გადინება ძირითადად პარიზისა და ფრანკფურტის მიმართულებით მოხდება. ამასთან, თუ წინა კვლევისას უპირატესობა ფრანკფურტს ენიჭებოდა, ამჯერად გერმანულ ქალაქს პარიზმა გადაასწრო.


რამდენიმე ბანკმა შეამცირა იმ სამუშაოების რიცხვი, რომლების ბრიტანეთის გარეთ გატანასაც აპირებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ ჯერ არ იციან, საკუთარი ოპერაციების რა ნაწილი დასჭირდებათ ბრიტანეთს მიღმა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს.


კვლევის შედეგებზე ნაწილობრივ იმ გარემოებამ იმოქმედა, რომ პრემიერ ტერეზა მეისა და ევროკავშირს შორის ბრექსიტის გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით, მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს.


კვლევა აჩვენებს, რომ ლონდონი ადვილად შეინარჩუნებს ევროპის უდიდესი ფინანსური ცენტრის სტატუსს. ეს რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან გასვლის მომხრეების პოზიციებს ამყარებს. ისინ ამბობენ, რომ ბრექსიტის შემთხვევაში, ბრიტანეთიდან მაღალკვალიფიციური სამუშაოების შესაძლო მასობრივი გადინების შიში გადაჭარბებული იყო.


„ფინანსური სამყაროს მიერ ლონდონის უარყოფის მოლოდნ გადაჭარბებული იყო, რადგან ბრექსიტის შემდეგაც, ეს ქალაქი იმ უპირატესობათა უმეტესობას შეინარჩუნებს, რომლებმაც დიდ ფინანსურ ცენტრად აქციეს“, - ამბობს ლონდონის ბანკებისა და ფინანსების ინსტიტუტის პროფესორი პიტერ ჰანი.


ლონდონის, როგორც ევროპის ფინანსური ცენტრის როლი, ბრექსიტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებათა ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ეს ბრიტანეთის უმსხვილეს საექსპორტო სექტორად და გადასახადების უდიდეს რესურსად ითვლება. შესაბამისად, ევროპის მსხვილ საფინანსო ცენტრებს სურთ, რომ ლონდონიდან მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და მათთან ერთად, ყველა ფინანსური მოგება მიიზიდონ.


იმავდროულად, საერთაშორისო ფინანსური ფირმები ევროკავშირში საკუთარ საოპერაციო ფილიალებს ხსნიან, რათა კლიენტთა მომსახურება იმ შემთხვევაშიც გააგრძელონ, თუ ბრექსიტის შემდეგ, ლონდონი ბრიტანეთის გარეთ თავის პოზიციებს დაკარგავს.


კვლევაში ჩართული იყო ბრიტანეთში მომუშავე, საერთაშორისო ოპერაციებზე ორიენტირებული ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, აქტივების მენეჯერები, კერძო საკუთრების ფირმები და გამცვლელი პლატფორმები. კვლევისას ასევე განხილული იყო ეგრეთ წოდბული „მძიმე ბრექსიტის“ შესაძლებლობა და მისი სავარაუდო შედეგები.


ბრიტანეთმა და ევროკავშირმა 21 მარტს შეათანხმეს ბრექსიტის 21-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, ისინი მომავალ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. ამ შეთანხმებამ შეამცირა „მძიმე ბრექსიტის“ საშიშროება. თუმცა ჯერაც პარლამენტისგან დამტკიცებას საჭიროებს.


როიტერსის კვლევითმა ჯგუფმა სულ 164 ფირმას მიმართა, თუმცა მხოლოდ 119-სგან მიიღო პასუხები. ბევრმა თავის შეკავება ამჯობინა, რადგან პოზიციები ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ აქვთ. შედარებისთვის, სექტემბრის გამოკითხვაში 123 ფირმა იყო ჩართული. მათგან რამდენიმემ კვლევაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.


კვლევაში მონაწილე ფირმების დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ ბრექსიტის გამო, საკუთარ პერსონალს სრულად ან ნაწილობრივ, ბრიტანეთის გარეთ გადაიყვანს, ან საკუთარი ბიზნესის რესტრუქტურიზაციას ჩაატარებს. ფირმების დაახლოებით მეოთხედი აცხადებს, რომ მათზე ბრექსიტი ვერ იმოქმედებს, თითქმის ამდენივე კი, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.


რამდენიმე ბანკმა განაცხადა, რომ წინასწარი გათვლები შეცვალეს. მაგალითად, „დოიჩე ბანკი“ აღიარებს, რომ ლონდონიდან თავის 4 000-კაციანი პერსონალის გაყვანას აღარ გეგმავს. ამის ნაცვლად, ბრექსიტის შემდეგ მხოლოდ 200 სამუშაო ადგილს გადაამისამართებს კონტინენტზე.


UBS ლონდონიდან ფრანკფურტში 200 სამუშაო ადგილს გადაიტანს. მისი ადრეული შეფასებით, ამავე მიმართულებით, 1 500 სამუშაო ადგილის გადინება იგეგმებოდა. გეგმების კორექტირება „გოლდმენ საქსმაც“ გადაწყვიტა, რომელიც ადრე ბრიტანეთიდან 1 000 თანამშრომელის გადაყვანას აპირებდა, ახლა კი ეს რიცხვი გაანხაევრა.


სხვა სიახლეები