• Ƀ/$

სპორტის ეკონომიკა - უსასრულობამდე მზარდი რიცხვები

1 აპრილი 03:18, 2018 წელი | ანალიტიკა

არც ერთ ცალკე აღებულ რელიგიას არ ეთაყვანება მსოფლიოში იმდენი ადამიანი, რამდენიც ბურთს. დღეს სპორტი ყველაფერია: ვარჯიშიც, გართობაც, სანახაობაც, ბიზნესიც და პოლიტიკაც – მისი უარყოფის მცდელობის მიუხედავად. 

სპორტი თითქმის ისეთივე ძველია, როგორც ცივილიზაცია. არსებობს მტკიცებულებები, რომ სპორტით ძველ ჩინეთსა და ეგვიპტეში იყვნენ დაკავებულები. თუმცა სპორტს კლასიკური სახე ძველმა საბერძნეთმა მისცა, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. ცხადია, იმ დროისთვის სპორტული დისციპლინების რიცხვი გაცილებით მცირე იყო. მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ თავისუფალ ბერძენ მამაკაცებს ჰქონდათ. მთავარი იყო გამარჯვება და არა მონაწილეობა. როგორც ბოლო, ასევე  მეორე ადგილზე გასული არენას შერცხვენილი ტოვებდა. ოლიმპიური თამაშები, როგორც წარმართული გადმონაშთი 394 წელს იმპერატორმა თეოდოსიუსმა აკრძალა. შეჯიბრების პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლოა გლადიატორთა ორთაბრძოლაც არაჰუმანურ, მაგრამ მაინც სპორტულ სახეობას მივაკლუთვნოთ.



შუა საუკუნეებმა სპორტიც შთანთქა, თუმცა ბოლომდე არ გაუქრია, რუსთაველი პროლოგში ამბობს: „მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ  ქნევა". სხვადასხვა ქვეყანას სპორტის საკუთარი ეროვნული სახეობა გააჩნდა, საქართველოში ასეთი ლელობურთი იყო. თანამედროვე სახით კი სპორტული დისციპლინები XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა.1896 წელს ოლიმიური თამაშებიც განახლდა.



პრაქტიკულად, გასული საუკუნის 50-60-იან წლებამდე სპორტი კვლავ მოყვარულებისთვის იყო განკუთვნილი. ტელევიზიის საყოველთაოდ გავრცელებამ მაყურებელთა რიცხვი რამდენიმე მილიონამდე გაზარდა, ამ მოვლენას თან ახლდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდა. შედეგად საუკეთესო სპორტსმენის ანაზღაურებამ აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასს 100-150-ჯერ გადააჭარბა. დღეს ფეხბეურთელის ფასით „ბოინგის“ შეძენაა შესაძლებელი, საფეხბურთო კლუბის ფასით კი ატომური ავიამზიდის.



მთვარემდე რომ სამაქნქნო გზა არსებობდეს, მანჩესტერ იუნაიტედის ღირებულების ბენზინით 73 000-ჯერ მოვახერხებდით წასვლას და უკან დაბრუნებას, ელექტრომობილის შემთხვევაში კი 400 000-ჯერ.  საკალათბურთო კლუბებშიც პრაქტიკულად იგივე მდგომარეობაა, იმ განსხვავებით, რომ ტოპ ათიდან ათივე ამერიკული კლუბია. ამერიკული ფეხბურთის გუნდების ღირებულება კიდევ უფრო მაღალია. “dallas  cowbays” ფასი $4.8 მლრდ-ს შეადგენს, შემოსავალი $840 მლნ-ს. ეს გუნდი რომ ქვეყანა იყოს, 4 მილიონიან მავრიტანიაზე და 4.5 მილიონიან ლიბერიაზე მდიდარი იქნებოდა.


ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ბიუჯეტმა გასულ სეზონზე 1.31 მილიარდი ევრო შეადგინა, მხოლოდ ასპარეზობისთვის 32-ივე გუნდს საბაზისო  თანხა 12.7 მილიონი ევრო გადაეცა. გამარჯვებულმა „მადრიდის რეალმა“ კი 57 მილიონ ევროს მოუყარა თავი, რასაც ტელეტრანსლირებიდან კიდევ 100 მილიონი დაემატა.



შთამბეჭდავია თავად სპორტსმენების ანაზღაურებაც. ლიონელ მესის წლიური ხელფასი 53 მილიონი ევროა, კრიშტიანუ რონალდოსი – 58 მილიონი ევრო. მათ რეკლამებიდან მიღებული შემოსავლებიც ემატება. ფლოიდ მეივეზერმა კონორ მაკგრეგორთან გამარჯვებაში (კრივი) $300 მლნ მიიღო. კალათბურთელ მაიკლ ჯორდანისა და გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსის შემდეგ, მეივეზერი მესამე სპორტსმენი გახდა ისტორიაში, რომლის ქონებამაც 1 მილიარდს გადააჭარბა. განსხვავებით ძველი საბერძნეთისგან, დღევანდელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი ინატრებდა დამარცხებული მაკგრეგორის ადგილას ყოფნას, ამ ბრძოლაში წაგებულის ჯილდო 70 მილიონ დოლარს შეადგენდა. ადგილზე დასასწრები ოფიციალური ბილეთის ფასი $10 000-ს აღწევდა, შავ ბაზარზე – გაცილებით მეტს. სპორტსმენების ანაზღაურებაზე საუბრის დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ შტატებშიც და ევროპის ქვეყნებშიც მაქსიმალურ ანაზღაურებაზე შეზღუდვები მოქმედებს.



კლუბებისა და სპორტსმენების ანაზღაურებასთან ერთად, მკვეთრადაა გაზრდილი საორგანიზაციო ხარჯებიც. მუნდიალისა და ოლიმპიური თამაშების მასპინძლობას სულ უფრო ნაკლები ქვეყანა/ქალაქი ითხოვს, რადგან ხარჯი $10 მლრდ-ს აღწევს და ზოგჯერ აჭარბებს კიდეც. ტურნირის შემოსავალი კი ბევრად ნაკლებია. მისი დასრულების შემდეგ სტადიონებისა და სპორტული კომპლექტების ნაწილი უფუნქციოდ რჩება. 110 წლის წინ ლონდონის ოლიმპიური თამაშები ამჟამინდელი კურსით მხოლოდ $10 მლნ დაჯდა.


1 მილიარდიან ზღვარს უკვე სტადიონების ღირებულებამაც გადააჭარბა. ნიუ-იორკის იანკების სტადიონის მშენებლობა $1.5 მლრდ დაჯდა. $1.26 მლრდ უჯდება ტოკიოს ახალი ოლიმპიური სტადიონის მშენებლობაც.



მართალია, სპორტისა და პოლიტიკის დისტანცირებას დღეს ბევრი ცდილობს, მაგრამ რეალობა სხვა რამეს აჩვენებს. ძველ საბერძნეთში ოლიმპიური თამაშების დროს ომები წყდებოდა. თანამედროვე მსოფლიოში 1916, 1940 და 1944 წლებში მსოფლიო ომების გამო ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1940 და 1944 წლებში კი ზამთრის ოლიმპიური თამაშები  ჩაიშალა. იმავე მიზეზითი 1942 და 1946 წლებში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ვერ ჩატარდა. 1920 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გერმანია, ავსტრია, უნგრეთი და ბულგარეთი არ დაუშვეს. 1948 წელს კი გერმანიას, იტალიასა და იაპონიას ეთქვათ მონაწილეობაზე უარი. 1980 წელს მთელმა დასავლურმა სამყარომ მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა რასაც 1984 წელს ლოს–ანჯელესის ოლიმპიადის საპასუხო ბოიკოტი მოჰყვა. მოსკოვის ოლიმპიადაზე, იტალიამ, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, დანიამ, შვეიცარიამ, ესპანეთმა და ბელგიამ ნეიტრალური დროშის ქვეშ 27 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს. ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე მსგავსი პრეცედენტი აღარ დაფიქსირებულა. დოპინგ ტესტზე ჩავარდნის გამო რუსეთის ნაკრები 2018 წლის ფიონგ-ჩანგის ოლიმპიური თამაშებიდან ჩახსნეს. ამჟამად რუსეთში გასამართი მუნდიალის ბოიკოტი აქტიურად განიხილება.



პოლიტიკა სპორტსმენთა შედეგებზეც აისახება. 1934 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა დუჩეს არაორაზროვანი დეპეშა მიიღეს „გამარჯვება ან სიკვდილი!“. 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე გერმანია 33 ოქროს მედლით არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველად და უკანასკნელად გახდა ჩემპიონი. 165–მილიონიან ბანგლადეშს ოლიმპიური მედალი ამ დრომდე არ გააჩნია. თბილისის „დიანამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად 1964 წელს გახდა, მაგრამ იქამდე 1953 წელს ეს ტიტული, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩამოართვეს.


კითხვაზე, თუ რა არის სპორტის მომვალი, ეკონომიკურად ხარჯების კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი, პოლიტიკური დატვირთვა კვლავაც გაძლიერდება. ტექნოლოგიები კი ამ სფეროშიც აღწევენ. თუ 2018 წლის მუნდიალი მაინც ჩატარდა, მნიშვნელოვან მომენტებში ვიდეორეფერს დაიხმარენ, რომელიც კალათბურთსა და რაგბში უკვე დიდი ხნის დანერგილია. 2014 წლიდან კი ელექტრომობილებით შეჯიბრი იმართება სახელწოდებით Formula E. სამომავლოდ ტექნოლოგიების როლის კიდევ უფრო მეტ ზრდას მოელიან.



მსგავს თემაზე:

ზამთრის ოლიმპიადა საქართველოში?


მუნდიალზე ვიდეომსაჯი დაუშვეს


მუნდიალი საფრთხის წინაშეა


ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლებს ძველი მობილურებისგან დაამზადებენ



სხვა სიახლეები