• Ƀ/$

სავაჭრო ომმა სავალუტო ბაზრები დაზაფრა

4 აპრილი 16:25, 2018 წელი | ანალიტიკა

საერთაშორისო სავალუტო ბაზრების მსხვილი მოთამაშეები, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს - შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის წარმოქმნილი სავაჭრო დაძაბულობის გამო, გაურკვეველ მდგომარეობაში მოექცნენ.

ამ დაძაბულობამ ადვილად გადაფარა აშშ-ის სააქციო ბაზრის ზრდის ფაქტორი. ინვესტორები ახალი, რისკიანი პოზიციების გახსნისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ და სიტუაციის გარკვევას ელოდებიან, ან ეგრეთ წოდებულ რისკისგან თავშესაფარ აქტივებს ეტანებიან.


სავალუტო ბაზარზე დოლარმა პოზიციები მცირედით დათმო. ინვესტორების ნაწილი ფიქრობს, რომ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის შეცვლაზე ჩინეთის საპასუხო ნაბიჯი, ამერიკული ვალუტის დასუსტებას გამოიწვევს. თუმცა, უფრო მეტი ინვესტორია დარწმუნებული, რომ მხარეები საბოლოოდ შეძლებენ მოლაპარაკებას და დაძაბულობაც ჩაივლის.


„რაბობანკის“ სავალუტო ბაზრის სტრატეგი ჯეინი ფოული ამბობს, რომ „შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ბაზარზე კონსენსუსი არ არსებობს, რამაც სავალუტო ბაზრები ერთ ადგილს ტკეპნიან“.


დოლარმა ყველაზე მეტად პოზიცია იაპონურ იენთან წყვილში დათმო, რომელიც რისკისგან თავშესაფარ აქტივად მოიაზრება და ინვესტორები ყველაზე ხშირად მას მაშინ „აკითხავენ“, როცა არაორდინარული ფაქტორების გამო, ბაზარი გაურკვეველ სიტუაციაშია. ინვესტორები თვლიან, რომ შექმნილ სიტუაციაში, სწორედ იენში ინვესტირება მოუტანს მათ ყველაზე მეტ მოგებას.



შედეგად, დოლარის ფასი 106.01 იენამდე შემცირდა, თუმცა შემდეგ რამდენიმე პუნქტი „დაიბრუნა“. საერთო ჯამში, ამერიკისადმი ჩინეთის საპასუხო რეაქციას, დიდი რყევა არც ამ წყვილზე გამოუწვევია.


უფრო ადრე, მას შემდეგ, რაც ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა ზრდა განაახლა, რისკის აპეტიტიც გაიზარდა და დოლარმა იენთან წყვილში პოზიცია გაიუმჯობესა. სულ რაღაც, რამდენიმე საათის წინ, ერთი დოლარის ფასი 106.69 იენი იყო. ცნობისათვის, ამ წყვილზე ბოლო რამდენიმე თვის მინიმუმი 104.61 იენია და ეს კურსი 26 მარტს დაფიქსირდა.


დოლარის ინდექსი 90.102-მდე შემცირდა (–0.1%). ამასთან, ევროსთან მიმართებით დოლარმა პოზიცია გაიმყარა და ამჟამად ერთი ევროს ფასი 1.2286 დოლარია. საერთო ჯამში, ამ წყვილის ფასის მოძრაობაც უმნიშვნელოა. სავაჭრო ომის საფრთხეების გამო, ამ წყვილის ფასზე დიდი გავლენა ვერც ევროზონის ინფლაციის მაჩვენებლების გამოქვეყნებამ მოახდინა.


დოლართან წყვილში კორეული ვონიც დაზარალდა, რომელიც 0.5%–ით დაეცა და ამ მომენტისთვის ერთ დოლარში 1058.57 ვონს იხდიან. სამხრეთ კორეის ეკონომიკა საერთაშორისო ვაჭრობაზეა დამოკიდებული და როცა რეგიონში ან გლობალურ ბაზარზე რისკები იზრდება, ვონიც ზარალდება.


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სამშაბათს გამოაქვეყნა იმ 1300 საქონლის (ინდუსტრიული, სამედიცინო, ტექნოლოგიური, სატრანსპორტო და სხვა სახის) სია, რომლებზეც საიმპორტო ტარიფები 25%–ით გაიზარდა. ამას ჩინეთის მხრიდან უკვე მოჰყვა საპასუხო რეაქცია.


სხვა სიახლეები