• Ƀ/$

ლარმა კვირა პლუსში დახურა, მიუხედავად სებ–ის 20 მლნ–იანი ინტერვენციისა

6 აპრილი 10:42, 2018 წელი | ანალიტიკა

ლარმა გასული სამუშაო კვირა პლუსში დახურა, მიუხედავად საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ჩარევისა, რომელმაც ეროვნული ვალუტის გამყარების ტემპის შესანელებლად $20 მლნ შეისყიდა.

ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე სავალუტო ბაზარზე სებ–ის მხრიდან განხორციელებულ ინტერვენციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ლარის მკვეთრად გამყარების თავიდან აცილების მხრივ.


„სებ-ი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს პერიოდულად მიმართავს, რომლის მიზანია მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის უზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით, ლარის არც ზედმეტად გაუფასურება და არც გამყარება სასურველი არ არის. ზედმეტად ლარის გამყარება ნეგატიურად აისახება პირველ რიგში ექსპორტზე, რადგან ძვირდება საექსპორტო საქონელი“, – უთხრა M2B-ს გიორგი ცუცქირიძემ.


მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ორიენტირად აიღება არა ნომინალური გაცვლითი კურსი, არამედ ეფექტური რეალური გაცვლითი კურსი, რაც ნიშნავს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ საშუალო შეწონილ მაჩვენებელს, სადაც წონები გამოითვლება ვაჭრობის მოცულობაში თითოეული ქვეყნის წვლილის მიხედვით. შესაბამისად, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე და კერძოდ ექსპორტზე, სწორედ ეფექტური რეალური გაცვლითი კურსი უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ნომინალური გაცვლითი კურსი.


„თუმცა, იმის გამო, რომ ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციიდან გამომდინარე მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილს სესხები უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული, ჩვენთან ძირითად ინტერესს ლარის დოლართან მიმართებაში ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება იწვევს“, – მიიჩნევს გიორგი ცუცქირიძე.


„აქვე მსურს აღვნიშნო, რომ გარდა მაღალი ეკონომიკური ზრდისა, თებერვლის მონაცემებით ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5.5%-ს შეადგენს, ლარის კურსზე ზეგავლენას ახდენს ისეთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორი, როგორიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაა. 2017 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტი 12,8%–დან 8,7%–მდე შემცირდა, რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დეფიციტის შემცირება განაპირობა, ერთის მხრივ, წმინდა ექსპორტის დადებითმა დინამიკამ (საქონლის ექსპორტი წლიურად 19,4%–ით, ხოლო იმპორტი 7,7%–ით გაიზარდა) და მეორეს მხრივ, მომსახურების ექსპორტის, განსაკუთრებით ტურიზმის ზრდამ, რომლის მაჩვენებელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 32,3%–ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა. ლარის გამყარება ასევე განაპირობა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, რომელიც ეკონომიკური ზრდის და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყაროა. დაზუსტებული მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს ისტორიულ მაქსიმუმს $1.861 მლრდ-ს მიაღწია, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16.2%-ით აღემატება. დღეს ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო ფონი რეგიონში, რაც დიდწილად განპირობებულია პოლიტიკური და ფინანსური სტაბილიზაციით. ლარის კურსის გამყარება ასევე განპირობებულია საგარეო ფაქტორებითაც. კერძოდ, აშშ დოლარის გაუფასურებით წამყვან ვალუტებთან მიმართებაში, რაც ჩინეთთან მიმდინარე „სავაჭრო ომის“ შედეგია. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ის ფარგლებშია, რაც ემთხვევა სებ-ის გასული წლის პროგნოზს და თუ ეს მაჩვენებელი შენარჩუნდა, მაშინ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დიდი ალბათობით ამ წელსაც მინიმუმ 5%-ის ფარგლებში იქნება, რაც ლარის კურსის შემდგომი სტაბილიზაციის დადებით წინაპირობებს ქმნის“, – აცხადებს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.


ორშაბათის ვაჭრობის შედეგების თანახმად სებ–მა ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2,4052 ნიშნულზე დააფიქსირა. კვირის ბოლო სამუშაო დღეს, ხუთშაბათს, $1 – 2,4011 ლარის ნიშნულამდე დავიდა.


სხვა სიახლეები