• Ƀ/$

ჩინეთი უცხოური ავტოკომპანიებისთვის საკუთარ ბაზარს ხსნის

18 აპრილი 09:00, 2018 წელი | ანალიტიკა

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე მოქმედ ერთობლივ საავტომობილო კომპანიებში, უცხოური კომპანიების წილის ზღვარს 2022 წლისთვის სრულად გააუქმებს.

ეს შეზღუდვა ოც წელზე მეტია მოქმედებს და ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონლზე ტარიფების მკვეთრი აწევის შესახებ განაცხადა.


ჩინეთის გეგმის მიხედვით, უცხოურ კომპანიებს ფლობის შეზღუდვები იმ ერთობლივ კომპანიებში, რომლებიც ელექტრომობილებსა და პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილებს აწარმოებენ, 2018 წელსვე მოეხსნებათ. 2020 წელს შეზღუდვა მოიხსნება კომერციული ავტომობილების მწარმოებელ ერთობლივ საწარმოებზე. მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელ ერთობლივ კომპანიებზე კი არსებული შეზღუდვები 2022 წლისთვის გაუქმდება.


ეს შეზღუდვები ჩინეთის ბაზარზე 1994 წლიდან მოქმედებს. იმ დროს ჩინეთი ჯერაც არ იყო მსოფლიოს უდდსი საავტომობილო ბაზარი.


შეზღუდვების შესაბამისად, უცხოურ კომპანიებს ჩინეთში მუშაობის დასაწყებად, ადგილობრივ კომპანიებთან ერთობლივი კომპანიების შექმნა ევალბოდათ. ამასთან, ამ კომპანიებში მათი წილი არ უნდა ყოფილიყო 50%–ზე მეტი. ამ წესის ძირითადი მიზანი, ადგილობრივი საავტომობილო კომპანიების ყოველმხრივი განვითარება იყო.


შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის კვალობაზე, ჩინეთი იმ კომპანიებს წაახალისებს, რომლებიც მის ტერიტორიაზე ენერგიის ახალი წყაროებით მომუშავე ავტომობილების წარმოებაზე აკეთებენ აქცენტს. მათ შორის არის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია „ტესლა“, რომელიც შანჰაის მახლობლად საკუთარი ქარხნის მშენებლობას გეგმავს.


არადა, სულ ერთი კვირის წინ, „ტესლას“ შეფი ილონ მასკი ამბობდა, რომ ჩინეთში უცხოური ბიზნესისთვის არათანაბარი პირობებია, რის გამოც ადგილობრივი კომპანიები თავიანთ უცხოელ პარტნიორებთან შედარებით, უფრო მომგებიან პოზიციაში იმყოფებიან.


როგორც ჩანს, ჩინეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, სიტუაციის რადკალურად შეცვლას დაედება საფუძვლად.


საინტერესო განცხადება გააკეთა „ჯენერალ მოტორსის“ ერთ-ერთმა აღმასრულებელმა, რომლის თქმითაც, ამერიკული კომპანია ერთობლივ საწარმოებში უცხოური კომპანიებისთვის წილის შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაშიც, ადგილობრივ პარტნიორ „SAIC მოტორ კორპორეიშენთან“ ურთიერთობებს არ გადახედავს და ძველებურად გააგრძელებს.


სააგენტო როიტერთან საუბრისას, კომპანიის აღმასრულებელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, დასძინა, რომ „ჯენერალ მოტორსის“ საქმიანობა ჩინეთში ნაკლებად წარმატებული იქნება, თუ მას ადგილობრივი პარტნიორი არ ეყოლება.


უფრო მეტიც, სულ ახლახანს, „ჯენერალ მოტორსმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩინელი გამოცდილი და სანდო პარტნიორები იმის გარანტიას ქმნიან, რომ ჩინეთში მისი ბიზნესი განუხრელად იზრდება.


იმავდროულად, იაპონური „ნისან მოტორი“ აცხადებს, რომ კარგად დააკვირდება მოვლენებს და ბაზარზე საკუთარ პოლიტიკას შეცვლილი კონიუნქტურის შესაბამისად დაგეგმავს.


„ჯენერალ მოტორსის“ მსგავსად, ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობას წარმატების წინაპირობად მიიჩნევს სხვა იპონური კომპანია „ჰონდა“. მისი წარმომადგენლის განცხადებით, „ჰონდა“ ჩინურ ბაზარზე პოლიტიკის შეცვლას ჯერჯერობით არ გეგმავს.


ავტომობილების გარდა, შეზღუდვები მალე გემთმშენებლობასა და ავიამშენებლობაშიც მოიხსნება. ამის შესახებ, ჩინეთის ეროვნული განვითარების და რეფორმების კომისიამ გააკეთა განცხადება. შეზღუდვების მოხსნა პირდაპირ შეეხება ისეთ ავიაგიგანტებს, როგორებიცაა „ბოინგი“ და „ეარბასი“.


სხვა სიახლეები