• Ƀ/$

რუსეთში ნავთობის ემბარგოსთვის ემზადებიან

20 აპრილი 10:28, 2018 წელი | ანალიტიკა

რუსი და დასავლელი სპეციალისტები ვერ თანხმდებიან რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის პერსპექტივების შეფასებებში. Moody’s-ის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ნავთობზე ფასების ზრდა რუსეთს გააძლებინებს ამერიკული სანქციების პირობებში.

ამ მხრივ საკმაოდ პესიმისტური განცხადება გააკეთა რუსეთის ბიზნეს–ომბუდსმენმა ბორის ტიტოვმა – „ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკაში ყველა პოზიციას თმობს“.


მისივე თქმით, მხოლოდ ნავთობის ხარჯზე ფონს გასვლა უკვე აღარ გამოდის და რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესება გაცილებით გააუარესებს ვითარებას.


„მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ბოლო წლებში სტაბილურობის მხარდაჭერას გულისხმობდა, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, – მიიჩნევს ბორის ტიტოვი. – რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი მიზანი ვერ იქნება. ამ პოლიტიკამ რუსეთი სავალალო შედეგებამდე მიიყვანა“.


„რუსეთის მშპ ბოლო 8 წლის განმავლობაში მხოლოდ 6%–ით გაიზარდა, როდესაც მსოფლიოში ეკნომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 35%–ს შეადგენს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში – 55%–ს, – ამბობს ბიზნეს–ომბუდსმენი. – ეს მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებშიც კი დაახლოებით ორჯერ მეტია – 13%. ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკაში ყველა საკვანძო პოზიციას კარგავს“.



„ნავთობზე ფასები კი იზრდება, მაგრამ ამაზე ჩვენი ეკონომიკა უკვე აღარ რეაგირებს. მომავალში ნავთობით ფონს გასვლა აღარ გამოგვივა. ეს ყველა სპეციალისტისთვის ნათელია იმის გაუთვალისწინებლადაც, რომ თუნდაც ნაწილობრივი ემბარგო დაგვიწესონ ნავთობზე. ქვეყნის შიგნით დაგროვილი უამრავი პრობლემისა და საგარეოპოლიტიკური ფონის უკიდურესი დაძაბვისა, ნათელი ხდება, რომ „არაფრის კეთების“ რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე რეფორმების ყველა რისკი ერთად აღებული“, – ამბობს ტიტოვი.


კრემლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საზოგადოება დღემდე არ გაუფრთხილებიათ შესაძლო ემბარგოს შესახებ რუსულ ნავთობზე.


მოკლევადიან პროგნოზებში რუსეთისთვის ნავთობის ექსპორტის აკრძალვას არც დასავლელი ექსპერტები ითვალისწინებენ.


„ნავთობზე ფასების ზრდა მთავრობას ფისკალური რეზერვების გაზრდაში დაეხმარება“, – ციტირებს სააგენტო როიტერი სააგენტო Moody’s Investors Service–ის ოთხშაბათის განცხადებიდან.


მაგრამ როგორ დაეხმარება ნავთობის მაღალი ფასი რუსეთს ემბარგოს შემთხვევაში? Moody’s–ის მიმდინარე შეფასებებში ასეთი პერსპექტივა არ არის გათვალისწინებული.


„რუსეთის ფედერაციის კრედიტუნარიანობა, რომელსაც Ba1 რეიტინგი აქვს პოზიტიტიური პროგნოზით, ისეთ დონეზეა, რომ შეუძლია ბოლო სანქციების გაძლება“, – თქვა Moody’s–ის უფროსმა ვიცე–პრეზიდენტმა და ანგარიშის ერთ–ერთმა ავტორმა კრისტინ ლინდოუმ.


რუსეთის საბანკო სისტემას საკმარისი შემოსავლები აქვს, სანქციებში მოყოლილი კომპანიების გამო მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების საკომპენსაციოდ, მიაჩნიათ Moody’s–ის ანალიტიკოსებს.


Moody’s–ის ასეთი ოპტიმისტური შეფასებები წინააღმდეგობაში მოდის სააგენტო Fitch Ratings–ის ექსპერტთა მოსაზრებებთან, რომლებმაც გასულ კვირაში განაცხადეს, რომ აშშ–ის სანქციები შეზღუდავენ ქვეყნს ეკონომიკის ზრდას და სერიოზულ დარტყმას მიაყენებენ კომპანიებს, რომლებიც „შავ სიაში“ მოხვდნენ, წერს როიტერი.


„მთელი მსოფლიო ჯერ გეგმას და პროგრამას შეიმუშავებს, ხოლო შემდეგ გადადის მათ რეალიზებაზე. ჩევნ დინებას მივყვებით და იშვიათად ვრეაგირებს ტაქტიკურ დონეზე, თუმცა ამასაც ყოველთვის სწორად ვერ ვაკეთებთ. ჩვენ კვლავ თავს ვარიდებთეგრეთწოდებულ განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს და ეროვნულ პროექტებს. შედეგად ქაოტურ სურათს ვიღებთ. ასეთი მიდგომებით ჩვენს ქვეყანას წარმატება არ უქადის“, – აცხადებს ბორის ტიტოვი.


სხვა სიახლეები