• Ƀ/$

მაისში სტერლინგზე განაკვეთის აწევის მოლოდინი ჩაქრა

1 მაისი 16:43, 2018 წელი | ანალიტიკა

წინა კვირაში ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის მკვეთრი ვარდნის შემდეგ ბანკებმა სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთის აწევასთან დაკავშირებით პროგნოზი შეცვალეს.

წლის დასწყისიდან ყველა ელოდა, რომ ინგლისის ბანკი სტერლინგზე განაკვეთის აწევას მაისში დაიწყებდა. მაგრამ ეკონომიკის ზრდის ცუდი სტატისტიკა ამ მოლოდინს რადიკალურად ცვლის.


უფრო მეტიც, 19 აპრილის ინტერვიუში ინგლისის ბანკის მმართველმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ეკონომიკის არასტაბილური მაჩვენებლები სტერლინგზე განაკვეთის ასაწევად საკმარისი არაა და რომ ბანკს მაისის გარდა, ამისთვის წელს სხვა შეხვედრებიც ექნება.


ეკონომისტები უკვე ვარაუდობენ, რომ ინგლისის ბანკი (BoE) აგვისტომდე აღარაფერს შეცვლის. უფრო მეტიც – ყველაზე პესიმისტების პროგნოზით, მონტარული პოლიტიკის გამკაცრება 2019 წლამდე არ დაიწყება.


მოლოდინის შეცვლა სავალუტო ბაზარზე გირვანქა სტერლინგის პოზიციას ასუსტებს. ბრიტანთის მშპ-ის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, სტერლინგი მნიშვნელოვნად დასუსტდა.


HSBC ერთ-ერთია იმ ბანკებს შორის, რომლებმაც უკვე გააუქმეს თავიანთი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ BoE სტერლინგზე განაკვეთს მაისში ასწევს. ახალი პროგნოზისგან კი ჯერჯერობით თავს იკავებს.


ინგლისის ბანკმა სტერლინგზე განაკვეთი ბოლო ათწლეულში პირველად, 2017 წლის ნოემბერში გაზარდა. განაკვეთმა 0.25 საბაზისო პუნქტით აწევით 0.50–ს მიაღწია. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ სტერლინგზე განკვეთის მომდევნო აწევა მაისში მოხდებოდა.


პარასკევს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ იანვარი–მარტის პერიოდში ბრიტანეთის ეკონომიკა მხოლოდ 0.1%–ით გაიზარდა. ეს კი 2012 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი მაჩვენებელია.


სტერლინგი წელს ერთ-ერთი ყველაზე მყარი და სტაბილური ვალუტა იყო, მაგრამ მისადმი ბანკების განწყობის შეცვლა ყველაფერს შემოაბრუნებს. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, სტერლინგი დოლართან წყვილში, წლის დასაწყისიდან 6 პროცენტზე მეტით იყო გაზრდილი, მაგრამ ამჟამად ეს მაჩვენებელი 2 პროცენტზე ნაკლებია.


ჯერ კიდევ 17 აპრილს ერთი სტერლინგი 1.4377 დოლარი ღირდა, მაგრამ ამ ნიშნულიდან ვარდნა დაიწყო და ორშაბათს მისი ფასი $1.3715–მდე ჩამოვიდა. ამჟამად ერთი სტერლინგი $1.3658 ღირს და კლებას აგრძელებს.


საინტერესოა ისიც, რომ წყვილის ფასმა უკვე გადაკვეთა აღმავალი ტრენდის ხაზი, რომელიც 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. ეს კი ზრდის იმის ალბათობას, რომ სტერლინგის ვარდნა გაგრძელდება.


მსგავს თემაზე:


ბაზრები მოლოდინში – რას გადაწყვეტს ფედრეზერვი


სხვა სიახლეები