• Ƀ/$

ფედრეზერვმა დოლარის განაკვეთზე მოლოდინები არ გააცრუა

3 მაისი 09:40, 2018 წელი | ანალიტიკა

როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ–ის ფედერალურმა რეზერვმა წუხანდელ სხდომაზე დოლარის საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა.

ამავდროულად, ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფლაცია მიზნობრივ 2%–იან დონეს უახლოვდება, რაც იმის შანსს ზრდის, რომ ფედრეზერვი დოლარზე განაკვეთს თავის ივნისის სხდომაზე ასწევს.


ღია ბაზრების ფედრალური კომიტეტის (FOMC) ორდღიან სხდომაზე გადაწყდა, რომ დოლარზე განაკვეთი 1,75%–ზე შენარჩუნდეს.


ფედრეზერვმა მარტის სხდომაზე განაკვეთი მეოთხედით გაზარდა და გამოაცხადა, რომ წელს იგივეს კიდევ ორჯერ გააკეთებს. თუმცა ინვესტორთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს კიდევ სამჯერ მოხდება.


მართალია, სხდომის შემდგომ გამოქვეყნებულ განცხადებაში ფედრეზერვი კვლავაც იმეორებს, რომ განაკვეთის ზრდა ეტაპობრივად გაგრძელდება. თუმცა ინვესტორთა ოპტიმიზმს ის გარემოება იწვევს, რომ იმავე განცხადებაში, ინფლაციის მიზნობრივ დონესთან მიახლოვებაზეცაა პირდაპირი მინიშნება. ეს თითქმის იმის გარანტიაა, რომ ცენტრალური ბანკი ივნისში განაკვეთს ასწევს.


ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფედრეზერვის მიერ ინფლაციასთან დაკავშირებით გაკეთებული ფრთხილი განცხადებაც კი მიუთითებს იმას, რომ ფედრეზერვის წევრების აზრით, ინფლაცია მალე მიზნობრივ დონესაც კი ასცდება. თუმცა, ეს ჯერაც არ ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი გაიზრდება.


ინფლაციასთან დაკავშირებით, ფედრეზერვის ოპტიმიზმის საფუძველი გახდა ის გარემოება, სამომხმარებლო ფასების ძირეული ინდექსი, რომელიც არ ითვალისწინებს საკვებისა და ენერგიის ფასებს, 12-თვიენ პერიოდში 1,9%–ით გაიზარდა. ანუ, ფედრეზერვის მიზნობრივ დონეს თითქმის მიაღწია.


გარდა ამისა, რეგულატორის ანგარიშში ნათქვამია, რომ ეკონომიკის აქტივობა საშუალოვადიან პერსპექტივაში ზომიერი ტემპით გაიზარდება, რითაც მინიშნებულია, რომ ეკონომიკის პროგნოზი დაბალანსებულია.


ამასთან, არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა და შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნებამდე (პარასკევს), ფედრეზერვის განწყობა ოპტიმისტურია. განსაკუთრებით იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ხელფასების ზრდის ტემპი, ბოლო ათწლეულში რეკორდულია.


მსგავს თემაზე:


აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი გაორმაგდა


მაისში სტერლინგზე განაკვეთის აწევის მოლოდინი ჩაქრა


ევროზონის ეკონომიკის ზრდა შენელდა


რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა


სხვა სიახლეები