• Ƀ/$

ძვირი სიამოვნება – მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში, ფასები და ხარჯები

12 მაისი 12:00, 2018 წელი | ანალიტიკა

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს ის მიახლოებითი ფასები და ხარჯი, რაც რუსეთში ჩასულ გულშემატკივარს ელის სიამოვნების მისაღებად.

ბუნებრივია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მოქალაქეებიც მოხვდებიან და ალბათ მათთვისაც საინტერესო უნდა იყოს წინასწარი სტატისტიკა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს მსოფლიო ჩემპიონატზე დამსწრე ამა თუ იმ გულშემატკივარმა.


საძიებო სისტემამ Home To Go გამოთვალა ჯგუფურ ეტაპზე თავ-თავიანთი გუნდების კვალდაკვალ ქალაქიდან ქალაქში მიმავალი გულშემატკივრების სავარაუდო დანახარჯები.


ანგარიშში შედის რუსეთის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების, ამა თუ იმ ქალაქში ცხოვრების საშუალო ფასები და ერთ ადამიანზე საკვებზე და ლუდზე გაწეული ხარჯები.


ირკვევა, რომ კოლუმბიელ, პანამელ და პერუელ გულშემატკივრებს რუსეთში მოგზაურობა ყველაზე ძვირი დაუჯდებათ. ისინი საშუალოდ 200 000 რუბლზე (8 000 ლარი) მეტს დახარჯავენ. ამ თანხაში შედის როგორც ძვირადღირებული გადაფრენა, ასევე ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებში (და ასეთი სარანსკია!) ცხოვრება.


დანახარჯის მიხედვით მეოთხე ადგილზე ინგლისელი გულშემატკივარია - 191 445 რუბლი (7650 ლარი). ათეული კი ასე გამოიყურება: 5) ნიგერია - 188 381 რუბლი (7530 ლარი), 6) ტუნისი 187 420 რუბლი (7500 ლარი), 7) არგენტინა 181 677 რუბლი (7250 ლარი), 8) ბრაზილია 180 156 რუბლი (7200 ლარი), 9) მექსიკა 179 667 რუბლი (7100 ლარი), 10) სენეგალი 177 264 რუბლი (7050 ლარი).


„იაფიან ათეულში“ კი სერბეთი, გერმანია, ირანი, პოლონეთი, პორტუგალია, ბელგია, ეგვიპტე, ურუგვაი, ხორვატია და საფრანგეთი აღმოჩნდნენ.


ბუნებრივია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე იაფი რუსეთის მოქალაქეებს დაუჯდებათ. ჯგუფური ტურნირის სამ მატჩზე დანახარჯი მათთვის 100 000 მანეთზე (4000 ლარი) ოდნავ მეტი იქნება.


თუკი ჯგუფურ ეტაპზე 32-ვე მონაწილე ქვეყნის თითო გულშემატკივრის დანახარჯს დავაჯამებთ, თანხა 5 729 552 რუსული რუბლი (230 000 ლარზე მეტი) იქნება.


აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ სარანსკში უკვე ყველა სასტუმრო დაჯავშნულია, მაგრამ სამაგიეროდ აქ ბევრი თავისუფალი ბინაა.


ყველაზე იაფი ვარიანტი 16-დან 17 ივნისზე დღე-ღამის ღირებულებაა. გულშემატკივარს შეუძლია ღამე გაათიოს და ნაქირავები ბინიდან 15 წუთის ფეხის სავალზე, პერუ-დანიის მატჩს დაესწროს.


ბინების დღე-ღამური ღირებულება აქ საშუალოდ 30 000-დან 50 000 მანეთამდე (1200–2000 ლარი) მერყეობს.


მორდოვის დედაქალაქში ერთი კვირით დარჩენა კი გულშემატკივარს 420 000 მანეთამდე (16 800 ლარი) დაუჯდება.


სარანსკთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ძვირი ქალაქი როსტოვია. ამის მიზეზად უძველეს რუსულ ქალაქში სასტუმროების სიმცირე სახელდება.


ყველაზე იაფი დღე-ღამური საცხოვრებელი სოჭშია (360 ლარის ეკვივალენტი) ნავარაუდევი.


აღსანიშნავია, რომ თუკი სოჭსა და სანკტ-პეტერბურგში ერთოთახიანი ბინის დაქირავება დაახლოებით 10 000 რუბლის (400 ლარი) ფარგლებშია შესაძლებელი, სარანსკში იგივე ფართი დაახლოებით 45 000 რუბლი (1 800 ლარი) ღირს. საცხოვრებელი ფართის ზრდასთან ერთად კი ფასებში განსხვავება კიდევ უფრო მატულობს.


ექსპერტები ამას იმით ხსნიან, რომ სოჭი, სანკტ-პეტერბურგი და ყაზანი ლიდერებია შიდა ტურიზმის მოცულობის თვალსაზრისით. სამარაში, სადაც ფასები საშუალო დონეზე დაბალია, (ერთოთახიანი ბინა 24 000 რუბლი (960 ლარი)) სასტუმროების საკმაო რაოდენობაა. კალინინგრადისკენ მიმავალ გულშემატკივარს კი პოლონეთში გაჩერების საშუალებაც მიეცემა.


კალინინგრადში ზემოთხსენებული პერუ-დანიის მატჩის პერიოდშივე ყველაზე ძვირი ვარიანტი (ხორვატია-ნიგერიის შეხვედრა), 700 000 რუბლი (28 000 ლარი) დაჯდება. სასტუმროების ფასებიც შედარებით მაღალია, რადგან 20 000 რუბლი (800 ლარი) დღე-ღამეში, ყველაზე დაბალი ფასია. სამაგიეროდ ბინების უდიდესი არჩევანია.


მოსკოვში ერთოთახიანი ბინა ეკატერინბურგთან, ვოლგოგრადთან და ნიჟნი ნოვგოროდთან შედარებით იაფი, დღე-ღამეში საშუალოდ 29 500 რუბლი (1 200 ლარი) ეღირება. მაგრამ „ლუჟნიკებთან“ ახლოს მდებარე ბინების დღ-ღამური ღირებულება გაცილებით მაღალი - დაახლოებით 75 000 რუბლი (3 000 ლარი) იქნება.


როსტოვში, სამარაში, სანკტ-პეტერბურგსა და ყაზანში პირველი მატჩების დღეების ყველაზე ძვირი ვარიანტები 150 000 მანეთს (6 000 ლარი) არ ჭარბობს. შეიძლება დღე-ღამეში 500 მანეთად (20 ლარი) ჰოსტელის, ან 2000-3000 მანეთად (80–120 ლარი) სასტუმროს პოვნაც.


ავტორი: არჩილ ბენაშვილი, სპეციალურად M2B-სთვის.


მსგავს თემაზე:


რა ღირს „დიდი ფეხბურთის“ ბილეთები?


მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში - ბილეთები და არა მარტო


სპორტის ეკონომიკა - უსასრულობამდე მზარდი რიცხვები


სხვა სიახლეები