• Ƀ/$

ინფლაცია, სტერლინგის კურსი და სხვა მოლოდინები

7 მაისი 16:28, 2018 წელი | ანალიტიკა

გლობალური ბაზრებისთვის, ამ კვირაში ყველაზე საინტერესო აშშ-ში ინფლაცია, ფედრეზერვის წევრთა გამოსვლები, S&P 500-ის ფინანსური ანგარიშები და ინგლისის ბანკის მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაა.

და რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრშია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაძაბულობა.


ინფლაციის სტატისტიკა და ფედრეზერვის წევრთა გამოსვლები მჭიდროდ უკავშირდება დოლარის კურსს და მისი საპროცენტო განაკვეთის ზრდას. ინფლაციის სტატისტიკამ უნდა აჩვენოს, რამდენად მყარი საფუძველი აქვს იმ მოლოდინს, რომლის შესაბამისადაც, ფედრეზერვმა დოლარზე განაკვეთი წელს მეორედ ივნისის სხდომაზე უნდა ასწიოს.


თუ აპრილში ინფლაციის ზრდის ტემპი შენარჩუნებულია, ეს ეკონომიკის მდგრადი ზრდის უტყუარი ნიშანი იქნება, რაც ინვესტორებს საბოლოოდ დაარწმუნებს იმაში, რომ ფედრეზერვი დოლარის განაკვეთს ივნისის სხდომაზე გაზრდის. ეს კი სავალუტო ბაზარზე დოლარის პოზიციებს გაამყარებს.


ანალიტიკოსების პროგნოზით, სამომხმარებლო ფასების ზრდა 0.3% იქნება (მარტში მხოლოდ 0.1% იყო), ძირეული ინფლაციის (ენერგიის და საკვების ფასების გამოკლებით) მაჩვენებელი კი 0.2% (როგორც მარტში) უნდა იყოს. ძირეული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 2.2%–ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც მარტის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1%–ით მეტია.


ფედრეზერვის წევრთა გამოსვლაც, რა თქმა უნდა, ცენტრალური ბანკის სამომავლო გეგმების კუთხით არის საინტერესო. ინვესტორებს მათ გამოსვლებში, პირველ რიგში, სწორედ ამის მინიშნებები აინტერესებთ. მათი მთავარი კითხვა კი ესაა: ფედრეზერვი წელს დოლარის განაკვეთს გეგმის შესაბამისად, სამჯერ ასწევს, თუ ეკონომიკის მყარი ზრდის შემთხვევაში, ამას მეოთხედაც გააკეთებს.


შვეიცარიის ეროვნული ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი. გარდა ამისა, სხვადასხვა ღონსძიებებზე გამოსვლები აქვთ ფედრეზერვის წევრებს: რენდალ ქვარლზს, რაფაელ ბოსტიკს, თომას ბერკინს, რობერტ კაპლანს, ჩარლზ ევანსს და ჯეიმს ბულარდს.


S&P 500-ის კომპანიების ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება დასასრულს მიუახლოვდა. ამ კვირაში საკუთარ შედეგებს დაახლოებით 40 კომპანია გამოაქვეყნებს. მათ შორის არიან „დისნეი“, „მერიოტი“, „ვენდიზი“, „ანჰოიზერ ბუში“ (ბადვაიზერის მწარმოებელი), „ნიუს კორპი“, „სიმანტეკი“ და სხვ.


ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანია ინგლისის ბანკის სხდომა, რომელზეც სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხთან ერთად, მონტარული პოლიტიკის შესახებ სხვა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ. წინა კვირაში გამოქვეყნებულმა ეკონომიკის უარყოფითმა სტატისტიკამ, ინვესტორთა მოლოდინი შეცვალა. კერძოდ, თუ ცოტა ხნის წინ, ყველა ელოდა, რომ ინგლისის ბანკი სტერლინგზე განაკვეთს სწორედ ამ სხდომაზე ასწევდა, ახლა ეს მოლოდინი თითქმის გამქრალია. ამას ინგლისის ბანკის მმართველ მარკ კარნის მიერ გაკეთებული მინიშნებებიც ამყარებს.


რაც შეეხება ირანს და მის ბირთვულ პროგრამას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 მაისამდე უნდა გადაწყვიტოს, დარჩება აშშ ირანთან 2015 წელს ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებაში, თუ დატოვებს მას, რაც ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოასწავებს.


სხვა სიახლეები