• Ƀ/$

დოლარი ისევ ბოლო ოთხი თვის მაქსიმუმთანააა

8 მაისი 17:05, 2018 წელი | ანალიტიკა

ამერიკული დოლარი კვლავ ბოლო ოთხი თვის მაქსიმალურ მაჩვენებელთან იმყოფება, რასაც ამერიკის ეკონომიკის სწრაფი ზრდა განაპირობებს.

ამასთან, ამერიკული ვალუტა ევროსთან წყვილში 1.19 დოლარის ნიშნულზე დაბლა იმყოფება, რაც გასული წლის დეკემბრის შემდეგ პირველად ხდება.


ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან მის საშუალო კურსს ასახავს, შუადღისთვის 92.63 დონეზე იმყოფებოდა. ეს შორს არაა ორშაბათის მაქსიმუმისგან (92.82), რაც 26 დეკემბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.


შეერთებული შტატების ეკონომიკის სოლიდური სტატისტიკის გარდა, დოლარის სიმყარეს, სახაზინო ბონდების მზარდი მომგებიანობაც განაპირობებს. გარდა ამისა, ბაზარი თავდაჯერებულია იმაში, რომ ფედრეზერვი დოლარზე საპროცენტო განაკვეთს ივნისის სხდომაზე ასწევს.


დოლარი/ევრო


რაც შეეხება ევროს, დოლართან წყვილში წელს პირველად ჩამოვიდა 1.19 დოლარზე დაბლა. უფრო მეტიც, დღეს ევროპული ვალუტის ფასი 1.1860-მდეც კი იყო ჩამოქვეითებული. ევროს დასუსტება ვერც იმ ფაქტმა შეაჩერა, რომ გერმანიის სამრეწველო წარმოების მოცულობა და სავაჭრო ბალანსი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. თუმცა, ორშაბათს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ გამოავლინა, რომ გერმანიაში სამრეწველო შეკვეთები ზედიზედ მესამე თვეა, კლებულობს.


ევროზონის ეკონომიკის ზრდის ბოლო დროს დაფიქსირებული შენელება ამცირებს იმის შანსს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი, სექტემბერში დაასრულებს სტიმულირების პროგრამას და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების პროცესს შეუდგება.


დოლარი/იენი


შედარებით მყარადაა დოლართან იენი, რომელიც, ტრადიციულად, რისკებისგან თავშესაფარი აქტივის როლს ასრულებს. დღეს ერთი დოლარის ფასი 108.86-მდე შემცირდა. არადა, 2 მაისს მისი ფასი 110.03 იენამდე იყო გაზრდილი, რაც თებერვლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.


დოლარი/სტერლინგი


დოლარი ბრიტანულ სტერლინგთან წყვილშიც მყარადაა. ამჟამად ერთი სტერლინგის ფასი 1.3500 დოლარის სიახლოვეს იმყოფება და მის გადალახვას ცდილობს. დღის დასაწყისში მისი ფასი 1.3591 დოლარამდე იყო გაზრდილი, თუმცა ბრიტანეთში საცხოვრებლების ფასების ინდექსის კლების კვალობაზე, პოზიციები სტერლინგმაც დათმო.


ბაზრის მოლოდინი


ამჟამად ინვესტორთა ყურადღება გეოპოლიტიკური პროცესებისკენ არის მიპყრობილი. ამ საღამოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამოსვლა აქვს, რომლის დროსაც, ის ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ამ შეთანხმებიდან გასვლას აპირებს.


მსგავს თემაზე:


ინფლაცია, სტერლინგის კურსი და სხვა მოლოდინები


სხვა სიახლეები