• Ƀ/$

ტრამპის ირანთან „დეფექტიანი“ შეთანხმებიდან გასლვა და მოსალოდნელი შედეგები

9 მაისი 09:18, 2018 წელი | ანალიტიკა

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები ტოვებს ირანთან 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას.

გარდა ამისა, თეთრ სახლში სატელევიზიო გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ განაახლებს ირანის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს, რათა ისლამურ რესპუბლიკას მსგავსი ცალმხრივი შეთანხმებაზე აღარასდროს მიუწვდეს ხელი.


ამგვარად, ახლო აღმოსავლეთში ახალი კონფლიქტის რისკი გაიზარდა. გარდა ამისა, გლობალურ ბაზარზე  ნავთობის მიწოდების სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგა, რაც აუცილებლად აისახება მის ფასზე. ირანთან ბირთვული შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა, რომლის შესაბამისადაც, თეირანი საკუთარი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას კისრულობდა. ამის სანაცვლოდ, აშშ-მა და კიდევ ხუთმა სახელმწიფომ ირანს ეკონომიკური სანქციები მოუხსნეს.


მაგრამ ტრამპის არგუმენტი ისაა, რომ შეთანხმება, რომელსაც ამერიკის მხრიდან ხელი მისმა წინამორბედმა ბარაკ ობამამ მოაწერა, არ ზღუდავს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას, არც ბირთვულ სფეროში ამ ქვეყნის აქტივობას 2025 წლის შემდეგ და არც მის იემენისა და სირიის კონფლიფტებში ჩართულობას. არადა, ირანმა ბოლო წლებში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში თავისი მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც რეგიონში ამერიკის მოკავშირეების, ისრაელისა და საუდის არაბეთის შეშფოთებას იწვევს.


რეგიონში დაძაბულობის ზრდის დასტურად, დღეს ისრაელმა სამხედრო ძალების განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და იყო რეალური საშიშროება იმისა, რომ მისი ძალები სირიასთან კონფლიქტში ჩართულიყვნენ. ბაშარ ალ ასადის სირია კი, როგორც ცნობილია, ირანის მოკავშირეა. უფრო მეტიც, ისრაელის საჰაერო ძალებმა, დამასკოს სამხრეთით, სირიის არმიის პოზიციები დაბომბა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.


შეგახსენებთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას, შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ხელშეკრულება დატოვა, რომლებიც ნკლებად შეესაბამებოდა აშშ-ის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. მათ შორისაა პარიზის კლიმატის შეთანხმება, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სავაჭრო შეთანხმება, სავაჭრო ურთიერთობათა უკიდურესი გამწვავება აშშ-სა და ჩინეთს შორის, რისი საფუძველიც, ჩინეთის მიერ უცხოური კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაა, ასევე ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ახალი ტარიფები.


ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი შეთანხმებას არ დატოვებს და მისი პირობების შესრულებას ვაშინგტონის გარეშე გააგრძელებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილება „უკანონოა და ძირს უთხრის შეთანხმებათა შესრულების პროცესს“.


რა ელის ნავთობს?


სანქციების განახლების შემდეგ, ირანს საზღვარგარეთ ნავთობის გაყიდვის და ამ საქმეში საერთაშორისო საბანკო სისტემის გამოყენების შესაძლებლობა უკიდურესად შეეზღუდება. ეს კი ნავთობის გლობალურ ბაზარზე პრობლემებს შექმნის. ირანი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაციის მესამე ყველაზე დიდი ქვეყანაა და საერთაშორისო ვაჭრობიდან მისი გამოთიშვა, ბაზარზე ნავთობის დეფიციტს შექმნის.


ირანის დღიური მოპოვება 3.8 მლნ ბარელს აღწევს, რაც „შავ ოქროზე“ მსოფლიო მოთხოვნების დაახლოებით 4%–ს აკმაყოფილებს. ირანული ნვთობის ყველაზე მსხვილი მომხმარებლები არიან ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა, რომლებიც ირანისგან დღეში საშუალოდ 2.5 მლნ ბარელ ნავთობს ყიდულობენ.


როგორც შეერთებული შტატების ხაზინა აცხადებს, ირანის ნავთობის, ავტო და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ სანქციები 3–6 თვეში ამოქმედდება. ხაზინის მდივან სტივენ მნუჩინის თქმით, დროში გაწელვის გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები, ნვთობის ფასის მკვეთრ ზრდას არ გამოიწვევს.


მაგრამ ნავთობის ფასმა ტრამპის განცხადებაზე რეაგირება მყისვე მოახდინა და ზრდა დაიწყო – ნაწილობრივ აინაზღაურა კიდეც წინა დღის დანაკარგები. ასევე გაიზარდა ენერგო სექტორში მომუშავე კომპანიების აქციები.


„ძირმომპალი“ შეთანხმება


ტრამპი ამბობს, რომ ბირთვული შეთანხმება ირანს ხელს ვერ შეუშლის თაღლითობაში და ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამის გაგრძელებაში. „აშკარაა, რომ ჩვენ ხელს ვერ ვუშლით ირანის მიერ ბირთვული ბომბის შემქნის პროცესს, რადგან ამის საშუალებას ამ შეთანხმების ძირმომპალი სტრუქტურა არ იძლევა. ირანთან შეთანხმება ძირშივე მცდარ საფუძველზეა დამყარებული“, - ამბობს პრეზიდენტი ტრამპი.


ირანი დაჟინებით ირწმუნება, რომ არ ცდლობს ატომური იარაღის შექმნას და მისი ბირთვული პროგრამა, მხოლოდ მშვიდობიანი დანიშნულებისაა. გაერთიანებული ერების ინსპექტორები ადასტურებენ, რომ ირანს არ დაურღვევია ბირთვული შეთანხმება. უფრო მეტიც, აშშ-ის ოფიციალურ პირებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ირანი შეთანხმების ტექნიკურ პირობებს სრულად აკმაყოფილებს.


ტრამპი ამბობს, რომ მას ირანთან ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკება სურს, მაგრამ თეირანი ამას გამორიცხავს და იმუქრება, რომ თუ ვაშინგტონი შეთანხმებიდან გავა, შურს იძიებს. თუ რა სახით, ამის დაკონკრეტება არ ხდება.


უნდა ითქვას, რომ საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია, რომლებიც ასევე მონაწილეობენ შეთანხმებაში, ტრამპის გადარწმუნებას ცდილობდნენ. მაგრამ ახლა მათ ახალ პირობებთან შეგუება და თეირანთან სხვაგვარი მიდგომის გამომუშავება მოუწევთ. ამ ქვეყნების ლიდერების ერთობლივ განცხადებაში ტრამპის გადაწყვეტილების გამო წუხილი და შეშფოთებაა გამოთქმული. ისინი ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ტრამპი, არ გადაედგა ის ნაბიჯები, რომლებიც სხვა ქვეყნებს ცხოვრებას გაურთულებს. ამ ოთხი სახელმწიფოს გარდა, ირანთან შეთანხმებაში ასევე ჩინეთი და რუსეთიც მონაწილეობენ.


კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე


ბარაკ ობამამ ტრამპის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა. „ჩემი აზრით, ირანის მხრიდან ვალდებულებათა დაურღვევლობის პირობებში, შეთანხმებიდან გასვლა სერიოზული შეცდომაა“, - აცხადებს ობამა.


იემენში, სირიაში, ლიბანსა და ერაყში ირანის მზარდი სამხედრო და პოლიტიკური გავლენა, შეერთებულ შტატების, ისრაელის და ვაშინგტონის არაბი მოკავშირეების, მათ შორის საუდის არაბეთის შეშფოთებას იწვევს. მათგან ირანთან ყველაზე მეტად დაპირისპირებული ისრაელია, რომელსაც სირიაში ირანის ძალებთან შეტაკებები ჰქონდა.



ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სირიაში ირანის სამხედრო ძალების „არარეგალურ აქტივობებს“ აფიქსირებს, რის გამოც, გოლანის მაღლობების სამოქალაქო ხელისუფლებას თავდაცვითი თავშესაფრების მომზადება დაავალა და იქ დამატებითი სამხედრო შენაერთები განალაგა. გამოცხადდა რეზერვისტთა ნაწილობრივი მობილიზაციაც.


ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლისას, ტრამპს გადაწყვეტილება შეუქო და დაადასტურა, რომ სირიაში დაძაბულობა სულ უფრო მატულობს. „უკვე რამდენიმე თვეა, რაც ირანი სირიაში თავის ძალებს შეიარაღებით ინტენსიურად ამარაგებს. ამის დანიშნულება ისრაელზე შეტევაა. მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე განხორციელებულ ნებისმიერ თავდასხმას, მძლავრ პასუხს გავცემთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.


ისრაელის გარდა, ტრამპის გადაწყვეტილებას საუდის არაბეთიც მიესალმება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ირანის ერთ-ერთი ყველაზე შეურიგებელი მოწინააღმდეგეა.


მსგავს თემაზე:


შესაძლო სანქციების მოახლოების მიუხედავად, ირანი ბაზარზე ახალი მარკის ნავთობს გამოიტანს


სხვა სიახლეები