• Ƀ/$

პეკინი ვაშინგტონისთვის სავაჭრო დეფიციტის 200 მილიარდით კომპენსირების შეთავაზებას უარყოფს

18 მაისი 18:24, 2018 წელი | ანალიტიკა

ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს, შეერთებულ შტატებს, სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად, მისგან 200 მილიარდი დოლარის საქონლის შესყიდვაზე მოელაპარაკა.

გუშინ ღამით ამერიკის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განცხადა, რომ ჩინეთი ამერიკას უზარმაზარი დეფიციტის ნაწილობრივ დასაბალანსებლად, დამატებითი საქონლის შესყიდვას დაპირდა.


„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მხარეებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და ისინი კონსტრუქციულია“, - განაცხადა ჩინეთის საგარემო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებათა შესახებ კონკრეტული საუბრის საშუალება ამ ეტაპზე არ აქვს.


ჩინეთის ვიცე პრემიერი ლიუ ჰი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს მართავს.


ამერიკის მხრიდან, მოლაპარაკების გუნდს ხაზინის მდივანი სტივენ მნუჩინი უძღვება.


მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყების წინ, ჩინეთმა გამოაცხადა, რომ წყვეტს ამერიკულ სორგოს იმპორტთან დაკავშირებულ გამოძიებას, რომლის გამოც, ამერიკიდან $1.1 მლრდ–ის სორგოს იმპორტი შეჩერებული იყო და რამაც ცისქვეშეთში მარცვლეულის ამ სახეობაზე ფასების ზრდა გამოიწვია.


ჩინთი შეერთებულ შტატებში მოყვანილი სორგოს უდიდესი იმპორტიორია. ეს მარცვლეული ძირითადად ტექსასის და კანზასის შტატებში მოჰყავთ, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკურ პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. თუმცა, სორგოს ექსპორტის ჩავარდნის შემთხვევაში, კონგრესის შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელებს პრობლემები შეექმნებათ.


სორგოს იმპორტთან დაკავშირებული გამოძიების შეწყვეტის მიზეზად ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ის გარემოება დაასახელა, რომ სორგოს იმპორტის შეფერხება, ქვეყანაში ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც საზოგადოებრივ ინტერესს არ შეესაბამება.


იმისათვის, რომ ჩინეთთან ვაჭრობის დეფიციტი $200 მლრდ–ით შემცირედეს, შეერთებულ შტატებს ვაჭრობის შემადგენლობის საფუძვლიანად შეცვლა დასჭირდება. ცნობისათვის, შეერთებულ შტატებს შარშან $375 მლრდ–ის დეფიციტი ჰქონდა.


უარყოფის მიუხედავად, არსებობს რეალური საფუძველი იმისა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა ვაჭრობის შემადგენლობას გადახედონ, რათა ამერიკის უზარმაზარი დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამ შემთხვევაში, ამერიკის კომპანიებიდან ყველაზე მეტ მოგებას ალბათ „ბოინგი“ მიიღებს, რომლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დეფიციტის მკვეთრი შემცირებაა შესაძლებელი. ავიაკოსმოსური გიგანტი, შეერთებული შტატების უმსხვილესი ექსპორტიორია. მის მიერ წარმოებული სამგზავრო თვითმფრინავების დაახლოებით მეოთხედს ჩინური კომპანიები ყიდულობენ.


დფიციტის შესამცირებლად ასევე შესაძლებელია ამერიკულ სასოფლო საქონლზე ჩინური ტარიფების შეკვეცა, რაც ამერიკის დეფიციტს დაახლოებით $4 მლრდ–ით შეამცირებს. ამერიკა ჩინეთში სორგოს გარდა, ხილს, თხილეულს, ღორის ხორცს, ღვინოს და სხვა სასოფლო წარმოების საქონელს ჰყიდის.


ჩინურ დელეგაციას პრეზიდენტი ტრამპიც შეხვდა, რის შემდეგაც თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში, ტრამპი მიზნად ჩინეთთან სამართლინ სავაჭრო ურთიერთობათა ჩამოყალიბებას ისახავს.


თვითმფრინავების გარდა, ჩინეთთან ვაჭრობისას, ამერიკის უმსხვილესი პოზიცია სოიოა. თვითმფრინავების ჩინეთში ექსპორტმა შარშან $16 მლრდ შეადგინა, სოიოს მოცულობამ კი $12 მლრდ–ს მიაღწია. იმავდროულად, ჩინეთმა ამერიკისგან $4.76 მლნ ტონა სორგო შეისყიდა, რაშიც $1.1 მლრდ გადაიხადა.


ჩინეთმა ამერიკულ სორგოზე ფორმალური გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკამ თებერვალში ჩინურ სარეცხ დანადგარებსა და მზის პანელებზე ტარიფები მკვეთრად გაზარდა. ამ გამოძიების შეჩერება კი ჩინეთის მხრიდან კეთილი ნების გამოხატვაა იმასთან დაკავშრებით, რომ მას ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობების დალაგება სურს.


სხვა სიახლეები