• Ƀ/$

თურქული ვალუტის დევალვაცია და გავლენები საქართველოზე

23 მაისი 18:00, 2018 წელი | ანალიტიკა

თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს. ოთხშაბათს, 23 მაისს, ლირის კურსი დოლართან მიმართებაში 4.8-ს გადასცდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 2006 წლის დენომინირების შემდეგ. 

2006 წლის 1 იანვარს თურქულ ლირას 6 ნული ჩამოშორდა. იმ დღეს კურსი $1/1.35 დაფიქსირდა. მას შემდეგ ლირა სისტემატურად უფასურდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში პროცესი დაჩქარდა.



2014 წელს დოლარის ფასმა 2 ლირას პირველად გადააბიჯა, 2015 წელს 3 ლირას, 4 ლირას კი 2018 წელს.



დოლარი 2014 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს თითქმის ყველა ვალუტასთან გამყარდა (ევრო, ფუნტი, იენი, იუანი, ფრანკი, ლარი, რუბლი, მანათი...). თუმცა, გაუფასურების მასშტაბი სხვადასხვა ვალუტასთან სხვადასხვა მოცულობის იყო. ბოლო 4 წელიწადში დოლარი ქართულ ლართან მიმართებაში 50%-ით გაძვირდა. დროის მცირე მონაკვეთში 70%-იანი ზრდაც აღინიშნა, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით. ევროსთან მიმართებაში – 17%-ით. დოლარის გამყარება უფრო მასშტაბური აღმოჩნდა მანათთან, რუბლთან და ლირასთან მიმართ. მანათი ნავთობზე დამოკიდებულებამ დაასუსტა. რუბლი ასევე ნავთობის ფასის შემცირებამ, პლუს სანქციებმა. თურქეთის ეკონომიკა ნავთობზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ქვეყანას სხვა პრობლემები შეექმნა.


2015 წელს თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული სამხედრო თვითმფრინავი СУ-24 ჩამოაგდო, რის შემდეგაც ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დაიძაბა. დაწესებული სანქციების ფონზე თურქეთში რუსი ტურისტების წილი მნიშვნელოვნად შემცირდა, ასევე შემცირდა თურქული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში. თურქეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი 6-დან 3%–მდე შემცირდა. 2016 წელს არშემდგარი გადატრიალების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობები კი აღდგა, მაგრამ დაიძაბა ევროკავშირთან, აშშ-თან და ნატოსთან. მასობრივ დაპატიმრებებს აპროტესტებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ბოლო პერიოდში სირიაში წარმოებულმა სამხედრო კამპანიამ თურქეთის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც ვალუტის კურსზეც იმოქმედა.


თურქეთი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, თურქული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ძვრები საქართველოზეც აისახება.



თუ წლის დასაწყისში ლარი 1.46 ლირა ღირდა ახლა 1.98 ლირა ღირს. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთში ქართული პროდუქცია გაძვირდა, საქართველოში კი პირიქით თურქული პროდუქცია გაიაფდა. ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კიდევ უფრო გაიზრდება.


1996-2017 წლებში საქართველოში $18.39 მლრდ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თურქეთის წილი $1.57 მლრდ–ს (8.55%) შეადგენდა. ქვეყნების ჩამონათვალში მას მეოთხე ადგილი უკავია და ჩამორჩება მხოლოდ აზერბაიჯანს, ბრიტანეთსა და ნიდერლანდებს. თუ თურქეთს ეკონომიკური პრობლემები შეექმნა, შემცირდება ინვესტიციების წილიც.



თურქეთი რეგიონის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და კრიზისი დიდხანს გაგრძელდა საქართველოს ეკონომიკა ირიბადაც დაზარალდება. შემცირდა სხვა ქვეყნების დაინტერესება და ინვესტიციებიც.


მსგავს თემაზე:


თურქული ლირის რეკორდული ვარდნა


სხვა სიახლეები