• Ƀ/$

1918-1921 წლების საქართველოს ეკონომიკა

ექსკლუზივი
26 მაისი 08:00, 2018 წელი | ანალიტიკა

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ 3 წელზე ნაკლებ ხანს იარსება. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის მიღებაც მოასწრო (რომელმაც მხოლოდ 4 დღე იმუშავა), ფულიც დაბეჭდა და გარკვეული ეკონომიკური ხედვებიც ჩამოაყალიბა. 

100 წლის შემდეგ იმ დროინდელი ეკონომიკის ზუსტ რიცხვებში წარმოსახვა ცოტა რთულია, რადგან 100 წლის წინ სტატისტიკის სამსახური ეკონომიკაში მიმდინარე ყველა პროცესს არ აღრიცხავდა. მშპ-ს გამოთვლის ამჟამინდელი მეთოდი ოკუპაციიდან 13 წლის შემდეგ, 1934 წელს დაადგინეს. ოკუპაციის შემდეგ ბევრი დოკუმენტიც განადგურდა. თუმცა არსებული მასალებიდანაც გარკვეული აზრის გამოტანა შესაძლებელია.


საქართველომ დამოუკიდებლობა საკმაოდ რთულ პერიოდში გამოაცხადა – მაშინ, როდესაც მსოფლიოში იქამდე არნახული მასშტაბის ომი მძვინვარებდა. ომი საქართველოსთვისაც უმძიმესი შედეგებით დასრულდა, 100 000-ზე მეტი დაღუპული, რაც საბჭოეთის დროს შეგნებულად იყო მივიწყებული. გარდა იმისა, რომ ეკონომიკა მთელს მსოფლიოში იყო მოშლილი, საქართველოსთვის საგარეო საფრთხეც არსებობდა. საქართველოს დამოუკიდებლობას რუსეთი მხოლოდ დროებით ეგუებოდა. სამხრეთ საქართველოს დაკავებას კი თურქეთი ცდილობდა. ცხადია, ასეთ პერიოდში, ყოველგვარი პრაქტიკული გამოცდილების გარეშე, ეკონომიკის აყვევება და ევროპის წამყვან სახელმწიფეობთან გათანაბრება წარმოუდგენელი იქნებოდა.



დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში საქართველოს მოსახლეობა 2.5 მილიონს შეადგენდა და ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მოსახლეობით 80% სოფლად ცხოვრობდა. ურბანიზაციისგან განსხვავებით იმის დადგენა, თუ რა წილი ეკავა სოფლის მეურნეობის სექტორს ეკონომიკაში, საკმაოდ რთულია, თუმცა ამჟამინდელ 9%-ზე ბევრად მეტი. ისედაც დაბალი წარმოების დონე ომის პერიოდში კიდევ უფრო შემცირდა. მომსახურების სფერო ძირითადად ვაჭრობით შემოიფარგლებოდა. რაც შეეხება აგრალურ სექტორს, რაიმე სახის ტექნოლოგიები მასში არც იქამდე ყოფილა დანერგილი და შესაბამისად დარგი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა.  


გადასახადები არავის უყვარს, მაგრამ თუ სახელმწიფო ფუნქციონირებს, მას იხდიან. არეულობის და ანარქიის დროს, როდესაც სახელმწიფო კარგავს გადასახადების აკრეფის ბერკეტს, გადასახადის გადამხდელთა რიცხვიც მყისიერად მცირდება. დაცარიელუბული ხაზინა კი პრობლემის მოგვარებას კიდევ უფრო ართულებს. მსგავსი ვითარება შეიქმნა დამოუკიდებლობის მოპოვების დროს. მოსახლეობა გადასახადის გადახდას გადაჩვეული იყო და ამ ვალდებულების ხელახლა დაკისრება დიდ სირთულეს წარმოადგენდა. სახელმწიფოს კი ხაზინაში ფული ნამდვილად სჭირდებოდა როგორც მინიმუმ ჯარისა და შინაგანი ჯარის ფუნქციონირებისთვის, ასევე მთავრობის წევერბის შესანახად. საგარეო ვითარება კი ვალის აღების იმედს არ იძლეოდა. შესაცვლელი იყო მონეტარული პოლიტიკაც, რადგან ვალუტა ყოველდღიურად უფასურდებოდა. შემცირებული იყო საგარეო ვაჭრობის ბრუნვაც.


დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ნოებრამდე, ანუ 5 თვეში ქვეყანას სამხედრო უწყებაზე 55 მილიონის, გზათა უწყებაზე 35 მილიონის, შინაგან საქმეთა სამინისტროზე 15 მილიონი მანეთის გაღება გახდა შესაძლებელი. ჯამში ხარჯებმა 130 მილიონ მანეთს მიაღწია, რაც შემოსავლებს მნიშვნელოვნად აღემატეობოდა. საბოლოოდ ვალის აღება მაინც მოხერხდა, რომლის ნაწილიც შიდა ვალი იყო. 7 თვეში 1919 წლის იანვრამდე ვალის მოცულობამ 26 მილიონ მანეთს მიაღწია.


ბიუჯეტის მსგავსად დეფიციტური იყო საგარეო ვაჭრობაც, რომელიც 1919 წლის მარტის დამფუძნებელ კრებაზე განიხილეს. 7 თვეში იმპორტმა 141 მილიონი მანეთი შეადგინა, ექსპორტმა კი 87 მილიონი მანეთი. ძირითად სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენდნენ უკრაინა 110 მლნ მანეთი, რუსეთი 50 მლნ, თურქეთი 32 მლნ, აზერბაიჯანი და სომხეთი 6-6 მლნ.



საქართველოში მცირე ოდენობით ნავთობი კი მოიპოვებოდა, მაგრამ ბაქოს უხვ ნავთობს კონკურენციას ვერ უწევდა. უცხოელი ინვესტორები უფრო მეტად თამბაქოთი ინტერესდებოდენენ, რომელიც წელიწადში 1000 ტონა იწარმოებოდა. საქართველოში ასევე იწარმოებოდა მატყლი, აბრეშუმი, კანაფი, ბამბა... აღნიშნული საქონელი ექსპორტზეც გადიოდა, ოღონდ მხოლოდ ნედლეულის სახით და ის პოტენციური მოგება რომლის მიღებაც მათი გადამუშავების გზით იყო შესაძლებელი იკარგებოდა.


100 წლის წინანდელ საქართველოს პრობლემებთან ერთად უპირატესობებიც გააჩნდა. ერთ-ერთ მათგანას გეოგრაფიული მდებარობა წარმოადგენდა. როფორც შუა საუკუნეებში, ასევე რუსეთის იმპერიის შემედგენლობაშიც, თბილისი სამხრეთ კავკასიის ცენტრს წარმოადგენდა. თბილისი იყო სამხრეთ კავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქიც, რომელმაც სულ 2 თვე იარსება. აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობაც თბილისში, ყოფილი მეფისნაცვლის რეზიდენციაში, ამჟამინდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამოცხადდა. პოლიტიკურის გარდა თბილისი ფინანსურ ცენტრსაც წარმოადგენდა. თბილისში მდებარეობდა კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი და ბევრი საკრედიტო დაწესებულებები.



კაპიტალიზმმა რუსეთის იმპერიაში საკმაოდ დაგვიანებით შეაბიჯა და სრულყოფილად ვერც განვითარდა. სიტუაცია უფრო მძიმე იყო პერიფერიებში, მათ შორის საქართველოშიც. საწარმოთა დიდი ნაწილი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფოს ხელში გადავიდა, მათ ამუშავებას კი სახსრები სჭირდებოდა რაც იმდროინდელ მთავრობას არ გააჩნდა. ტყიბულის ქვანახშირს, სახნავ-სათეს მიწებსა და საძოვრებს, რკინიგზას სახელმწიფო განაგებდა, მაგრამ მიღებული შემოსავალი დეფიციტურ ხარჯვას ვერ აბალანსებდა.


1919 წელს მოხდა პირველი ქართული ქაღალდის ფულის – ბონის (დროებითი ფულის ნიშანი) ემისია, რომელზეც საქართველოს მთავრობა მთელი თავისი ქონებით იყო პასუხისმგებელი. 



100 წლის შემდეგ ცოტა რთულია იმის დადგენა, ბევრი იყო თუ ცოტა ვთქვათ 1 მილიონი მანეთი. საუკეთესო გამოსავალი ფასების შედარებაა. 1919 წელს პროფკავშირებმა მიაღწიეს იმას რომ მუშა მოსამსახურეებს პური შეღავათიან ფასად გადასცემოდათ. ეს შეღთავათიანი ფასი კი 2.5 მანეთს უდრიდა გირვანქაზე (450 გრამი). დღეს ამ ზომის პურის შეძენა თავისუფალ ბაზარზე 70-80 თეთრადაა შესაძლებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამინდელი 1 ლარი 1919 წლის მინიმუმ 3 მანეთს უდრიდა. ამ ფაქტის გაანალიზების შემდეგ არსებული რიცხვები: შემოსავალი, ხარჯები, იმპორტ-ექსპორტი კიდევ უფრო შემცირებულად გამოიყურება. ერთის მხრივ, ქვეყანაში სიღარიბე მართლაც არსებობდა და თან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, მეორეს მხრივ ოფიციალური სტატისტიკა რეალურ სურათს არ ასახავდა. გლეხს სოფელში მოჰყავდა და აწარმოებდა თავის სამყოფ კატოფილს, ლობიოს, ღვინოს, თაფლს, ხორცს, რძესა და კვერცხს. ნამატს ადგილობრივ ბაზარზე ყიდდა ან ცვლიდა სხვა მისთვის უფრო საჭირო საქონელში. დაფარული ეკონომიკის ზომა ოფიციალურს თუ არ აღემატებოდა, ბევრადაც არ ჩამორჩებოდა.


ჟორდანიას მთავრობის ეკონომიკური ხედვები არ ჯდებოდა არც კლასიკურ სოციალიზმში და არც კლასიკურ კაპიტალიზმში. მისი აზრით, კერძო საკუთრებასაც უნდა ეარსება და სახელმწიფოსაც უნდა ჰქონოდა თავისი როლი. ეს მოდელი ერთი შეხედვით დღევანდელ ჩინურ მმართველობას ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ ჩინეთი ცენტრალიზებული სახელმწიფოა, საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას კი ნამდვილად ჰქონდა პრობლემების მართვის სისტემაში. 



1919-1920 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი დამფუძნებელ კრებაში დასამტკიცებლად მხოლოდ 1920 წლის 31 მაისს წარადგინეს და საბოლოოდ იმავე წლის 16 აგვისტოს დაამტკიცეს. ორწლიანი ბიუჯეტი 1.96 მილიარდი მანეთით განისაზღვრა. ხარჯის 27.4% 538 მილიონი მანეთი სამხედრო სამინისტროზე იყო გამოყოფილი როგორც გვარდიაზე, ასევე რეგულარულ ჯარზე.



ბიუჯეტის ანალიზი ცხადყოფს, რომ გადასახადების აკრეფა ძალიან ჭირდა, სახელმწიფო თავად იყო დაკავებული ბიზნესით. ხარჯებიდან ირკვევა პრიორიტეტი, მათი ასეთი გადანაწილებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. 1918 წელს სომხეთის შემოჭრას დაგვიანებული რეაქცია მოჰყვა. 1921 წელს კი ვერ მოხერხდა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, მაშინ როცა პირველი მსოფლიო ომიდან 100 000-ზე მეტი ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცი დაბრუნდა.



1918-1921 წლების საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ უკეთესი მდგომარეობა არც ევროპის კონტინენტზე იყო. კონსტიტუციამ ფორმალურად მხოლოდ 4 დღე იმუშავა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული იმდროინდელ მსოფლიოში, რომელიც თანასწორობასა და სეკულარულ პრინციპებს ეფუძნებოდა. კონსტიტუციის მიღებამდე 2 წლით ადრე დამფუძნელი კრების არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობა ქალებმაც მიიღეს. იგივე უფლება ქალებს შეერთებულ შტატებში 1920 წელს დაუკანონეს, საბერძნეთში 1930 წელს, ესპანეთში 1931 წელს, საფრანგეთში კი 1944 წელს.


როგორ განვითარდებოდა მოვლენები რომ არა ხელახალი ანექსია რთული მისახვედრი არ არის. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მხოლოდ სამი ქვეყანაა განვითარებული: ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. ქვეყნები რომელთა ოკუპაციაც 20 წლით გადაიდო. ბალტიისპირეთში ცხოვრების დონე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსად რომლეთა ოკუპაციაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოახდინეს საქართველოსას 3-ჯერ, 4-ჯერ აღემატება, თუმცა თითქმის ამდენივეთი ჩამორჩება ნიდერლანდების, ავსტრიის, შვეიცარიისა თუ ირლანდიის ცხოვრების დონეს. „ეკონომიკური სასაწაული“ საბჭოთა კავშირში ნამდვილად განხორციელდა, მაგრამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე, მიღწეული შედეგი კი მთლიანად იმპერიის სამხედრო გაძლიერებას ხმარდებოდა. რიგითი მოქალაქეების ცხოვრების პირობები სსრკ-ს დაარსებიდან მხოლოდ 40 წლის შემდეგ, 60-იან წლებში გაუმჯობესდა, იმ დროს როდესაც კორუფცია ჩვეულ მოვლენად გადაიქცა.


და ბოლოს თავი რომ გავანებოთ საქართველოსთვის იქამდე უცნობი მასშტაბის რეპრესიებს, სრულიად უცხო და გაუმართლებელ სოციალურ ექპრიმენტს, 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგედიის გასააზრებლად 1 ფაქტიც საკმარისია, ერთა ლიგის მიერ აღიარებული საზღვრებში საქართველოს ფართობი 107.6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, 1991 წლის შემდეგ გაეროს აღიარებული საზღვრები კი 69.7 ათასი კვატრატული კილომეტრია ანუ 35%-ით ნაკლები, დარჩენილი ტერიტორიის 20%-იც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.



 


სტატიაში გამოყენებულია თამარ ათანელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის და სააექივო მასალები.


სხვა სიახლეები