• Ƀ/$

მადრიდის „რეალის“ სრული დომინირება ევროპის საკლუბო ფეხბურთში

27 მაისი 13:23, 2018 წელი | ანალიტიკა

გადის წლები და საფეხბურთო ისტორია, რომელიც ზოგადად არ არის მოწყვეტილი ისტორიის კანონზომიერებებს, ძირითადად ციფრებს ითვალისწინებს.

 


ამიტომ უახლოეს მომავალში ყველას დაავიწყდება ჩემპიონთა ლიგის გუშინდელ ფინალში მატჩის დებიუტშივე სალაჰის ტრავმა და სერხიო რამოსის მიერ მეტოქის მიერ შემოთავაზებული ხელმკლავის ვინძლო სრულიად შეგნებულად იმ ილეთად ქცევა, რომლითაც საბჭოეთში ძალოვანები მანქანაში ტენიდნენ ხოლმე ბოროტმოქმედთ...


ციფრებს კი რაც შეეხება, მადრიდის „რეალი“ კვლავაც შეუდარებელია და ყველა რეკორდს ხსნის, რაც კი საფეხბურთო კლუბმა ერთი მატჩის, წლის, თუ ათწლეულების მანძილზე შეიძლება დაამყაროს.


ნებისმიერ შემთხვევაში, უმთავრეს როლს ფსიქოლოგიური ფაქტორი რომ თამაშობს ფეხბურთში, ამაშიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა კიევის მატჩმა, რადგან ზიდანის დონის საფეხბურთო ფიგურა, დღესდღეობით სხვა არცერთ გუნდს არ წვრთნის.


საინტერესო ალბათ ისიცაა, რომ ბოლო ოთხ ფინალში ყველაზე დიდი წინააღმდეგობა „სამეფო კლუბს“ ისევ თანაქალაქურმა „ატლეტიკომ“ გაუწია და ეს მიუნჰენის „ბაიერნისა“ თუ ტურინის „იუვენტუსის“ უკვე


ტრადიციული დამარცხებების ფონზე.


აქვე იბადება კითხვა. მაინც ვინ შეძლებს ერთხელაც ზიდანის „რეალის“ დამარცხებას, ვინ უნდა იყოს ის ახალი სახე დღევანდელ ფეხბურთში, რომ 1998 წლის მსოფლიო და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი მწვრთნელის და აქვე „თავხედი“ რონალდუს სტატუსი დაარღვიოს.


ნუთუ ეს ზემოთხსენებული მადრიდის „ატლეტიკო“ იქნება, რომელიც თავისი ღვაწლმოსილი დიეგო სიმეონეს თაოსნობით, ნავსს გასტეხს... ოღონდ სუპერთასზე?


აი სხვაობა კი ძალზედ დიდია სუპერთასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს შორის. სუპერთასზე ბუმბერაზი კლუბი თავის თავს მისცემს გალაღების უფლებას, მით უმეტეს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. აი ლიგაზე კი...


ახლავე ხომ არ ვფიქრობთ, რომ თუკი ზიდანს არ მოწყინდება „რეალის“ მწვრთნელობა, ჩემპიონთა ლიგას მომავალ წელსაც „სამეფო კლუბი“ მოიგებს?


აქვე, მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ გუნდების სიას, რომლებიც მადრიდის „რეალმა“ იმსხვერპლა ლიგის მოგების გზაზე; მერვედფინალიდან ფინალის ჩათვლით ზიდანის ბიჭებმა „პარი სენ ჟერმენი“, „იუვენტუსი“, „ბაიერნი“ და „ლივერპული“ დაამარცხეს.


მოდით გავიხსენოთ, ჰქონია კი რომელიმე გუნდს ანალოგიური ჩამონათვალი ამ ტურნირის მოგებისკენ მიმავალ გზაზე?


ასეთი ფიქრისას ნეიტრალური გულშემატკივარი, რა თქმა უნდა დღევანდელი დღით შემოიფარგლება და წარმოიდგენს: „ბარსელონა“ „რომასთან“ რომ გასულიყო, იქნებ შემდეგ „ლივერპულიც“ დაემარცხებინა და ფინალის ელ-კლასიკოდ  ქცევის შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო?


 „სიტიც“ ხომ გაწირეს მსაჯებმა  „ლივერპულთან“ თამაშის პირველი ტაიმის ბოლო წუთზე. პეპ გვარდიოლა კი სწორედ ის ფიგურაა, ვისაც ზიდანის მსგავსად, დიდი ფეხბურთიც უთამაშია და ფინალებში წაგებასაც არაა დაჩვეული.


მსჯელობა მსჯელობად, მაგრამ ფინალური მატჩის სამართლიანი შედეგის მიუხედავად, დაძაბული შეხვედრის ხილვის სურვილის  მქონე ადამიანი უკმაყოფილოა გუშინდელი შეხვედრით, რადგან სალაჰის ტრავმას თავი რომ დავანებოთ, „ლივერპულის“ გოლკიპერს რაღა დაემართა, რომელმაც ორი ისეთი გოლი გაუშვა, იქამდე „რეალის“ წინააღმდეგ თვით „ბაიერნის“ გოლკიპერის უმსგავსო თამაში რომ დაჩრდილა?


არადა სალაჰის მინდვრიდან გაყვანამდე მოედანზე„ლივერპული“ დომინირებდა, უფრო მეტს უტევდა და შეტევებში უფრო მეტ სიმწვავეს ამჟღავნებდა.



ეგვიპტელის ინგლისელ „ვარსკვლავ“ ლალანათი ჩანაცვლების შემდეგ კი მერსისაიდული გუნდი უფრო 10 კაცის შემადგენლობით ასპარეზობდა, თანაც ისე, რომ ვიღას ახსოვდა, რომ ტრავმის გამო მინდორი მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა - კარვახალმაც დატოვა.


მეორე ტაიმში „ლივერპულმა“ მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ამ გოლს გარეთ ბეილმა ისეთით უპასუხა, რომ უელსელი ალბათ წესით უნდა დატოვონ „სამეფო კლუბში“...


 


 


ავტორი: არჩილ ბენაშვილი, სპეციალურად M2B-სთვის


სხვა სიახლეები