• Ƀ/$

აშშ სავაჭრო ურთიერთობების „დალაგებას“ იაპონიასთან ცდილობს

30 მაისი 17:54, 2018 წელი | ანალიტიკა

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, შეერთებული შტატები, ჩინეთის გარდა, სავაჭრო ურთიერთობის მოწესრიგებას თავის მოკავშირეებთან, ევროპასთან და იაპონიასთანაც ცდილობს.

წლების განმავლობაში, ამერიკის ბაზარი შეღავათიანი ტარიფების გამო, აბსოლუტურად გახსნილი იყო მათთვის. ამერიკულ საქონელს კი ამ ქვეყნების ბაზრებზე შესაღწევად ბევრი ბარიერი ხვდება. მოკლედ რომ ითქვას, ტრამპი სწორედ ამის გამოსწორებას ცდილობს. და როგორც ჩანს, არცთუ წარუმატებლად.


ტრამპს იაპონიის პრემიერ–მინისტრ შინზო აბესთან კარგი პირადი ურთიერთობა აქვს. ორი ლიდერი ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვდა, არაერთხელ ერთად ისადილეს, სამჯერ გოლფი ითამაშეს, ტელეფონით კი ათეულობით საუბარი ჰქონდათ. ბოლო სატელეფონო საუბრისას მათ მოილაპარაკეს, რომ აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს, რომელიც მომდევნო თვეშია დაგეგმილი.


ტრამპმა უარი თქვა ტრანს-წყნარი ოკეანის თანამშრომლობაში მონაწილეობაზე, რომელიც აბეს ინიციატივით შეიქმნა, როგორც ჩინეთის საპირწონე; ამერიკა გამოიყვანა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პარიზის შეთანხმებიდან, რომელსაც მხარს უჭერს იაპონია და ცდილობს მოლაპარაკებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან, ვისთანაც აბეს დაძაბული ურთიერთობა აქვს.


„ვფიქრობ, მან (აბემ) გარკვეულწილად შეძლო ტრამპის გონებაში შეღწევა, მაგრამ ეს არ ეხება მის საქმიანობას სავაჭრო სფეროში. კარგი პირადი ურთიერთობის გამო, პრემიერ მინისტრი და მისი გუნდი უფრო მეტს ელოდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ სურვილი იყო და არა რეალობა. გაიხსენეთ მაკრონი“, - ამბობს კეიოს უნივერსიტეტის პროფესორი ტოშიჰირო ნაკაიამა. ის იმ ფაქტს გულისხმობს, რომ აბეს მსგავსად, ტრამპთან კარგი ურთიერთობა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, ირანის საკითხთან დაკავშირებით, მათ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია უკავიათ.


ავტომობილების დაბეგვრა


ახლახანს ტრამპის ადმინისტრაციამ ეროვნულ უსაფრთხოებას სთხოვა, გამოიძიოს ავტომობილების იმპორტის საკითხი. ამას შესაძლოა, ავტომობილების იმპორტზე ტარიფების მკვეთრი ზრდა მოჰყვეს, როგორც ეს იმპორტირებული ფოლადის და ალუმინის შემთხვევაში იყო. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იაპონიიდან აშშ-ში ექსპორტის დაახლოებით 30% ავტომობილებზე მოდის! და ეს იმის მიუხედავად, რომ იაპონური კომპანიები ავტომობილებს შტატებშიც აწარმოებენ.


ტრამპმა და აბემ აპრილში მოილაპარაკეს, რომ „თავისუფალი, სამართლიანი და ურთიერთმომგებიანი“ სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ჩარჩო ხელშეკრულებას გააფორმებენ. ამ მოლაპარაკებას ამერიკის მხრიდან სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენელი რობერტ ლაითიცერი წაუძღვება, იაპონურ დელეგაციას კი ეკონომიკის მინისტრი ტოშიმიცუ მოტეგი უხელმძღვანელებს.


ტრამპმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ იაპონიასთან ურთიერთმომგებიანი სავაჭრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას ეცდება, რაც ამერიკას იაპონიასთან ვაჭრობაში უზარმაზარი დეფიციტის (დაახლოებით $5.64 მლრდ) შეკვეცის საშუალებას მისცემს. აბე კი თვლის, რომ საუკეთესო გამოსავალი ისევ მრავალმხრივი პაქტებია.


აბე მრავალმხრივ თავისუფალ ვაჭრობას უჭერს მხარს და ორმხრივ გარიგებას გაურბის, რადგან იაპონიის სასოფლო სექტორის იმპორტისთვის გახსნა არ სურს. ცნობისათვის, სასოფლო სფეროს ლობი, აბეს მმართველი პარტიის ძირითადი მხარდამჭერი ბაზაა.


კვლავ ფოლადი და ალუმინი


იაპონიამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) უკვე განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების აწევის შემთხვევაში (რაც შესაბამის იაპონურ საქონელს ჯამში 440 მილიონი დოლარით გააძვირებს), საპასუხო რეაქციის უფლებას იტოვებს.


სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2016 წელს იაპონურმა კომპანიებმა ამერიკის ეკონომიკაში ჯამში 421 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელეს, რითაც შეერთებულ შტატებში 850 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყვეს ხელი.


მოსალოდნელია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დისბალანსის შემცირებას, ხელს იაპონიაში ენერგორესურსების იმპორტის გაზრდა შეუწყობს. ახლახანს იაპონიამ მერილენდის უახლესი საექსპორტო ქარხნიდან, გათხევადებული ბუნებრივი გაზის პირველი პარტია მიიღო. ამ რესურსის ამერიკიდან იმპორტი, ორ ქვეყანას შორის ბალანსის გათანაბრებას შეუწყობს ხელს.


მსგავს თემაზე:


ვაშინგტონმა ლითონის იმპორტზე გადასახადი შემოიღო


ტრამპმა ტარიფების ზრდას ხელი მოაწერა


ტრამპმა ფოლადსა და ალუმინზე გადასახადის გაუქმების პირობები დაასახელა


ფოლადისა და ალუმინის იმპორტის დაბეგვრა ვაშინგტონმა ივნისამდე გადადო


ჩინეთს აშშ–თან ვაჭრობის საკითხებზე დაგეგმილი მოლაპარაკებების კონსტრუქციულობის იმედი აქვს


ტრამპი ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტის 10%–იან შემცირებას ითხოვს


ტრამპი ევროკავშირს ავტომობილების იმპორტზე გადასახადის დაწესებით დაემუქრა


სხვა სიახლეები