• Ƀ/$

აშშ-ში უმუშევრობა კიდევ უფრო შემცირდა

1 ივნისი 19:17, 2018 წელი | ანალიტიკა

აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა, ქვეყნის შრომის ბაზრის მაისის თვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლებიც გვიჩვენებს, რომ  უმუშევრობის დონე კიდევ უფრო შემცირდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მომატებულია საათობრივი ანაზღაურების ზრდის ტემპი.

უმუშევრობის დონე 3.8 პროცენტამდე შემცირდა, რაც ბოლო 18 წლის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. იმავდროულად, არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა რიცხვი (NFP) 223 ათასია, რაც პროგნოზულ მაჩვენებელს (189 000) აღემატება. იმავდროულად, დაზუსტების შემდრგ რამდენიმე ათასით (159 000-დან 164 000-მდე) გაიზარდა წინა თვის ანალოგიური მაჩვენებელი.


ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი მაჩვენებელი, რომელსაც ფედრეზერვი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას აკვირდება, არის ხელფასების ზრდის ტემპი. მაისში ის 0.3 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსთა პროგნოზი 0.2-პროცენტიან ზრდას ვარაუდობდა. შედარებისთვის, აპრილში საათობრივი ანაზღაურება მხოლოდ 0.1 პროცენტით გაიზარდა. ხელფასების ზრდის ტემპმა საშუალო წლიური მაჩვენებლის მხრივაც აიწია. კერძოდ, ამ პუნქტში ზრდა 2.7 პროცენტია, როცა აპრილში ის მხოლოდ 2.6 პროცენტი იყო.


ხელფასების ზრდა არის ის მაჩვენებელი, რომელიც ინფლაციის ზრდის ტემპს განსაზღვრავს. ინფლაცია კი ფედრეზერვისთვის მთავარი კრიტერიუმია, როცა ის დოლარზე განაკვეთის თაობაზე მსჯელობს. ფედრეზერვის მორიგი სხდომა ივნისში გაიმართება და შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკა იმის უტყუარი მანიშნებელია, რომ ამ სხდომაზე ფედრეზერვი დოლარის საპროცენტო განაკვეთს ასწევს. ეს კი ამერიკულ ვალუტას გაამყარებს.


ბევრი მიმომხილველი შექმნილ სიტუაციას აფასებს, როგორც თითქმის სრულ დასაქმებას. მაგრამ არსებობს ერთი გარემოება, რომელიც უმუშევრობის დონის შემცირების ფაქტს ნაწილობრივ აბათილებს. კერძოდ, ქვეყანაში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა, 62.7 პროცენტამდე (62.8-დან) შემცირდა. ნაწილობრივ სწორედ ამან განაპირობა უმუშევრობის დონის შემცირება. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი უკვე სამი თვეა, რაც კლებულობს.


ანალიტიკოსები მოელიან, რომ ხელფასების ზრდის ტემპი წელს ისევ 3 პროცენტს მიაღწევს. ეს კი ის ზღვარია, რომელიც ინფლაციის სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს. შრომის ბაზრის სტაბილური გაუმჯობესება, ეკონომიკის სტაბილურ ზრდასთან ერთად ის ფაქტორია, რომლის გამოც, ინვესტორები თვლიან, რომ ფედრეზერვი წელს დოლარზე განაკვეთს დაგეგმილი სამის ნაცვლად, ოთხჯერ გაზრდის.


 


მსგავს თემაზე:


ვაშინგტონი ევროპულ ფოლადსა და ალუმინს 1–ლი ივნისიდან დაბეგრავს


ჩინეთი უკან იხევს – დღეიდან იმპორტის დაბეგვრას ანახევრებს


სხვა სიახლეები