• Ƀ/$

გლობალური ეკონომიკის მშვიდი საზაფხულო სტარტი

4 ივნისი 14:24, 2018 წელი | ანალიტიკა

ივნისი ბაზრებზე რყევებით გაჯერებული იქნება, თუმცა თვის დასაწყისზე ამას ვერ ვიტყვით. შედარებით მცირე და არამთავარი ეკონომიკური სტატისტიკები, ბაზარზე ბევრს ვერაფერს შეცვლის.

სამაგიეროდ, კანადაში G7-ის ლიდერთა სამიტი ტარდება, რომელზეც განვითარებულ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს განიხილავენ.


G7


დიდი შვიდეულის სამიტი ქალაქ კვებეკში კვირის მიწურულს გაიმრთება და მასზე მასპინძლის როლში კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო წარსდგება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კვებეკში პარასკევს ელიან. იქ ასევე გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და იაპონიის ლიდერები ჩავლენ. განხილვის მთავარი თემა შეერთებული შტატების ახალი სატარიფო პოლიტიკაა.


ამერიკის უახლოეს პარტნიორებს, უპირველეს ყოვლისა, ლითონებზე ახალი, გაზრდილი ტარიფების პერსპექტივა არ მოსწონთ. ექვსმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება შეიმუშავა, რომლითაც აშშ-ის ხაზინის მდივან სტივენ მნუჩინის წინაშე, ტრამპის ტარიფების გამო, „ერთსულოვანი შეშფოთება და იმედგაცრუება“ გამოხატა. მნუჩინმა პასუხად განაცხადა, რომ ტრამპის მიზანს „სავაჭრო ურთიერთობათა დაბალანსება“ წარმოადგენს. სხვათა შორის, ფინანსთა მინისტრების შეხვედრამდე, ტრამპმა თავის ტვიტერზე დაწერა: „შეერთებული შტატები ვალდებულია, რომ ბოლოს და ბოლოს, ვაჭრობისადმი სამართლინი დამოკიდებულება იქონიოს“.


„თუ ჩვენ რომელიმე ქვეყნის იმპორტზე ნულოვანი ტარიფები გვაქვს, ის კი ჩვენს ნაწარმზე 25, 50 და 100 პროცენტიან ტარიფებსაც კი აწესებს, ეს უსამართლობაა და ამას აღარ შევეგუებით. ეს არც თავისუფალი და არც სამართლიანი ვაჭრობაა, ეს სულელური ვაჭრობაა!“ - წერს ტრამპი.


გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირიდან, კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ ფოლადზე 25, ალუმინზე კი 10-პროცენტიანი ტარიფი დააწესა.


აშშ-ჩინეთი


გაგრძელდება მოლაპარაკება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, რომელზეც ასევე ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ასევე უნდა გაირკვეს ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხი.


შეერთებული შტატები და ჩინეთი, ეკონომიკის გასული თვის სტატისტიკებს გამოაქვეყნებენ, რომლებიც გვიჩვენებს, რამდენად აისახა მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვა, მათსავე ეკონომიკებზე. ანალიტიკოსთა შეფასებით, მარტში შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტი 49-დან $50 მლრდ–მდე გაიზრდება.



ამ კვირაში არ იგეგმება ფედრეზერვის წევრთა გამოსვლები. როგორც ამბობენ, ეს შტორმისწინა სიჩუმეა. „შტორმი“ - ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის (FOMC) სხდომა, მომავალ კვირაში გაიმართება. და მასზე დიდი ალბათობით, დოლარზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდა გადაწყდება.


რაც შეეხება ჩინეთს, პროგნოზის შესაბამისად, მისი სავაჭრო სალდო, აპრილის $28.8 მლრდ–დან მაისში $32.5 მლრდ–მდე გაიზრდება. სტატისტიკა უჩვენებს, რომ აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობის დაძაბვის მიუხედავად, ჩინთის ექსპორტი მკვეთრად არის გაზრდილი.


ბრიტანეთის სტატისტიკა


ბრიტანეთში მომსახურების სექტორის აქტივობის მაჩვენებლები გამოქვეყნდება. ისინი ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას გვიჩვენებს და ანალიტიკოსებს მეტნაკლები წარმოდგენა შეექმნებათ იმაზე, თუ რას აპირებს ინგლისის ბანკი - წელს დაიწყებს სტერლინგზე განაკვეთის აწევას, თუ კვლავ მოცდას ამჯობინებს.


პროგნოზის შესაბამისად, ქვეყანაში მომსახურების უზარმაზარი სექტორის საქმიანი აქტივობის ინდექსი, 52.8-დან 52.9-მდე გაიზრდება. პირველ კვარტალში ბრიტანეთის ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდებოდა, რაც უჩვეულოდ თოვლიანმა ზამთარმა და მოსალოდნელი ბრექსიტის ფაქტორებმა განაპირობა. ამიტომ, ინგლისის ბანკმა სტერლინგზე განაკვეთის აწევის დაწყებისგან თავი შეიკავა.


ავსტრალიის სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილება


ცენტრალურ ბანკებს შორის, მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ავსტრალიის სარეზერვო ბანკი (RBA) გამოაქვეყნებს. წინასწარი ვარაუდით, ავსტრალიურ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის შეცვლა მოსალოდნელი არ არის.


ამჟამად საპროცენტო განაკვეთი რეკორდულად დაბალ დონეზე - 1.5 პროცენტზეა და ის უკვე ზედიზედ 21 კვირაა, არ შეცვლილა. ინფლაციის დაბალი დონის გამო, უახლოეს მომავალში საპროცენტო განაკვეთის აწევის პერსპექტივა თითქმის არ არსებობს. RBA-ს მმართველ ფილიპ ლოუს ნათქვამი აქვს, რომ ავსტრალიური დოლარის განაკვეთთან დაკავშირებით, ბანკის შემდგომი გადაწყვეტილება, განაკვეთის დაწევაზე მეტად, აწევა იქნება. მაგრამ როდის შეიძლება ეს მოხდეს, ამის თქმა უჭირს.


მსგავს თემაზე:


ტრამპმა სავაჭრო ომის დაწყების მიზეზები განმარტა


ივნისის მოვლენები, რომლებიც გლობალურ ბაზრებს საფრთხეს უქმნიან


სხვა სიახლეები