• Ƀ/$

დოლარმა კვირა ზრდით დაიწყო

18 ივნისი 16:01, 2018 წელი | ანალიტიკა

დოლარის ინდექსმა ახალი კვირა ზრდით დაიწყო, რასაც, ძირითადად, ამერიკისა და ევროზონის ცენტრალური ბანკების განსხვავებული მონეტარული პოლიტიკა იწვევს.

იმავდროულად, დოლარმა იენთან კვლავ დათმო პოზიციები, რასაც ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა მორიგი დაძაბვა იწვევს - იენი რისკებისგან თავშესაფარი აქტივია და როგორც კი ინვესტორები არასტაბილურობას იგრძნობენ, მაშინვე საკუთარ რესურსებს ოქროსა და იაპონურ ვალუტაში აბანდებენ.


დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტისადმი ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 0.26%–ით, 94.69-მდე გაიზარდა, რაც პარასკევს დაფიქსირებულ ბოლო 11 თვის მაქსიმუმზე (95.13) ნაკლებია. გასულ კვირაში დოლარის ინდექსი 1.33%–ით გაიზარდა. ეს იყო ამერიკული ვალუტის საუკეთესო კვირა ბოლო 50 დღეში. ეს, პირველ რიგში, ფედრეზერვის ახალი გეგმის შედეგია, რაც დოლარზე განაკვეთის უფრო სწრაფი ტემპით ზრდას ითვალისწინებს. იმავდროულად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყება გადაავადა.


ევროს დოლართან წყვილში 0.37% დააკლდა და 1.1562-მდე შემცირდა, თუმცა 1.1624-მდე გამოსწორდა. გასულ კვირაში ევრომ დოლართან, ევროპის ცენტრალური ბანკის „მტრედული“ პოლიტიკის წყალობით, 1.34% დათმო.


იენთან წყვილში ამერიკული ვალუტა ოდნავ შემცირდა, რის შემდეგაც, 1 დოლარის ფასმა 110.57 იენამდე დაიკლო. თუმცა ეს წინა კვირის მაქსიმუმთან (110.90, რაც ბოლო სამი კვირის პიკია) საკმაოდ ახლოსაა. იენს სულის მოთქმის საშუალება აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვამ მისცა. გარდა ამისა, იენმა დამატებითი ბიძგი ოსაკას მიწისძვრისგანაც მიიღო, რომელსაც, სამწუხაროდ, სამი ადამიანი შეეწირა. ამ შემთხვევაშიც, იაპონური ვალუტა რისკებისგან თავშესაფრის სტატუსმა გაამყარა.


მსგავს თემაზე:


აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის საფრთხე მსოფლიო ბაზრების დღის წესრიგიდან არ ჩამოდის


სხვა სიახლეები