• Ƀ/$

მსოფლიო ბაზრები სავაჭრო ომის მოლოდინში რჩებიან

25 ივნისი 16:48, 2018 წელი | ანალიტიკა

ჩაიარა ცენტრალური ბანკების სხდომებმა, OPEC-ის შეხვედრამ, თურქეთის არჩევნებმა და ინვესტორების ყურადღების ცენტრში კვლავ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის დაძაბულობა რჩება.

გარდა ამისა, გამოქვეყნდება აშშ-ის მშპ-ს მაჩვენებლები და პირად მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ინდექსი, რომლებიც დოლარის კურსზე იმოქმედებს.


არაოფიციალური ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში უკვე ცდილობენ ჩინეთთან მოლაპარაკების განახლებას, რათა სავაჭრო ომი თავიდან იქნას აცილებული. ამისთვის დრო ძალიან ცოტა რჩება - ჩინურ პროდუქციაზე ახალი ტარიფები ძალაში 6 ივლისიდან შევა და მერე საქმის გამოსწორება გაცილებით რთული იქნება. პრინციპში, ახალი გადასახადი ძალაში მყისვე სწორედ იმიტომაც არ შევიდა, რომ მოლაპარაკების შანსი დარჩენილიყო.


მაგრამ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანებებას არ აპირებს. მან წინა კვირაში სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს დაავალა, რომ შეადგინონ $200 მლრდ–ის ღირებულების ჩინური საქონლის სია, რომლებზეც ჩინეთისგან საპასუხო რეაქციის შემთხვევაში, 10-პროცენტიანი ტარიფი ამოქმედდება. ამაზე ჩინეთის პასუხი ჯერჯერობით მხოლოდ ისაა, რომ ამერიკულ საქონელზე ანალოგიურ ტარიფებს შემოიღებს.


ამ კვირაში ამერიკაში პირველი კვარტლის მშპ-ს საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდება (ხუთშაბათს). სავარაუდოდ დადასტურდება, რომ ამერიკის ეკონომიკა 2,2%–ით გაიზარდა, რაც კარგი მაჩვენებელია. იმავე პროგნოზით, მშპ-ს ზრდის წლიური მაჩვენებელი 2,9% იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, არაა მოსალოდნელი ისეთი სტატისტიკა, რაც ფედრეზერვს მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ გეგმას შეაცვლევინებს.


რაც შეეხება პირად მოხმარებაზე ხარჯების ინდექსს, მას პარასკევს გამოაქვეყნებენ. პროგნოზის შესაბამისად, ეს ინდექსი, რომელიც ინფლაციაზე აისახება, მაისში 0,2%–ით უნდა იყოს გაზრდილი. წელიწადზე გადათვლით, ინდექსის ზრდა 1,9% უნდა იყოს, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.1-ით მეტია.


ამერიკის გარდა, პირველი კვარტლის მშპ-ს მონაცემებს ბრიტანეთშიც გამოაქვეყნებენ (პარასკევს). სავარაუდოდ დადასტურდება, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი სულ რაღაც, 0,1% იყო. წლიური გადაანგარიშებით, ზრდა 1,2%–ს მიაღწევს. ორივე პროგნოზული მაჩვენებელი, წინასწარ გამოქვეყნებულის ანალოგიურია. ეს კი 2012 წლის შემდეგ, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ყველაზე სუსტი მაჩვენებელია.


მაგრამ ამის მიუხედავად, წინა კვირაში ინგლისის ბანკმა გამოაცხადა, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპის კლება დროებითი მოვლენაა, რაც უჩვეულოდ ცივი ამინდების შედეგი იყო. ინგლისის ბანკი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ დადებითი ფონის შემთხვევაში, შეიძლება სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს.


ევრო ზონაში კი ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდება (პარასკევს). წინასწარი მონაცემებით, ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,2%–ით უნდა იყოს გაზრდილი, რაც მაისის მაჩვენებელზე 0,1-ით მეტია. ზრდას ძირითადად საწვავზე ფასების ზრდა განაპირობებს.


საწვავის და საკვების ფასის გამოკლებით, ძირეული ინფლაცია 1%–ით დაიწევს. შედარებისთვის, წინა თვეში ეს მაჩვენებელი 1,1% იყო. ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივი დონე კი 2%–იანი ინფლაციაა.


სხვა სიახლეები