• Ƀ/$

ნატოს სამიტით კმაყოფილი ტრამპი, საქართველო და უკრაინა

13 ივლისი 09:50, 2018 წელი | ანალიტიკა

ნატოს შიდადაპირისპირებამ ყველა საგარეო საკითხი დაჩრდილა, მაგრამ ბრიუსელის სამიტით მხოლოდ ტრამპი არ დარჩენილა კმაყოფილი – საქართველომ და უკრაინამ ბევრის მიღწევა შეძლეს.

ნატოს 11-12 ივლისის სამიტზე დიდ უსიამოვნებებს ელოდნენ, თუმცა მძიმე პირველი დღე აღმოჩნდა, რომელიც ალიანსის წევრების მიერ თავდაცვაზე გაღებული ხარჯების მშპ-სთან და მით უმეტეს ამერიკის ხარჯებთან შედარება დიდ უკმაყოფილებას ბადებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განწყობებში.


საბოლოო ჯამში, მიუხედავად ტრამპისა და მერკელის წაკამათებისა, სამიტის პირველი დღე მაინც წარმატებით დასრულდა. ალიანსის წევრებმა საერთო დეკლარაცია მიიღეს და სავახშმოდ გაეშურნენ, სადაც საუბრის მთავარი თემა რუსეთი იყო.


სამიტის შემდეგი დღე საქართველოს, უკრაინასა და ავღანეთს მიეძღვნა.


შეწყვეტილი სხდომა


12 ივლისს დილით ნატოს ლიდერებმა ერთობლივ სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები მიიწვიეს და ორივე ქვეყანასთან დაკავშირებით შემაჯამებელი დოკუმენტის წარმოდგენაც კი მოასწრეს, ვიდრე ტრამპი ახალ ქარიშხალს ატეხდა თავდაცვის ხარჯების თემაზე დაბრუნებით. ამის შემდეგ სხდომა შეზღუდულ ფორმატში გადაიზარდა და უკვე მესამე ქვეყნების წარმომადგენლების გარეშე გაგრძელდა.


ზოგიერთი მედიასაშუალება იმასაც წერდა, თითქოს ტრამპი მოკავშირეებს ალიანსიდან აშშ-ის გასვლით დაემუქრა, თუ ისინი არ გაზრდიან თავდაცვით ხარჯებს. თუმცა ასეთი მუქარის შესახებ ოფიციალურად არავინ საუბრობს.


შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ნატოსადმი ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ თავდაცვით ხარჯებთან დაკავშირებით გრანდიოზული პროგრესია მიღწეული და დასძინა, რომ ნატოდან აშშ-ის გასვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.


ტრამპი-პუტინის შეხვედრა


სამიტის დასრულებისთანავე დონალდ ტრამპი ლონდონში ჩაფრინდა, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი „ბრექსიტის“ მისეული გეგმის გამო გააკრიტიკა. ამის შემდეგ კი, 16 ივლისს, ჰელსინკში ტრამპი პუტინს შეხვდება. ბევრმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. თუმცა, ასეთი მოლაპარაკებები, ასეთი პოზიციიდან, რუსეთთან მიმართებაში ნატოს პოლიტიკას სრულად პასუხობს: აძლიერებენ თავდაცვას და აწარმოებენ დიალოგს.


მანამდე სტოლტენბერგი დიდი ხნის განმავლობაში განმარტავდა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთთან დიალოგს. „ჩვენ კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ ვისწრაფვით, როგორც კი ამის საშუალებას მოსკოვის ქმედებები გვაძლევს“, – აღნიშნა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა.


თვით ტრამპმა კი განაცხადა, რომ ბევრი კოლეგა მადლობასაც უხდიდა პუტინთან შეხვედრის გადაწყვეტილების მიღების გამო და მასთან საერთო ენის გამონახვის იმედი გამოთქვა. „ვიღაცამ მკითხა, მტერია თუ არა ის. არა, ის ჩემი მტერი არ არის. მეგობარია? – არა, საამისოდ კარგად არ ვიცნობ მას, – განმარტა ტრამპმა. – მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ის კონკურენტია. ის რუსეთს წარმოადგენს, მე – აშშ-ს“.


ტრამპის ხანმოკლე შეხვედრები საქართველოსა და უკრაინის ლიდერებთან


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მოკლე შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი ორმხრივ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების შესაძლებლობებს შეეხო.


საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში.


გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლის გახსნაც შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერებისთვის. პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი საქართველოს ნატოში დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე.


უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი თემა ჰელსინკის შეხვედრა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გახდა. „ეს იყო აბსოლუტურად დამაჯერებელი საუბარი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ აუცილებლად უნდა გვესაუბრა ჰელსინკის შეხვედრის წინ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.


საქართველოსა და უკრაინის წევრობის პერსპექტივა


ნატომ სამიტის მონაწილე ლიდერებმა დაადასტურეს თავისი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისადმი, რომლის შესახებაც პირველად 2008 წელს ბუქარესტში გაცხადდა. მაშინ ალიანსის ყველა წევრი შეთანხმდა ამ ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე.


ახალ დეკლარაციაში ამ ქვეყნებისადმი აქცენტები განსხვავებულადაა ფორმულირებული. საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ეს ქვეყანა „გახდება ალიანსის წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ამ პროცესის ნაწილია“. ამასთანავე, სიტყვა „წევრობა“ დოკუმენტში რამდენჯერმეა ნახსენები.


რაც შეეხება უკრაინას, ტექსტში საუბარია მის „სწრაფვაზე ნატოს წევრობისაკენ“.


სხვა სიახლეები