• Ƀ/$

ქუთაისის შემოვლით გზაზე ახალი 41 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი აშენდება

17 ოქტომბერი 15:05, 2018 წელი | ეკონომიკა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41.3 კმ-იანი 2 ზოლის მშენებლობას იწყებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. 

17 ოქტომბერს მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ქართულ და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ ატაშეებს პროექტის სატენდერო პირობები გააცნეს.


არსებული ორზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ მონაკვეთზე მომხდარი ხშირი საგზაო შემთხვევების გამო, მალევე მოხდა მისი გაცალმხრივება.


ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას.


ქუთაისის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 მილიონი ლარია. პროექტი დაყოფილია 4 ლოტად,  რაც მეტ კომპანიას მისცემს ტენდერში მონაწილეობის საშუალებას.


ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების სავარაუდო ვადა 2020 წლის შემოდგომაა.


„შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი გარკვეულწილად უპრეცედენტოა, ვინაიდან  საუბარია 41 კმ-იან გზაზე, რომელსაც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. ახალი 2 ზოლის მშენებლობაზე, აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან, მაგრამ მოგეხსენებათ, მათ თავიანთი პარამეტრები და კვლევები აქვთ, რაც არსებული მოძრაობის ინტენსივობას და სხვა კომპონენტებს მოიცავს. ამიტომ, მათი მხრიდან იმთავითვე დაფინანსდა მხოლოდ ორზოლიანი გზის მშენებლობის პროექტი, შესაბამისად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დამატებითი ახალი ორზოლიანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“ - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.


ტენდერი, ოთხივე ლოტზე, უახლოეს დღეებში გამოცხადდება და კომპანიებს წინადადებების წარმოსადგენად 30 კალენდარული დღე ექნებათ


მსგავს თემაზე:

გერმანიის ავტობანზე უპილოტო სატვირთოები დღეში სამ რეისს შეასრულებენ


შორაპანი-არგვეთას გზის მონაკვეთის მშენებლობას იაპონური მხარე $343 მლნ-ით დააფინანსებს


დარიალის ხეობაში 1.7 კილომეტრიანი გვირაბი გაიხსნა


ხევი-უბისას მონაკვეთზე 35 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება



სხვა სიახლეები