• Ƀ/$

ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციები გამკაცრდება

31 ოქტომბერი 13:40, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის 31 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა, ჰაერის მტვრით დაბინძურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, მხარდასაჭერად პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.


მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების ჰაერში მოხვედრის თავიდან აცილებაა.


რაც შეეხება თავად კანონპროექტს, თბილისის მერის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სანქციების ამოქმედებას შემდეგი მიმართულებით: მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობისთვის; მშენებლობის პროცესში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის; განთავსებისას, ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსებისა და რეალიზაციისთვის. 


„ეს ის მიმართულებებია, რომელზეც სანქციები გამკაცრდება. დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება. რა თქმა უნდა, ქალაქში მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაზეც ვთქვით, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების სრულიად ახალი პარკი გვექნება. ასევე, ვსაუბრობთ მეტროს განახლებასა და მოწესრიგებაზე, სადგურების სრულ რეაბილიტაციაზე და მიწისზედა მეტროს პროექტზე. რა თქმა უნდა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, რომელიც მთლიანობაში, შედეგს მოგვცემს. იგეგმება საქალაქო პარკების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მათი მოვლა-პატრონობაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.  


მისივე თქმით, დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობაზეც აიღებს, რომელშიც მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.  


მსგავს თემაზე:

90 ელექტროძრავიანი ავტობუსი თბილისში 2019 წლიდან გამოჩნდება


სამგორიდან ლილომდე მიწისზედა მეტროს 8 სადგური გაიხსნება


თბილისის მერია 200-მდე 18-მეტრიან ელექტროავტობუსს შეიძენს



სხვა სიახლეები