სოფლის მეურნეობა
ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები
ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712910417

1712222698

მწიფდება და გაძლევს შემოსავალს იმ სეზონზე, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს - ფერმერი

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივ ფერმერს, ტარიელ გურგენიძეს 1 400 ჰექტარზე მოცხარი აქვს გაშენებული, რომლის რეალიზაციას ის როგორც ნაყოფის, ასევე ნერგების სახით ახდენს.„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ჰავისთვის დამახასიათებელი კულტურები, ანუ ციტრუსის გარდა, ყველაფერი მომყავს. ესენია, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურები. კენკროვანებში შედის მოცხარი, როგორც წითელი, ასევე შავი, ხურტკმელი, იოშტა, შავი ველური მოცვი.ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლურჯი მოცვი, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით და სარგებლით გაცილებით უკეთესია შავი მოცვი“, - აცხადებს ფერმერი. მისი თქმით, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მოცხარზე და ერთი ნერგიც კი არ რჩება გასაყიდი.„დღესდღეობით მოცხარი 1 400 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული. საკმაოდ რთულია მისი მოკრეფა და ეს ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მის მოსაყვანად, თუმცა რეალიზაცია უმარტივესია, რადგან მოთხოვნა დიდია და არასოდეს გაუყიდველი არ რჩება. ამასთან, მას ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს - იგი მწიფდება და გაძლევს შემოსავალს მაშინ, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.როგორც ფერმერი ამბობს, მოცხარის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 4 ლარია კილოგრამზე, მაგრამ სეზონის მიწურულს, როდესაც ის კლებულობს, 7-8 ლარიც ხდება. წლიური მოსავალი კი დაახლოებით 3-4 ტონას შეადგენს.„რაც შეეხება ნერგებს, მოთხოვნა აქაც გაზრდილია. თუ აქამდე 200-300 ძირი მოცხარის ნერგი იყიდებოდა, ბოლო ორი წელია, ეს რიცხვი 1000-მდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, რაც ძალიან კარგ, - აცხადებს ფერმერი.ტარიელ გურგენიძემ ბიზნეს-იდეაც გაამხილა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესს დაინტერესებს: „კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება ამ ხილის ე.წ. შოკური გაყინვის მეთოდი, რაც ზამთარში მაღაზიებში გაყინული ხილის შეძენას გულისხმობს. ძალიან დიდი ფუფუნებაა, გაყინულ მდგომარეობაში ჩვენივე წარმოებული პროდუქტი ვიყიდოთ და არა იმპორტირებული“, - ამბობს ის.ფერმერმა ბოლო პერიოდში პოპულარულ კენკრაზე, გოჯი ბერიზე, ე.წ. მგლის კენკრის შესახებაც ისაუბრა:„გოჯი ბერის რამდენიმე ნერგი შემოვიტანე საცდელად. რადგან ახალი კულტურაა, შევხედავ, როგორ იხარებს და შემდეგ გავამრავლებ. ზამთარს გაუძლო, მაგრამ მსხმოიარობა ჯერ არ დაუწყია და ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. რადგან ზამთარს გაუძლო, მგონია, რომ გაამართლებს“, - განაცხადა ტარიელ გურგენიძემ.

1712138148

„ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა - როდის იყო, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა?“

ქართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული პროდუქციით. ქვეყანა ყიდულობს თითქმის ყველაფერს: ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ა.შ.მაგალითად, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით, კიტრის - 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. იმპორტირებული მწვანილი თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაძვირდა. გაზრდილია მარწვის იმპორტიც. წელს თებერვალში იმპორტმა 336 080 დოლარი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ჯამში 230 ტონა მარწყვი ვიყიდეთ. თუმცა, ეს სტატისტიკის მცირე ჩამონათვალია, პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა ისაუბრა, საქართველოს 10-12 მილიონი ადამიანის ბიო-პოტენციალი აქვს და ტროპიკული კულტურის გარდა, აქ ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი. „საქართველო უხვი წარმოების შესაძლებლობების ქვეყანაა. მართალია, მისი მასშტაბები შეიძლება ვერ გასწვდეს ექსპორტს, მაგრამ ქვეყნის შიგნით მას მოსახლეობის დაკმაყოფილების პრობლემა არ აქვს. მით უმეტეს, ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, თევზით. ჩვენ შეგვიძლია 45 ათასი ტონა საქონლის ხორცი ვაწარმოოთ, შეგვიძლია 40 ათასი ტონა ქათმის ხორცი, 8 ათასი ცხვრის ხორცი ანუ ის რაოდენობა, რაც საქართველოს მოთხოვნილების მაქსიმალურ რიცხვამდე მიგვიყვანს. 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება შეგვიძლია, ასევე ქერი, შვრია, 360 ათასი ტონა ჭვავი, დაახლოებით 900 ათასი ტონა სიმინდი და ა.შ.ეს ძალიან მრავალდარგოვანი მხარეა სოფლის მეურნეობისთვის და ასეთ მხარეზე ოცნებობენ ქვეყნები. ის სავსეა წყლებით, ჯანსაღი ჰაერით, არაჩვეულებრივი ნიადაგით, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ ფასთა პარიტეტი არ არის დადგენილი ქვეყანაში.სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამომხმარებლო ღირებულება არ შეიცვლება იმით, რომ ვთქვათ, ბოლოკი მიწიდან ამოვიღოთ ყვითელი, ცისფერი, შავი და ა.შ. ბოლოკი ბოლოკია და მისი სამომხმარებლო ღირებულება ესაა. ამ მიმართებით არის საკითხის დარეგულირება საჭირო“, - განაცხადა აკადემიკოსმა.კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის ძირითად პრობლემებზე საუბრობს და მისი თქმით, ესენია:🔵 დიზელის ტიპის საწვავი;🔵 შუქი, გაზი სოფლის მეურნეობისთვის;🔵 ტექნიკის მომსახურება;🔵 ირიგაციული მომსახურება;🔵 მინერალური სასუქები.თითოეული ამ კომპონენტის პრობლემა, მისი თქმით, ზედმეტად მაღალი ფასებია.სოფლის მნიშვნელობა„სოფელი სტატუსის გარეშე სხვაგვარად ვერ განვითარდება. ის მოკვდება და გაქრება. დღეს ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა. ის, როგორც ტერიოტიული ერთეული, არ არსებობს, ამიტომ ეს უნდა აღვუდგინოთ სოფელს და ამ ტერიტორიულ ფარგლებში არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ყველა საკუთრება უნდა გადაეცეს სოფელს მუდმივ მფლობელობაში და სარგებლობაში უსასყიდლოდ. შემდეგ თვითონ თემი გადაწყვეტს, რას უზამს არ რესურსს - მიწას, წყალს, ტყეს და ა.შ. ამ გზით ხალხი დამშვიდდება, გაფულიანდება, აღარ გაიქცევა.სოფლის განვითარება რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-კულტურული სტატუსი მიახლოებით გაუთანაბრდეს ქალაქის მოსახლის სტატუსს. ჩვენთან ეს ყველაფერი მიშვებულია. არადა, მათ შვილებსაც სჭირდებათ ინფორმაცია, გზა, ტრანსპორტი, გართობა, სკოლა, საბავშვო ბაღი, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, რაც პრაქტიკულად ქრება და ამავდროულად იცლება სოფელი“.პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში მთელს საქართველოში 240 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რთული ვერტიკალური-ზონალურობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მოთხოვნილება შრომით რესუსრებზე 300 ათასი ადამიანია.„ამიტომაც არის, რომ ის, რაც 30 წლის წინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. როდის იყო, რომ ჩვენ კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა? მთავრობამ უნდა გაითავსოს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი და თუ სურს, რომ უახლოეს 5 წელიწადში ჰქონდეს გაწონასწორებული სავაჭრო ბალანსი, მთელი ვალუტა უნდა მიმართოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის“.რეალიზაციაპაატა კოღუაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემასაც შეეხო და ორი წლის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ხორბლისა და ქერის რეალიზაცია.„ამიტომ, საჭიროა თანამედროვე რეალობის ცეკავშირის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც პროდუქციას შეიძენს და მის რეალიზაციას მოახდენს.ყველაფერს შეელევა ადამიანი, მაგრამ ვერ შეელევა სურსათის ნაკლებობას, ამიტომ არის, რომ ეს სფერო მთელს მსოფლიოში რეგულირებადია. დოჰას რაუნდი, რომელიც 2000 წელს დაიწყო, დღემდე დაუმთავრებელია იმის გამო, რომ ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და მისი მხარდაჭერა.სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვართ დღეს ხელგაწვდილ მდგომარეობაში და არ გვაქვს ხორბალი და შესაბამისად პური, არ გვაქვს ბურღულეული, არ გვაქვს თხილი, კარაქი, ზეთი, რძე. თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ 1,1 მლნ ლიტრი რძე. არ ვიყენებთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია“.საძოვრებიაკადემიკოსი საძოვრების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარდა პირუტყვის გამოკვებისა, მაღალმთიან ადგილებში ერთგვარად მესაზღვრეს ფუნქციასაც შეასრულებდა.„საქართველოს მთიანეთის პრობლემას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მთაში მცხოვრებ კაცს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაკარგა. დღეს ეს სიმდიდრეები მოშიშვლებულია და ამ სიმდიდრეებით ჩრდილო-კავკასიელები სარგებლობენ. მთაში მცხოვრებმა ადამიანმა ფუნქცია დაკარგა და გარდა მესაზღვრისა, ის მოგვიტანდა უამრავ სარგებელს - ჯანსაღ ხორცს, ტყავს და ა.შ.შიმშილს და სიღარიბეს ყოველთვის სურსათის ნაკლებობა არ იწვევს, მას იწვევს დემოკრატიის ნაკლებობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, სოციალური და საწარმო ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობა. მთელი მსოფლიო სანთელივით უფრთხილდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ჩვენთან პირიქით, გასხვისება ხდება. ახლა საძოვრების გადაყვანა უნდათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში და ეს არის კატასტროფა.როდესაც ამ დარგში პრობლემები მოგვარდება, ფერმერი აწარმოებს იმ პროდუქტებს, რაც ხალხს სჭირდება და ეს დარეგულირდება, მას გაეზრდება შემოსავალი, მისი შვილიშვილი მიიღებს განათლებას და ის არასოდეს გამოიქცევა სოფლიდან, სწორედ მაშინ გვეშველება“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

1711543300

რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხს ერთწლიანი კულტურებისა და თხილის მსხვილ მწარმოებლებს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს.ამის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებია. ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლიანი კულტურების მოყვანით, მივცემთ საშუალებას აიღონ სესხი. ეს სესხი იქნება კულტურების მოსაყვანად, საბრუნავი სახსრების სახით და დავუფინანსებთ ერთი წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს, სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 ათასი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარში დავუდგეთ ფერმერებს ამ ნაწილში, ერთწლიანი კულტურების მოვლა - მოყვანაში საჭირო ხარჯების დაფინანსებაში. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა გაითვალისწინებს თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის მხარდაჭერასაც. იცით, რომ ვეხმარებით ფერმერებს სუბსიდიის სახით ერთ ჰექტარზე 500 ლარით, ვისაც აქვს, არაუმეტეს, 3 ჰექტრის ოდენობის თხილის ბაღი, ეს პროგრამა კი გაითვალისწინებს უფრო დიდი ფართობების მქონე ფერმერებისთვის მხარდაჭერას, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების სახით და აქ სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 300 ათასი ლარი ერთ ბენეფიციარზე“, - განაცხადა შამუგიამ.


სხვა სიახლეები
ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6710 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6710 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6699 ლარი იყო.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8387 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8450 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0822 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 17 აპრილს შევა ძალაში.

ეკონომიკა 1713274210

ლურჯი მოცვი
1 კგ მოცვი 80 ლარი ღირს - რა უჯდება ქვეყანას ლურჯი მოცვის იმპორტი

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ „ბიზნესპრენიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი დოლარის 15.3 ტონა.აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მოცვის იმპორტიორი ქვეყანა ძირითადად ნიდერლანდებია. რაც შეეხება ფასს, 2024 წლის პირველ ორ თვეში 1კგ ლურჯი მოცვის იმპორტი ქვეყანას 11.3 დოლარი დაუჯდა (კურსით 30.3 ლარი), ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 11.6 დოლარი. აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ საიმპორტო ფასი 2.6%-ით შემცირდა.„ბიზნესპრენსნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს სუპერმარკეტებში იმპორტირებული ლურჯი მოცვი. სხვადასხვა სუპერმარკეტში 1კგ-ს ფასი ძირითადად 80 ლარის ფარგლებში მერყეობს. მონაცემები აჩვენებს, რომ მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება.

ეკონომიკა 1713268148

ცათამბჯენი
ძმები ფხაკაძეები იპოდრომთან 7 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ

ძმები ფხაკაძეების კომპანია იპოდრომის მიმდებარედ 7 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს, რომელთა მაქსიმალური სართულიანობა 79 იქნება. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა „ქართუ ფონდმა” იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80 145 მ²-ის უძრავი ქონების გაყიდვის გარიგება გასული წლის ბოლოს „ცენტრალ პარკ ავენიუსთან“ გააფორმა, რომელიც ბიზნესმენ ფხაკაძეების კომპანიაა.„ცენტრალ პარკ ავენიუსმა“ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების განხილვის შესახებ 12 აპრილს მიმართა და პასუხს სავარაუდოდ ორ კვირაში მიიღებს.როგორც პროექტიდან ირკვევა, კომპანია მრავალფუნქციური და მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. საპროექტო ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, პირველ მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 25 სართული იქნება, ხოლო მეორეზე ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით, სადაც შენობების მაქსიმალური სიმაღლე 79 სართული იქნება.„წარმოდგენილი საპროექტო წინადადება, კარგი მაგალითია საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის. ასევე დაგეგმილი, სავაჭრო, საოფისე, კომერციული, სპორტული და გასართობი ცენტრები ქმნის ახალ მომსახურების ცენტრებს და სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდას.ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ წარმოდგენილი განაშენიანება ცენტრალურ პარკთან ხელს შეუწყობს სამეზობლო კომუნის ჩამოყალიბება-გაძლიერებას.შენობის კონცეფცია მორგებულია, როგორც ფეხმავლის, ისე ავტომობილის კომფორტულ გადაადგილებაზე. დაგეგმილია კანონით მოთხოვნილი პარკირების რაოდენობაზე ორჯერ მეტი, 5 500 ავტოსადგომის მოწყობა, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ მცხოვრებელს, ისე მოსულ სტუმარს. საპროექტო გადაწყვეტით ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, N1 მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, ხოლო N2 ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.შპს „ცენტრალ პარკ ავენიუ“ 2023 წლის 22 სექტემბერს არის დაფუძნებული, კომპანიის დირექტორია ვასილ ფხაკაძე. ბიზნესრეესტრის თანახმად, „ცენტრალ პარკ ავენიუს“ მესაკუთრეა შპს „იდეა“, რომელიც სოსო ფხაკაძის, ლევან ფხაკაძისა და ვასილ ფხაკაძის საერთო კომპანიაა.ცნობისთვის, 2023 წლის აგვისტოში ამ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია განახორციელა ყოფილი დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტმა“, თუმცა 2023 წლის 16 ოქტომბერს გარიგება შებრუნდა და ქონების მესაკუთრედ კვლავ „ქართუ ფონდი“ დარეგისტრირდა, აქედან ორ კვირაში კი ტერიტორიას ახალი მყიდველი გამოუჩნდა.

ბიზნესი 1713268112

LC Waikiki
ბელარუსში LC Waikiki-ის ბრენდის ზოგიერთი საბავშვო ტანსაცმლის გაყიდვა აკრძალეს

ბელარუსის რესპუბლიკის სტანდარტიზაციის სახელმწიფო კომიტეტმა აკრძალა ცნობილი თურქული ბრენდის ზოგიერთი საბავშვო ტანსაცმლის გაყიდვა. ის სახიფათო პროდუქტების რეესტრში იქნა შეტანილი - ამის შესახებ იუწყება БЕЛТА იუწყება. „გოსსტანდარტმა“გამოავლინა დარღვევები LC Waikiki-ის ბრენდის ბავშვთა ტანსაცმელში. კერძოდ, უსაფრთხოების მაჩვენებლები დაირღვა კომპლექტების - ქუდების, ბოდეების, ახალშობილთა სპეცტანსაცმლის, ასევე რამდენიმე ტიპის პერანგის წარმოებაში სკოლამდელი და სკოლის მოსწავლეებისთვის.უწყების განმარტებით ახალშობილთა ტანსაცმელში დამაკავშირებელი ნაკერები გაკეთებული იყო არასწორ (შიდა) მხარეს (უნდა იყოს გარე ზედაპირზე), სკოლამდელი ასაკისა და სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილ სამოსში კი ჰიგიროსკოპიულობისა და ჰაერის გამტარიანობის მაჩვენებლები არ იყო დაცული.გარდა ამისა, ამ ბრენდის სასკოლო ჩანთები სახიფათო პროდუქტების სიაში მოხვდა. მათ აკლდათ ამრეკლავი ელემენტები წინა, გვერდითი ზედაპირებსა და ზედა ნაწილზე.პროდუქციის გაყიდვა ბელარუსში 18 აპრილიდან აიკრძალება. 

ბიზნესი 1713267485

ოტო მოტორსი
ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს.პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 7 მილიონ  ლარს შეადგენს.ოტო მოტორსი 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახდენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით არის წარმოდგენილი და სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო ნებისმიერ მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.აღნიშნული პროექტი წეროვანში, 9,000 კვ.მ მიწის ფართობზე, 8000 კვ.მ სასაწყობე სივრცის აშენებას და მოწყობას გულისხმობს, რომელიც სასაწყობო სივრცესა და სხვადასხვა პროდუქციის შოურუმს გააერთიანებს. ის ულტრათანამედროვე ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ამჟამად ოტო მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში 200-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ამ რიცხვის გაორმაგებას გეგმავს.„ოტო მოტორსი წლებია ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი კი დღეს უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვითარდეთ და ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ. ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, წეროვანში 9000 კვადრატულ მეტრზე სასაწყობე სივრცის აშენება უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულებას ვგეგმავთ. შენობა აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ინვენტარით და ის შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.  პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნესოპერაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, მიმდინარე წელს არაერთ სიახლე იგეგმება, მათ შორის, რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ უახლოეს მომავალში, ოტო მოტორსი  ერთ-ერთი ცნობილი სპეცტექნიკის მწარმოებელი ბრენდის წარმომადგენელი გახდება საქართველოში. მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება მომხმარებელთა ლოიალურობის მიმართულებითაც და ბაზარზე ახალ პროდუქტს წარვადგენთ, რომლის მიზანი  მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ავტომობილის მოვლა-შეკეთების ხარჯების დაზოგვა იქნება“, - განაცხადა თამუნა ბაქრაძემ, ოტო მოტორსის საოპერაციო დირექტორმა.„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და ახალ სასაწყობე სივრცეს აშენებს. ეს კომპანიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში,ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამატებით სამუშაო ადგილები იქმნება. კომპანია სამომავლოდ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას და ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით დააქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ 

ბიზნესი 1713266528

ფსკერზე დაძველებული ღვინო
რა ღირს ზღვის ფსკერზე დაძველებული ღვინო?

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო. აღნიშნულ პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა.როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა, ძირითადი პრობლემა მათთვის ტერიტორიის არქონაა და ეს პრობლემა ჯერ ისევ ვერ მოაგვარეს, რადგან ტურიზმის დეპარტამენტისგან ან ეკონომიკის სამინისტროსგან შესაბამისი რეაგირება, მათი ბევრი მცდელობის მიუხედავად, არ აქვთ.დავით ნიკოლეიშვილის თქმით, სამი ლოკაცია აქვს შერჩეული, რომელმაც უკვე უძლიერეს შტორმსაც კი გაუძლო, მაგრამ ფსკერზე ბევრი ბოთლის ჩატანას ვერ რისკავს, რადგან ზარალის ალბათობა დიდია. „ერთ-ერთმა კომპანიამ 5 000 ბოთლის დაძველება მთხოვა, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა, მაგრამ როდესაც ტერიტორია არ მაქვს და შესაბამისად, შემოსაზღვრულიც არ მაქვს ადგილი, ვერ გავრისკავ, რადგან ზარალის რისკი მაღალია“, - განაცხადა დავით ნიკოლეიშვილმა.„ამ ეტაპზე მარტო ვმუშაობთ ამ პროექტზე, ბოლო დროს „ხარება“ ჩაერთო, 140 ბოთლი გამომიყო დასაძველებლად. ასევე რუმინეთის საზღვაო ინსტიტუტმა შემომთავაზა მათთან გადასვლა ან ფრანშიზის მიყიდვა, რაც მე არ შემიძლია, რადგან ეს კიდევ სხვა წესებს მოითხოვს, ბიზნესი უნდა მქონდეს, გაყიდვები უნდა მქონდეს აქტიურად, რაც ჯერ მე არ მაქვს.რამდენიმე ბოთლი გავგზავნე რუსეთში, ყაზახეთში, ბრიტანეთში, საიდანაც დიდი დაინტერესება წამოვიდა, მაგრამ მე ამდენი ღვინო არ მაქვს, ჩემი ღვინო არ მაქვს, უნდა ავიღო კერძო მწარმოებლებისგან, ამასთან, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ღვინო კარგია, რადგან ყველანაირს იქ ვერ ჩავდებ“ - აცხადებს ნიკოლეიშვილი.რაც შეეხება ზღვის ფსკერზე დაძველებული ღვინის ფასს, პროექტის ავტორის თქმით, 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია, თუმცა ამ ეტაპზე გაყიდვების მხრივ დიდი შედეგები ჯერ არ აქვთ. დავით ნიკოლეიშვილის თქმით, აუქციონზე 1-ლიტრიანი „რქაწითელი“ 500 ლარადაც გაუყიდია. ინტერესს ძირითადად უცხოელები გამოხატავენ.„ხარებას“ ღვინოები, რომლებიც ჯერ ისევ ფსკერზეა და 1-წლიანი დაძველება ზაფხულში შეუსრულდებათ, დიდი ალბათობით, მათსავე მარნებსა და მაღაზიებში გაიყიდება“ - აცხადებს დავით ნიკოლეიშვილი.  

ბიზნესი 1713266123