• Ƀ/$

კარტოფილის კარგი მოსავალი და დაბალი ფასი მესხეთში

ექსკლუზივი
21 ნოემბერი 15:26, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

სამცხე-ჯავახეთში მეკარტოფილეებმა საშუალო ხარისხის და რაოდენობის მოსავალი მიიღეს. ფერმერები უკმაყოფილონი არ არიან. ახლა მთავარია რეალიზაცია კარგ ფასად მოახდინონ, რაც მესხი ფერმერების მთავარ გამოწვევად წელსაც რჩება.

დავით პაპიძე ახალციხის სოფელ ზემო სხვილისში ცხოვრობს. ფერმერმა ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე 20 ტონა კარტოფილი მიიღო. მოსავალი სარდაფში დააბინავა და ისეთ დროს უცდის, როცა მის ბოსტნეულზე ფასი მოიმატებს.


„5 მეასედი ნაკვეთის მორწყვა დამიჯდა 45 ლარი, როგორღა მომერწყო მეორედ? სასუქი და წამლობაც ხომ უნდა? ამ პირობებში კიდევ კარგი მოსავალი მოვიდა. ერთი დღე რომ დადგე ახალციხის ბაზარში, 30-35 ლარი უნდა გადაიხადო ქირა. ერთი კილო კარტოფილი კი 40-50 თეთრი ღირს. ვეღარ ვწვდებით ვერაფერს, გლეხს არავინ ეხმარება“, - ამბობს დავით პაპიძე.


ფერმერის მსგავსად, კარტოფილის მოსავლით თითქმის ყველა თანასოფლელი კმაყოფილია. ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო, ბოსტნეულის რეალიზაციით მიღებული თანხაა. სხვილისში ამბობენ, რომ კარტოფილის საბაზრო ფასი თვითღირებულებაზე დაბალია.


„წელს მარტო კარტოფილის მოსავალი იყო ნორმალური, მაგრამ რა ფასშიც არ უნდა გავყიდოთ, მხოლოდ თავის ხარჯს ფარავს“, – ამბობს ქვემო სხვილისში მცხოვრები გრიგორ ამბარიანი.


„ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. ახლა ერთი კილო კარტოფილის ფასი 50–60 თეთრია. უკეთესი ცხოვრებისთვის კარგი მოსავალი და ხელსაყრელი ფასია საჭირო“, – გვითხრა ჰამბარცუმ ჰამბარცუმიანმა.


„ყველაფერს ჩვენ ვყიდულობთ – სარწყავ წყალს, თესლს. სახელმწიფო არაფერში გვეხმარება. კარტოფილს ფასი არც შარშან ჰქონდა და არც წელს აქვს, ამიტომ შემოსავალი თითქმის არ მაქვს“, – აცხადებს ქვემო სხვილისელი პოღოს იგითბაშიანი.


მაყვალა ბეშქენაძე იმ მცირე ფერმერებს შორისაა, რომლებიც კარტოფილის მოსავლით უკმაყოფილონი არიან. სხვილისელი გლეხი ამბობს, რომ ამის მიზეზი მოურწყავი ნათესები და ბოლო ოთხი წლის მანძილზე გამოუცვლელი თესლია.


„ერთ კილო სათესლე მასალაში ლარს რომ გადაიხდი და მოსავალს 50 თეთრად გაყიდი, რაღა უნდა დაგრჩეს. ამასაც ვერ ვყიდი, არადა ქმარი ექიმთან მყავს წასაყვანი და ფული არ მაქვს. ჩვენი მარტო წვალებაა. გლეხი ვარ, მიწა მაქვს და უნდა დავამუშაო, თორემ ხეირი დიდი არაფერია“, - ამბობს მაყვალა ბეშქენაძე.


სოფლის მეუნრობის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში კარტოფილის ნათესებმა 16 000 ჰექტარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 20% –ით ნაკლებს შეადგენს. სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ წლევანდელმა მოსავალმა მათი მოლოდინი არ გაამართლა. კლიმატური პირობებისა და დაუმუშავებელი სათესლე მასალის გამო, ნათესებში უფრო მეტი დაავადება გაჩნდა. ნანა ზუბაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ნელ–ნელა გადის სუბსიდირებიდან.


„არ შეიძლება ფერმერი მუდმივად სუბსიდირებაზე იყოს დამოკიდებული. მართალია, დანახარჯი ბევრი აქვთ და ფასი არ აკმაყოფილებთ, მაგრამ სახელმწიფო რეალიზაციაში არ ერევა. თუმცა ფერმერებს ვეხმარებით მარკეტინგის წარმოებაში. ვაკავშირებთ შემსყიდველებს. ინფორმაციას ვაწვდით როგორ შეფუთონ, რომ უფრო ძვირად გაიყიდოს მათი პროდუქტი. პრობლემა, რაც ყველა მეკარტოფილე ფერმერს აწუხებს, სასაწყობე მეურნეობის სიმცირეა. რეგიონში სულ ორი სამაცივრეა“, – აცხადებს ნანა ზუბაშვილი.


კარტოფილის რეალიზაცია არასახარბიელოდ მიმდინარეობს – ამბობენ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები. პავლე გიქოშვილის თქმით, სექტემბრის დასაწყისში ბოსტნეულს კარგი ფასი ჰქონდა და მისი რეალიზაციაც კარგად მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ ფასი დაეცა.


“ყველა ფერმერი მოსავალს ინახავს ისეთ სარდაფებში, სადაც ტემპერატურას და ტენიანობას ვერ არეგულირებენ. ამიტომ კარტოფილი ზიანდება და ხარისხი იკლებს. ასეთი ბოსტნეული კიდევ უფრო დაბალ ფასად იყიდება. მეკარტოფილე გლეხი ვერ ანაზღაურებს იმ ხარჯებს, რაც მან ვეგეტაციის პერიოდში გაწია. ამიტომ კილოგრამის გაყიდვა 55–60 თეთრად, მისთვის მიუღებელია. სახელმწიფო ფერმერს ყოველთვის ვერ დაეხმარება, რადგან დიდი საქმეა გასაკეთებელი. ხელისუფლება ზოგიერთ სოფელში კი მუშაობს, მაგრამ შედეგი ნაკლებია. ფერმერებმა პრობლემების ნაწილი, კოოპერატივების შექმნით თავად უნდა გადაწყვიტონ“, – ამბობს სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომელი.


მესხი ფერმერები მოსავალს ვერ ყიდიან მაშინ, როცა საქართველოში წარმოებული კარტოფილი ქვეყნის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. სოფლის მეურნეობის სპეციალისტების თქმით, მიზეზი თვითღირებულებაა. საქართველოში ბოსტნეულის მოყვანა ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე იმ ქვეყნებში, საიდანაც კარტოფილის იმპორტი ხდება.


რეგიონში სასაწყობე მეურნეობები არ არსებობს, მოსავლის რეალიზაცია კი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო იძულებული არიან, მხოლოდ იმდენი მოსავალი მოიყვანონ, რამდენის გაყიდვასაც მოკლე დროში შეძლებენ.


სხვა სიახლეები