• Ƀ/$

ანტიბიოტიკი – „რკინის ფარდა“ ქართულ თაფლსა და ევროპის ბაზარს შორის

ექსკლუზივი
14 დეკემბერი 17:52, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მესხური მეფუტკრეობის კოოპერატივი „კოდი“ ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. გაერთიანება, რომელიც 11-მა მეფუტკრემ დააარსა, ალპურ თაფლს აწარმოებს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ კოოპერატივის ნაწარმი ბიზნეს დაჯილდოვება 2018-ზე, „წლის საუკეთესო პროდუქტის“ ნომინაციაზე წარადგინა. „კოდი“ საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოფენებსა თუ ფესტივალებში იღებს მონაწილეობას.


მესხ ფერმერებს საექსპორტო შემოთავაზებები ჰქონდათ, თუმცა ჯერ ქართული ბაზრის ათვისებას და ხარისხის კიდევ უფრო დახვეწას ცდილობენ. კოოპერატივის წარმომადგენელი გიორგი მერაბიშვილი ამბობს, რომ მათი თაფლის ნიმუში გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნეს და შედეგიც დამაკმაყოფილებელია. კოოპერატივი ფუტკრის ნაწარმის გატანას ევროპის ბაზარზე ორ წელიწადში დაიწყებს.


მანამდე გიორგი მერაბიშვილს მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება მოუწევს. კვლევებმა აჩვენა, რომ მისი თაფლი ანტიბიოტიკებს შეიცავს. ფერმერს ფუტკრისთვის ეს მედიკამენტი არასდროს მიუცია, მერაბიშვილი ეჭვობს, რომ ანტიბიოტიკს მის მიერ ნაყიდი ცვილის ფირფიტები შეიცავს.


„ერთი ოჯახისთვის საჭირო ცვილი 4-5 ევრო ღირს. მე მინიმუმ 3 ათასი მჭირდება, რაც ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, ვერ ვიყიდი“, - წუხს მეფუტკრე. მისი თქმით, მიზეზი ფერმერების პრევენციული ღონისძიებებია.


„2018 წლის მონაცემებით, გაზრდილია ანტიბიოტიკიანი თაფლის რაოდენობა. მიზეზი ის არის, რომ 90-იანი წლებიდან გაჩნდა ფუტკრის დაავადება, რომელსაც ამერიკული და ევროპული სიდამპლე ჰქვია. მას შემდეგ ფერმერები პროფილაქტიკის მიზნით, ფუტკრის ოჯახი რომ არ დაავადდეს, ანტიბიოტიკს აძლევენ. წლების წინ გამოყენებული მედიკამენტები ფიჭაში რჩება და თაფლს ყოველ წელს აბინძურებს. ამის გამოა, რომ ამდენი წლის შემდეგ თაფლში ანტიბიოტიკების პრობლემა ვერ გადაიჭრა“, - ამბობს მეფუტკრე.  


გიორგი მერაბიშვილის მსგავსად, ანტიბიოტიკი არასდროს გამოუყენებია სოფლის მეურნეობის სპეციალისტს, რომელსაც ათეულობით ფუტკრის ოჯახი ჰყავს. ზურაბ ჩილინგარაშვილი 20 წელზე მეტია, რაც სოფლის მეურნეობის ამ დარგით არის დაკავებული. ახალგაზრდა ფერმერს თაფლი ლაბორატორიულად არ შეუმოწმებია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ანტიბიოტიკი მის პროდუქტშიც აღმოჩნდეს.


„ეს პრობლემა არა მარტო მეფუტკრეობაში, არამედ მესაქონლეობასა და მემცენარეობაშიც არსებობს. საჭიროა თუ არა, ფერმერი თავის დაზღვევის მიზნით ანტიბიოტიკს იყენებს. ამერიკული და ევროპული სიდამპლე მართლაც დიდი პრობლემაა. მაგრამ ზოგ ქვეყანაში მკურნალობა აკრძალულია. დაავადებულ ფუტკარს ანადგურებენ, რათა ანტიბიოტიკი არ გამოიყენონ. მიჩნეულია, რომ ჯობია დაწვან, ვიდრე უმკურნალონ. ჩვენთან კი მედიკამენტებს საჭიროების გარეშეც იყენებენ“, - გვეუბნება ზურაბ სადათიერაშვილი.  


სპეციალისტები გვიხსნიან, რატომ არის პრობლემა, როცა თაფლი ანტიბიოტიკებს შეიცავს. თუ ადამიანი მოიხმარს ანტიბიოტიკიან თაფლს, დაავადების გამომწვევი ბაქტერიები ამ მედიკამენტის მიმართ მდგრადები ხდებიან.  ამიტომ თუ ამ პირს მომავალში ანტიბიოტიკოთერაპია დასჭირდა, მკურნალობა არაეფექტური იქნება.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [WHO], 2018 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობამ მთელს მსოფლიოში სახიფათოდ მაღალ დონეს მიაღწია.


ქართული თაფლი ევროპის ქვეყნის დახლებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ ფერმერები ანტიბიოტიკების გამოყენებაზე უარს იტყვიან.


ამ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ფერმერების მიერ ჩატარებულ თაფლის ლაბორატორიულ კვლევებში, უმეტეს შემთხვევაში, ევროკავშირში აკრძალული ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში ამბობენ, რომ ქვეყანაში ანტიბიოტიკების გამოყენების კონტროლი არ ხდება. სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სასწრაფოდ მექანიზმი უნდა შემუშავდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ევროპის ბაზარზე თაფლის მასობრივად გატანა.


„საქართველოში ჯერჯერობით, თაფლში მხოლოდ რამდენიმე კომპონენტის შემოწმება ხდება. სრულყოფილი კვლევა რომ მოხდეს, ამას გაცილებით მეტი აღჭურვილობა სჭირდება“, - აცხადებს ნანა ზუბაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი.  


ქართულ თაფლში ანტიბიოტიკი ძირითადად, შესაწამლი საშუალებებიდან ხვდება. მთავარი პრობლემა პრეპარატების უკონტროლო გამოყენებაა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ არის ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატებიც, რომელიც გაცილებით ძვირია და მეფუტკრეები ამის გამო იშვიათად იყენებენ.


ანტიბიოტიკებით გაჯერებული თაფლი ევროპის ბაზარზე რომ ვერ მოხვდება, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 6 ნოემბერს მიიღო ორი დადგენილება. ერთით იკრძალება სურსათში, მათ შორის თაფლში ისეთი ნივთიერებების შემცველობა, რომლებიც მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მეორე დადგენილებით ისეთი ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია და რეალიზაცია იზღუდება, რომლებიც აკრძალულ ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ. ასეთი პრეპარატების შემოტანა საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან იკრძალება.


სხვა სიახლეები