• Ƀ/$

საკანონმდებლო ცვლილებებმა სადაზღვევო კომპანიები რეკორდულ მოგებაზე გაიყვანა

12 აპრილი 10:14 | ეკონომიკა

საქართველოს სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება 2018 წელს რეკორდული მაჩვენებლით, 107%-ით არის გაზრდილი.

ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.


აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, საანალიზო პერიოდში კომპანიების წმინდა მოგება 42,19 მლნ ლარი, 2017 წელს კი 20,34 მლნ ლარი იყო.


ამასთან, 2018 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან  542,2 მლნ ლარი შეადგინა. 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 441,4 მლნ ლარი იყო.


2018 წელს სადაზღვევო კომპანიების აქტივები 743,22 მლნ ლარს, ხოლო კაპიტალი 221,64 მლნ ლარს შეადგენდა. წინა წელს კომპანიების აქტივები - 580,22 მლნ ლარი, კაპიტალი კი 154,25 მლნ.


რა ფაქტორებმა იქონია გავლენა სადაზღვეო კომპანიების მოგების მაქსიმალურ ზრდაზე და როგორია უახლოესი რამდენიმე წლის პროგნოზი? ამ თემებზე M2B საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დავით ონოფრიშვილს ესაუბრა.


მისი განმარტებით, საქართველოში დაზღვევის სფეროს პოტენციალი დიდია და ჯერ საკმარისად განვითარებული არ არის. თუმცა, მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეგულაციების ამოქმედებამ და პოზიტიურმა ბიზნეს გარემომ სექტორში მოქმედი კომპანიების წარმატებას შეუწყო ხელი. იგი ადასტურებს, რომ სადაზღვეო კომპანიების არსებობის ისტორიაში, წმინდა მოგების ყველაზე დიდი მაჩვენებელი (42,19 მლნ ლარი ) სწორედ გასულ წელს დაფიქსირდა. დაახლოებით იმავე სიდიდის მონაცემი კი 2014 წელს (40,3 მლნ ლარი) იყო.


„სადაზღვეო სექტორში წმინდა მოგების მნიშვნელოვნად ზრდა 2018 წლის დასაწყისში ამოქმედებულმა „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხოეთში რეგისტრირებული ავტომობილების მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონმა განაპირობა. გარდა ამისა, ზრდა შეიმჩნეოდა სხვა ტიპის დაზღვევების მიმართულებებითაც, თუმცა, მცირე ოდენობით“, - უთხრა M2B-ს დავით ონოფრიშვილმა


რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა ველოდეთ მომავალში, დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იქნება ასევე კანონი საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების მფლობებელის პასუხისმგებლობების შესახებაც და ის, როგორც კომპანიებისთვის, ისე საზოგადოებისთვის, მრავალი ფაქტორით იქნება დადებითი.


თუმცა, იმის შეფასება, თუ რა გავლენას იქონიებს ის სადაზრვეო კომპანიების წმინდა მოგების ზრდაზე, კანონის ძალაში შესვლიდან 1 წლის შემდეგ გახდება შესაძლებებლი.


„ვიცით, რომ იგეგმება ასევე უკვე საქართველოში რეგისტრირებული მანქანების მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის ამოქმედება, რაც სექტორისთვის დამათებითი სტიმული იქნება. თუმცა, ჯერ-ჯერობით დეტალები უცნობია, მაგალითად, რამდენი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნება დაზღვეული და ა.შ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ პირველი 2 წელი სადაზღვეო კომპანიებს ამ მიმართულებით მოგება-ზარალის ზღვარზე მოუწევთ მუშაობა. კონკრეტული შეფასებების გაკეთება კი კანონის ამოქმედებიდან 1 წლის თავზე შეგვეძლება“, - აცხადებს M2B-სთან საუბარში დავით ონოფრიშვილი. 


ცნობილია, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტი დამუშავების პროცესშია და 2019 წლის 1–ლი ივლისიდან ამოქმედდება.


2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. 16 მათგანი ორივე სახის, სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო 1 მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობს.


სხვა სიახლეები