• Ƀ/$

რას ასახავს საარსებო მინიმუმი - სიღარიბის ზღვარს თუ ცხოვრების დონეს?

15 აპრილი 16:58 | ეკონომიკა

2019 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით, იანვრის შემდეგ კი ჯამში 2,6 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა თებერვალში ეს მაჩვენებელი 179.1 ლარი, ხოლო იანვარში 178,6 ლარი იყო.


2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4.3 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის მარტში ეს მონაცემი 176.9 ლარს შეადგენდა. 2019 წლის ამავე თვის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 160,5 ლარი,  ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 304 ლარია. 


რა შედის საარსებო მინიმუმის განსაზღვრებაში და რამდენად ადეკვატურია საქსტატის მიერ გამოანგარიშებული მაჩვენებლები?  ამ კითხვებით M2B-მ სტატისტიკოსს ნოდარ კაპანაძეს მიმართა.


მისი განმარტებით, საარესებო მინიმუმის დათვლისას საქსტატი მსოფლიოში აპრობირებული და მიღებული მეთოდით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე ფასებში აღრიცხულ მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულებას მინიმალური სოციალური სტანდარტების შესაბამისად დათვლილი არასასურსათო ხარჯები ემატება. აღნიშნულ მაჩვენებელში პროდუქტის წილი 65%, ხოლო არასასურსათო ნაწილის ოდენობა 35%-ია.


„გამომდინარე იქიდან, რომ გაზაფხულზე სურსათზე ფასების სეზონური მატება ჩვეულებრივი მოვლენაა, საარსებო მინიმუმის ზდრაც სეზონურობიდან არის გამოწვეული და ამიტომ იანვრის შემდეგ 2,6 ლარით მომატება არ არის ცოტა. უნდა ითქვას, რომ სასურსათო კალათა, რომლის მიხედვითაც საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი ითვლება, არ არის მაღალკალორიული პროდუქტებისგან შედგენილი. ეს ისეთი საკითხია, რაც შეთანხმების საგანია, თუ რა პროდუქტი რა ოდენობით უნდა შედიოდეს ამ ჩამონათვალში“, - უთხრა M2B-ს ნოდარ კაპანაძემ.


რაც შეეხება იმას, თუ რას გამოხატავს საარსებო მინიმუმი როგორც მაჩვენებელი, სტატისტიკოსი განმარტავს, რომ ეს არის განსაზღვრების საკითხი, რას გინდა რომ გამოხატავდეს, სოციალურ ორიენტირს თუ სიღარიბის ზღვარს, თუ ორივეს ერთად.


„თუ საარსებო მინიმუმი ორივეს უნდა ასახავდეს, როგორც სოციალურ ორიენტირს, ისე სიღარიბის ზღვარს, მაშინ ის მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოში გამოიყენება, ადეკვატურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დროს ითვლება საჭიროებების მხოლოდ მინიმალური ზღვარი და არა კეთილდღეობისთვის აუცილებელი მონაცემები. თუ გინდა, რომ ეს როგორც სიღარიბის ზღვარი ისე გამოიყენო, მაშინ ფაქტიური მოხმარების დონე უნდა დათვალო, ხოლო თუ საარსებო მინიმუმი გვინდა წარმოვადგინოთ როგორც ცხოვრების დონის მაჩვენებელი, მაშინ მის სასურსათო კალათას სხვა შემადგნელობა უნდა ჰქონდეს და სხვა მეთოდოლოგიით უნდა იყოს დათვლილი“, - აღნიშნა ნოდარ კაპანაძემ.


საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან და მის ოდენობას ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. დღეს მოქმედი მეთოდოლოგიით საარსებო მინიმუმს საქსტატი სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით ითვლის, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა.


საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება, დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება:


·      პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი);


·      ლობიო - თვეში 600 გრამი;


·      ბრინჯი - თვეში 300 გრამი;


·      მაკარონი - თვეში 450 გრამი;


·      ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი;


·      ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი;


·      ძეხვი - თვეში 300 გრამი;


·      კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი;


·      კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი;


·      მაწონი - თვეში 750 გრამი და სხვ...


სხვა სიახლეები