• Ƀ/$

ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაცია დაიწყო

25 აპრილი 15:36, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, არსებული მეტროს 50-ე შახტის რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გალაქტიონ ბუაძესთან ერთად იმყოფებოდა. 

კახა კალაძის განცხადებით, შახტი იქვე არსებულ გზაგამყოფ ზოლში გადავა და მოწესრიგდება, ძველი შახტის ადგილზე კი საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.  


„გზის სავალ ნაწილზე შახტის არსებობა სერიოზული პრობლემა იყო, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ამ გზით სარგებლობს. დაახლოებით, 20-25 წელია, აღნიშნული ტერიტორია ამ მდგომარეობაშია. გვინდა, მეტროს შახტი მოვაწესრიგოთ და საავტომობილო გზა გაიხსნას, რათა მძღოლებმა შეუფერხებლად იმოძრაონ. გარდა ამისა, ამ ადგილზე შახტის არსებობა ფეხითმოსიარულეთათვისაც პრობლემას წარმოადგენს.  პრობლემას დაახლოებით, სამ თვეში მოვაგვარებთ. შახტს გადაიტანენ აქვე, გზაგამყოფ ზოლში, რომ მოძრაობას ხელი არ შეეშალოს. ამის შემდეგ გამყოფი ზოლი გამწვანდება, სავალი გზა კი ყველანაირად მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  


ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, შახტის გადატანით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.   


„სავენტილაციო შახტი დაახლოებით, შვიდი მეტრი დიამეტრისა და 36 მეტრი სიღრმისაა. მისი მეშვეობით გვირაბების ვენტილაცია-განიავება ხდება. შახტი იმ ადგილზეა განთავსებული, სადაც გზა უნდა გადიოდეს. შახტი გამწვანების თარგის ტერიტორიაზე გადავა და იგი ფუნქციონირებას სრულად განაგრძობს. აღნიშნულის შედეგად შევძლებთ, ტერიტორიაზე მოძრაობა აღვადგინოთ, სადაც ათწლეულების განმავლობაში, მოსახლეობას დაბრკოლების გამო, შემოვლა უწევდა“, - განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.  


ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის მოცემული შახტის გზაგამყოფ ზოლში გადატანა და გადახურვაა საჭირო, რათა მან ფუნქცია არ დაკარგოს. სამუშაოები ასევე, მოცემულ ობიექტზე არსებული უფუნქციო შენობა-ნაგებობებისა და ლითონის ღობის დემონტაჟს გულისხმობს.


პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის არსებულ საფარს, მოეწყობა ტროტუარები ახალი ბორდიურით, ლითონის მოაჯირები, ლითონის ცხაურები ხეებისთვის და სანიაღვრე სისტემა.


სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ შეასრულებს, 1 084 675 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი თვე გაგრძელდება.  


მსგავს თემაზე:

ჩინეთის 35 ქალაქში მეტროპოლიტენი ფუქნციონირებს, კიდევ 11-ში 2023 წლამდე გაიხსნება


თბილისის მეტროს კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატა


თბილისის მეტროში 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი გამოიცვლება



სხვა სიახლეები