• Ƀ/$

რომელ მსახიობს შეხვდებით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

15 მაისი 13:00 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თუკი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ფულს აგროვებთ და არ იცით, ვის გაუზიაროთ ახალი წიგნების ყიდვით მოგვრილი სიხარული, წიგნის ფესტივალი საშუალებას გაძლევთ, საყვარელ ლიტერატურაზე ცნობილ მსახიობებს გაესაუბროთ.

ეს ყველაფერი კი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მოხდება, რომელიც 30 მაისს ტრადიციულად ექსპო-ჯორჯიაში აიღებს სტარტს და 2 ივნისის ჩათვლით წიგნის ჭიებს და არა მარტო, ნამდვილ დღესასწაულს მოუწყობს უამრავი საინტერესო შეხვედრით, პროექტითა თუ სპიკერით.


 


თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი კარგა ხანია, გაცდა მხოლოდ წიგნის ფასდაკლებით ყიდვის შესაძლებლობას. ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, სხვადასხვა საინტერესო ადამიანთან, დისკუსიები, ტრადიციული საპატიო სტუმრებით და სხვა - სწორედ ეს ელის წიგნის ნებისმიერ მოყვარულს ფესტივალზე.


 


ცნობილი მსახიობების წიგნის მოყვარულებთან შეხვედრაც წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. თეატრისა და კინოს ვარსკვლავები მკითხველს მათთვის საინტერესო წიგნების შესახებ მოუყვებიან.


 


ნანი ჩიქვინიძე, მარინა ჯანაშია, მერაბ ნინიძე, ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე, ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი, გიორგი ბახუტაშვილი და სხვები მკითხველებს პროექტისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში უმასპინძლებენ და მათთან ერთად განიხილავენ ფესტივალზე წარმოდგენილ მათთვის საინტერესო წიგნებს. საყვარელ წიგნებს მსახიობები თავად შეარჩევენ. 


 


იდეის ავტორი მსახიობი ნინო კასრაძეა, რომელსაც მიაჩნია, რომ თეატრი და კინო მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ლიტერატურასთან. “ამ ორ სამყაროს ბევრი რამ აქვს საერთო და მათი განვითარება მუდმივად ურთიერთდამოკიდებული უნდა იყოს”, - აღნიშნავს ნინო.


 


ყველაფერი კი 2018 წელს დაიწყო. იმის გამო, რომ 2018 წელი წიგნის ფესტივალისთვის საიუბილეო თარიღი, 20 წლისთავი იყო, ფესტივალის ორგანიზატორმა - საქართველოს გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ამ თარიღის განსაკუთრებულად აღნიშვნა გადაწყვიტა.


 


საინტერესო იდეა სწრაფად იქცა წარმატებულ პროექტად. ასოციაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ, მაკა კასრაძემ და მისმა დამ, მსახიობმა ნინო კასრაძემ მალევე შეკრიბეს ლიტერატურის მოყვარული მსახიობების გუნდი. პროექტის მიზანი, წიგნის ფესტივალი გამხდარიყო კიდევ უფრო საინტერესო და მასშტაბური, მოეზიდათ კიდევ უფრო მეტი დამთვალიერებელი, გამართლდა. და როდესაც 2018 წელს ფრანკფურტის საერთაშორისო  წიგნის ბაზრობაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ნინოს თაოსნობით, მსახიობებმაც აღნიშნეს, შეუერთდნენ თბილისის წიგნის ფესტივალს და კვალიც დატოვეს ამ დღეების განმავლობაში.


 


საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ ბერიაშვილის აზრით, პროექტი “მსახიობები ლიტერატურისთვის” ფესტივალის პროგრამას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. “ეს არის ხელოვნების ორი სფეროს კომბინაციისა და ურთიერთთანამშრომლობის საინტერესო პრეცედენტი”, - აღნიშნავს თინათინ ბერიაშვილი. “გასული წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, თუ როგორი მნიშვნელოვანია მსახიობების აქტიურობა წიგნისა და ლიტერატურის თვალსაზრისით და, ზოგადად, საგამომცემლო სექტორის განვითარებისთვის”, ამბობს ბერიაშვილი.


 


წიგნის ფესტივალზე მსახიობების პრეზენტაციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. ლიტერატურის, თეატრისა და კინოს მოყვარულებს კი ისღა დარჩენიათ, დაელოდონ დეტალურ პროგრამას, რომელიც სულ მალე გამოქვეყნდება.




სხვა სიახლეები