• Ƀ/$

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

22 მაისი 18:21 | ეკონომიკა

ქვეშეთი-კობის გზაზე, 9 კმ-იანი  გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, დაინტერესებული კომპანიების წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება, სულ 7-მა კომპანიამ წარმოადგინა.

შემდეგ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, შეფასდება წარმოდგენილი წინადადებები და ყველაზე დაბალი ფასის მქონე კვალიფიციური კომპანია გამოვლინდება გამარჯვებულად.


ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15  მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.


ქვეშეთი-კობი საერთაშორისო გზა, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში დაგეგმილია 22.7 კმიანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. 9 კმ-იანი გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. ქვეშეთი - კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად.


არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა.


ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.  სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.


ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-მდე შემცირდება. 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.


ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი  და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.


ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა და აღნიშნული ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა.


რაც შეეხება ქვეშეთი-კობის მე-2 ლოტს, 12.7 კმ-იანი გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის, ხელშეკრულება ახლო მომავალში გაფორმდება.


მსგავს თემაზე:

ცერნის ბირთვული ამაჩქარებლის 27 კმ-იან გვირაბს 100 კმ-იანით ჩაანაცვლებენ


ესტონეთი და ფინეთი შესაძლოა ერთმანეთს 100 კმ-იანი წყალქვეშა გვირაბით დაუკავშირდნენ


გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება



სხვა სიახლეები