• Ƀ/$

აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე პირებს სეტყვისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

23 მაისი 11:51 | ეკონომიკა

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. ამ ეტაპზე, შესულია 1200-ზე მეტი შეტყობინება.

ზარალის შეფასების პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი“ წარმომადგენლები დაზარალებულ სოფლებში გაეცნენ. როგორც  სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა: „აგროდაზღვევის პროექტი ცალსახად ეფექტიანი ინსტრუმენტია სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ზარალის თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ფერმერებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად შეამცირონ ის რისკები, რაც აგრარულ დარგში საქმიანობას ახლავს თან“.


მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ა. აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.


2019 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში გაცემულია 6737 პოლისი; პროექტში ჩართულია 3582 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 3.56 მლნ ლარი შეადგინა. დაზღვეულია 6982 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 72 მლნ ლარია.


მსგავს თემაზე:

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება, ფასები და პირობები



სხვა სიახლეები