• Ƀ/$

SKY UP AIRLINES ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს 4 ივნისიდან დაიწყებს

28 მაისი 14:38 | ეკონომიკა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 4 ივნისიდან ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს.

პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800-ით შესრულდება.


ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო Holiday Inn-ში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და ავიაკომპანია SKY UP-ის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ხაინადსკიმ მიიღეს.


"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ოპერირების დაწყება სრულ თანხვედრაშია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად ქცევა ჰქვია.


"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის. 4 ივნისიდან უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ხარკოვისა და ოდესის მიმართულებით იწყებს ავიარეისებს, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან, რომ ქუთაისი ვაქციოთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შეთავაზების ცენტრად, არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის და უცხოელებისათვის, არამედ რეგიონის პოტენციალისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ საქართველოში და კონკრეტულად ქუთაისში ოპერირების დაწყებით", აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.


სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით  2019 წლისთვის საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რაოდენობა 6 მლნ მგზავრს მიაღწევს.


ავიაკომპანია SKY UP გენერალური დირექტორი ევგენი ხაინადსკის განცხადებით, ქუთაისის მიმართულება პერსექტიულ ჭრილში განიხილება და დღევანდელი მონაცემებით, ბათუმისგან განსხვავებით, ქუთაისის მიმართულებით ფრენები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. 


უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.     


 


მსგავს თემაზე:

I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა


სტამბოლის ახალი აეროპორტი საწვავით, საქართველოს გავლით მომარაგდება



სხვა სიახლეები